როსტიაშვილი ნათია
გაზიარება

ნუკრიების სახლი 

ქალის სანახავად მიმავალმა ნუკრიმ, გზაში, ერთი ამბავი ატეხა: როგორ თუ სახელი დამიმალეთო!
ღონიერ მუშტებს იქნევს, ძლივს აკავებენ.
- გამამასხარავოთ გინდათ და თავი მომჭრათ სოფელ-ქვეყანაში?! - არ ცხრება.
- რა უჭირს შე კაი კაცო, ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო, თქმულა. შენც - ნუკრი, ისიც - ნუკრი... - ამშვიდებენ.
ქალიც ღონიერი და ფერ-ხორციანი გამოდგა. თვალში მოუვიდა სასიძოს.
ორი ვაჟი ეყოლათ ნუკრის და ნუკრის. ისინიც დევებივით მხარ-ბეჭიანები. ერთ ვაჟს გოგო შეეძინა, მეორეს - ბიჭი.
- გოგოს და ბიჭს ერთი სახელი გქვიათო, მეზობლის პატარა ბიჭმა დასცინა ბიძაშვილებს.
- არაფერიც! - შუბლი შეიკრა თავის ასაკისთვის ზედმეტად ზორბა ბიჭმა. - მე პაპას სახელი მქვია, ამას - ბებოსი.
- ნუკრიიიი!.. - როგორც კი ჭიშკართან დაიძახებენ, ფანჯრებიანი მხარისკენ ოდნავ შესამჩნევად იზნიქება ნუკრიების სახლი.

??????