როსტიაშვილი ნათია
გაზიარება

ძმები 

დედამ საგულდაგულოდ შემოუკეცა საბანი კარლოს და დანიელს. ორივეს შუბლზე აკოცა. ,,რა იყო ჩემი სიცოცხლე მათ გარეშე?”
ოთახში ორი საწოლი დგას. ერთში ძმებს სძინავთ, მეორეში _ დედას.
,,გავთხრი და გავთხრი. მიწის გულამდე ჩავალ. _ მეშახტეობაზე ოცნებობს ძილ-ბურანში წასული კარლო. _ ნათურიანი ქუდიც მექნება. როცა დედა მომაკითხავს, გვირაბს ამ ქუდით გავუნათებ.”
დანიელს ნაღებისფერ ღრუბლებში ჩაფლული თვითმფრინავი ესიზმრება. მისი საყვარელი სიზმარია. მფრინავობა სურს. ძალიან უნდა, ყოველთვის, როცა დედა საოჯახო საქმეებისგან დაიღლება, თვითმფრინავით ცაში გაასეირნოს ხოლმე.
დედასაც აქვს ერთი ოცნება: ,,ნეტავ ჩემს ბიჭებს ცალ-ცალკე საწოლებში ეძინოთ...”
ფანჯრიდან მქრქალი სინათლე შომოდის, მთვარისფრად ანათებს მაგიდაზე გადაშლილ გაზეთის ძველისძველ ნომერს: ,,ჩვენს ქალაქში სიამის ტყუპები დაიბადნენ. ახალშობილებს კარლო და დანიელი დაარქვეს...”

??????