ტექსტი

ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

ჯავახაძე ვახტანგ
რეკავს, რეკავს ტარიელის მობილური რეკავს,
რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს.
უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი,
სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები.
სმენად მხეცნიც მოვიდიან - ამა ზარის ზართა,
შავი ცხენიც გაკვირდა და გა-ცა-უმეცარდა.
რეკავს, რეკავს, ტყენი დგანან, რეკავს, მთანი სხედან,
იგი სტირს და არა ესმის, ჩაჰღვრის ცრემლთა ცხელთა.
სოფლის გაღმა გააბიჯა - უცხო მდინარესთან...
- ცოტა გვიან გადმორეკეთ, ქალბატონო ნესტან!