ტექსტი

მე ისევ მოვალ

მაჭავარიანი მუხრან

6959 ნახვა · დღეს 22

სულ რამდენიმე,
ორი თუ სამი,
იმედად ჩემდა, არსებობს სახლი, _
სადაც მე ძალმიძს, _
ყოველ დროს ძალმიძს _
მოულოდნელად დავრეკო ზარი.

ერთ-ერთი მათგან
სახლია შენი,
რომელიც მელის, _
ყოველ დროს მელის.

და, ერთხელ, როცა,
და, ერთხელ, როცა
ეგ სახლი შეწყვეტს ჩემდამი ლოდინს, _
მე ისევ მოვალ,
კვლავ შენთან მოვალ, _
მხარზე ჩემივე საფლავის ლოდით.…

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე