როსტიაშვილი ნათია
გაზიარება

შოკა დაიშოკა 

სატელეფონო გამოკითხვა ხუთი საათისთვის დასრულდა. შოკას რვაზე ვხვდები. წვერის გაპარსვა, ფულის შოვნა და საჩუქრის ყიდვა უნდა მოვასწრო.
ახალგაცნობილი ქალი რომ საკუთარი დაბადების დღის შენთან ერთად აღნიშვნაზე დაგთანხმდება, ცოტას არ ნიშნავს...
ბედია, რაა... დღეს საჩუქრების მაღაზიამ დაგვიკვეთა გამოკითხვა. ასე რომ არ დამთხვეოდა, კი ვერ მოვიფიქრებდი, ტყუილად დამერეკა შოკასთვის: `გამოკითხვის ცენტრიდან გაწუხებთ... რა არის თქვენი საოცნებო საჩუქარი?~ ძაან არ მიხვდებოდა, გამოკითხვის ცენტრიდან რეკავენ თუ თონედან?.. თან არც იცის, მისი სახლის ტელეფონის ნომერი რომ გავიგე. გამორიცხულია, ჩემზე იეჭვოს...
გამოკითხულებმა ერთფეროვანი პასუხები გაგვცეს. შოკა ყველასგან გამორჩეულია. მან თქვა არა `აიფონი~, `აიპოდი~ ან `ჯიპი~, არამედ:
_ თახვის ნატურალური ბეწვის ჟილეტი.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამომადგა ჩემი სამსახური. ჩემით რა მომაფიქრებინებდა აგვისტოს პაპანაქებაში ბეწვეულს?!.
ედიკას დავურეკე, ბეწვეულით ვაჭრობს ეგ, სეზონზე. შემორჩენილი გექნება-მეთქი.
`ნატურალნი~ თახვზე `სროკია~, ძმაო, `პოლუნატურალნიზე~, ბაზარი არაა, გამოდიო.
მივედი. კმაყოფილი შემომეგება და უკმაყოფილო დამემშვიდობა _ ნისიად წამოვიღე...
ადგილზე ვცმუკავ, რომ წარმოვიდგენ, რა სასიამოვნოდ გააოგნებს ჩემი საჩუქარი. და-ი-შო-კე-ბა!

***
_ შეფუთვით თუ ვიმსჯელებთ, კარგი საჩუქარი უნდა იყოს...
შოკამ ლენტებიან ბაფთას თითის წვერი ისე ნაზად გადაუსვ-გადმოუსვა, დამბურძგლა.
_ სხვათა შორის, დღეს გამოკითხვაში მივიღე მონაწილეობა: `საოცნებოსაჩუქარი~. ვუთხარი, რომ ბეწვზე ვგიჟდები.
_ მართლა? _ ავცქმუტდი. დაიშოკება. და-ი-შო-კე-ბა!
_ რას ამბობ! ალერგია მაქვს ყველანაირ ბეწვზე. იმ ქაჯმა, მგონი, დაიჯერა, რომ შუა ზაფხულში, რატომღაც, ბეწვზე ვოცნებობ! _ გადაიკისკისა, _ რა მიყიდე? სახლამდე რა მოითმენს, ახლავე უნდა გავხსნა...

***
შოკა და-ი-შო-კა!!!

??????