ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ღვინა ექსკლიუზივი

  -ღვინა, ჰაი, ღვინაო, - დაუძახებდნენ ხოლმე ჭიშკრიდან მუხლამდე ნაფოტებსა და ბურბუშელაში ჩაფლულ ღვინას მეზობლები. სოფელში ზოგს უკვირდა - რა ღვინა კაცო, ეს სახელი ვინღა დაუძახა, ღვინა რა კამეჩიაო?! -ჰეე, კამეჩიცა ვარ და ჯორიცაო, შესცინებდათ ხოლმე ღვინა მეზობლებს. აი, თუ არაო, მერე დაეძგერებოდა საჩეხში მიდგმულ კოდს, მოიგდებდა ზურგზე და ძუნძულით ერთ წრეს დაარტყამდა ეზოს. ატყდებოდა ხოლმე იქვე მდგარი ქალ-ცოლის წიოკი და ვიშვიში : - რათ იწყვეტამ გულ-მუცელს, რათ იჩენს წელკავს შვილო, გენაცვალეო. ღვინას გიორგი ერქვა, მაგრამ თუ დაეწაფებოდა გამოცლამდე აღარ მოხსნიდა ხოლმე ტუჩს ხუთჩარექა თასს ხარივით და ამიტომაც შეარქვეს ღვინა- ღვინიხვრეპია. დადიოდა მერე გაბურანებული, დანისულული, დაქუშული. თავის დარდის ჭიას კი ათრობდა და თვითონ კი ვერა თვრებოდა მაინც. 
    მის ბავშვობაში სოფელში ფშაველ მხვეწელებს ჩამოუვლიათ. ისინი თურმე შემოდგომით ჩამოდიოდნენ ბარში და ტყეებში ჭრიდნენ თხილის ხეებს, მერე ხან ჩულუხით, ხან სატეხით, ხან ხვედათი, ხან ხერხითა და ცულით თხრიდნენ კოდებს. ზოგი მოზრდილი თხილის ხისგან საწნახელსაც ამზადებდა, ვარცლს, შიბაქს, ჯამს, კოვზსა და ათას რამეს. ერთი ფშაველი მხვეწელი, რომელიც ღვინას მამასთან დაძმობილებულა, დანათლიმამებულა, მას შეუსწავლებია ღვინასთვის ხელობა. ღვინას მამა დიდი პურის უფალი კაცი იყოო, დიდი პურისმტე. ღვინა კი ჭკვიანი და დამჯერი ყმაწვილი. მერეც სულ თავჩახრილი და სულ შრომაში, მაგრამ რაც მოულოდნელად ერთი მზეწვია, ხუთიოდე წლის ბიჭი გამოაცალა საწუთრომ ხელიდან, მას შემდეგ გახდა გიორგი ღვინა. მას შემდეგ ამოიოხრებდა ხოლმე: - ვაიმე, მე თავმარტოსაო, მიწისფერსა, მგლისფერსა, ხისფერსაო. დალევდა თუ არა ღვინოს, აეშლებოდნენ კიდეც ეშმაკები. ხან რომელ ხეზე აძვრებოდა ღვინა, ხან რომელზე და ცაში იყურებოდა. - ვერ დამიტია ამ სოფელმა, მაგას მე შევწყინდი და მე ეგ შემყელთდაო. მიწაზე ფეხის დამდგმელი აღარა ვარ, ფრენა უნდა ვისწავლო ჩემი მზეწვია ბიჭივითაო. - ჩამოტიალდი, ჩამონაცრდი და ჩამოხმი მაგ ხიდან, შე მართლა ხეთაგანოო, - შეუტევდა ხოლმე ცოლი, მაგრამ ვერაფერს ასმენდა. იმ ქარიან ღამითაც რამდენიმე ჩარექა ღვინო შეხვრიპა ღვინამ, აძვრა კაკლის ხეზე და შემოეხვია ტოტებს, ჩემი ფეხი არ იქნება მიწაზეო. ისეთი ქარი და ქარაშოტი იდგა, ფიქრსაც კი ხელიდან სტაცებდა ადამიანს. დიდხანს ეხვეწნენ მოყვრები თუ მოკეთეები: - ჩამოდი ღვინავ, მაგ ღია, დარდაღინა ტოტებზე რა გაგაძლებინებს ამაღამ, ქვასაც კი გვერდი გაუცივდა, შენ როგორ გაძლებ კაცოო, მაგრამ ღვინა არა და არ ჩამოიდოდა: - აეგეთ ქარში თუ ვისწავლი ფრენას, ვიფრენ მერე ჩემს მზეწვია ბიჭთან ერთადო. 
როგორც იქნა გადაქარდა და გადაბნელდა ის ღამე. 
მერე უკვე კავკასიონის მთები ეზიდებოდნენ ცისკარს ბეჭებით, თენდებოდა...

??????