ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ნუშო  ექსკლიუზივი

-ნუშო ძალო, რატო არ გათხოვდიო?
-ადამიანს თავისი თავი საიქიომდე ჰყოფნის და იმიტომაო. 
-მერე რაღა ქნას ადამიანმა იმის იქითაო?
-იმის იქით ღმერთი უნდა მიატანოსო.
-მიატანოს რა, პურიაო ?
-მაშ, ნატვრისპური, გულისპური, პურისპურიაო.
     ჩვიდმეტი წილისას შეჰყვარებია გულბათაანთ ბიჭი. სადაც დაინახავდა, თვალს არიდებდა ელდიანივით, გეგონება თავგიშაქარს მოჰკრა უცბათ თვალიო. მის სახელსაც კი არ ამბობდა სამზეოზე, სულ ერთხელ დასცდა თურმე ისიც ძილში, ჩურჩულით, მარტო სახლის ანგელოზები თუ გაიგონებდნენ, მეტი ვერავინ. - სირცხვილიაო! 
      მის ეზოსა და გულბათაანთ ეზოს შორის დიდი ამომშრალი ხევი იდგა გაბოტილი. ხევი ზამთარსა და გაზაფხულზე სითეთრით ივსებოდა. შემოდგომაზე ხის ტოტებზე გაგლესილ ნისლს ხელის ქნევით გაფანტავდა ხოლმე ნუშო და იყურებოდა გულბათაანთ ეზოსკენ. ცოტა ხანს ასე გაჩერდებოდა და გამოიქცეოდა, არავინ დამინახოსო. ზამთარში თოვლით დაქუნთულ მიწას ფეხს არ ადგამდა, კვალს არ ამჩნევდა, არავინ იცნოს ჩემი ნაფეხურებიო! გაზაფხულობით, როცა შუშტყემლები ყვაოდნენ ხევში, ახლა მათი სითეთრე ავსებდა იქაურობას. შევიდოდა ნუშო ხეების ქვეშ შავი თმით და თმათეთრი თუ მხრებთეთრი ბრუნდებოდა ღიღინით. - ეს სიყვარულის ფურცლებიაო, გულში უხაროდა, გულში ნაღვლობდა. გული ბუხარში შეგდებული იფნის კუნძივით ეწვოდა და უტკაცუნებდა, მაგრამ არავის უმხელდა თავის დაქუშულ საფიქრალს. ზაფხულში ფარსმანდუკი ბალახით ივსებოდა ხევი. არც ბალახს ეტყობოდა ჩაქოლილი რომ იყო. მამლის ყივილს პირველი სხივი ამოჰყვებოდა თუ არა, ნუშო უკვე შუახევში იდგა და იცქირებოდა გულბათაანთ ეზოსკენ ისევ. - სად არის ეს ჩვენი შუშტრუკანა გოგოო,- სახლში რომ მოკითხავდნენ, სულ კუნკულით აირბენდა ხევიდან ბილიკს და ეზოში შექანდებოდა, ვითომც არაფერიო. 
     ხან ვენახში იყო წასული ის ბიჭი, ხან შირაქში, ხან ქალაქში, ხან აღმა და ხან დაღმა... მთელი წელი ერთი და იგივე სიზმარში დარიალობდა ნუშო. ეს ეძებდა და ის არ ჩანდა. ის გარბოდა და ეს მისდევდა. ვერ ეწეოდა და ღონდებოდა. ვერ პოულობდა და ქუშდებოდა. 
-ნუშო ძალო, რატო არ გათხოვდიო?
-ადამიანს თავისი თავი საიქიომდე ჰყოფნის და იმიტომაო.
ჰყოფნის კი ?!

??????