ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ფეფენა  ექსკლიუზივი

    წუთისოფლის ხეზე იჯდა მელეღვია, კოსალა ჩიტივით. ხე ჯერ არცა ხმებოდა და არცა ჭკნებოდა, მაგრამ როცა იქნება, დრო ფოთოლივით გასცვივდება ამ ცოდვა-ბრალიანსაო, ამბობდა ფეფენა მასწავლებელი. 
-სოფელ-ქვეყანა არ უნდა დააღონოო, ბალახი არ უნდა ჩაქოლოო, მიწა არ უნდა დაამძიმოო  და თითის  წვერებზე დადიოდა შარაზე.  ავად არასდროს გახსნიდა პირს, არ ავგულობდა, არ ავსიტყვობდა. დარდით კი ამოლია,  ამოხაპა წუთისოფელი,  მაგრამ ცხოვრება განა  გარს მოგატარებს, დაგადებინებს თავს და გაგატოპინებს მწვირე,  ლაფიან დარდში. დადიხარ მერე,  სანამ პირში სული გიდგას დარდით  გაგანგლული. სოფლის სკოლაში ასწავლიდა. დღეს სული ჩაუდგებოდა თუ არა,  დგებოდა, ცისკრის ციატზე,  ალიონზე.  აიხედავდა ცაში და  ჯერ წამოუშლელ ფრინველებს გასძახებდა :- გძლიეთ! გძლიეეეთ ! 
-მიჭირს, მაგრამ მარტო ძვლების გუდა ხო არა ვარო - დაიჩივლებდა ხოლმე უჩუმრად, საკუთარ  ყურსაც რომ არ ესმოდა, ისე. მერე მიბრუნდებოდა - მობრუნდებოდა, ქათამს საკენკს მიუყრიდა, ინდაურებს დაკეპილ და კოპტონში არეულ მრავალძარღვას. სახლში შებრუნდებოდა, თვალს მოავლებდა კედელზე ჩამოკიდებულ გარდაცვლილი ქმრის სურათს, მერე გაიხედავდა შვილის ალაგებული საწოლისკენ, რომლის თავთითაც, ბალიშზე დადებდა  ორცალ კანფეტს, - ესეც ჩემი გარდაცვლილი შვილის ანგელოზებსაო - იტყოდა, დანარჩენს ტყავის ძველ ხელჩანთაში ჩაიყრიდა, მოწესრიგდებოდა, თმას შეიკრავდა, გაკოპწიავდებოდა  და ფეხისწვერებით გაუდგებოდა გზას სკოლისაკენ. სულ მეგონა, რომ ჭიანჭველებიც სცნობდნენ მის ნაბიჯს და აღარ ერიდებოდნენ. - არ დაგვადგამს მაინც ფეხსაო, - ფიქრობდნენ. არც გზაზე, კუდაღებული ღობის ძირში  მიწოლილი ძაღლები უყეფდნენ, არც ჩიტიკენკრაზე  ჩამომსხდარი ფრინველები უფრთხოდნენ. კეთილისმყოფი იყო, მზეგულია, მზეთვალა. სკოლისაკენ მიმავალ ბავშვებს ყველას კანფეტს უწვდიდა, სანამ სკოლამდე მივიდოდა უცარიელდებოდა კიდეც ხელჩანთა. - ამ კანფეტივით ტკბილი ცხოვრება მოგცეთ, ღმერთმაო! - ეტყოდა.  მერე, სახლში მისულს, თვითონაც ბევრჯერ უნახავს, ჭიშკრის ქვეშიდან შეცურებული წითელი ვაშლი, ან ორი ღერი  ფურსულა, როგორც თვითონ ეძახდა ფურისძუძუ, ან სულაც ყვავილებიანი  ხელმანდილი... 
     სასიამოვნო მოსაუბრე იყო, ფიქრიანი . ყველას მასთან მიუწევდა გული  რჩევის საკითხავად. ალბათ იმიტომაც ამბობდა : - ადამიანების სული უხილავი ძაფებით არის ერთიმეორეზე  გადაბმული, უბრალოდ, ადამიანს გააჩნია, მისი სული რომელი ადამიანის სულს მოქაჩავს, მოიწევს თავისკენ გაჭირვებისას, ლხინისას ან ტკივილისასო. 
-ჩვენი კი, როცა გვიჭირს ან გვიხარია, მთელი სოფლის სული გყავს სულზე მიბმული და ვექაჩებითო,  ეტყოდნენ სიცილით მეზობლის ქალები - მაგრამ  შენ ვინა გვშველის ფეფენავ, შე საბრალო, ფეფენავო?...
- მე როცა მიჭირს, ჩემი შვილის სულს ვებღაუჭები საიქიოში. სულს არც კედელი უშლის, არც ღობე და არც მანძილიო. აი, იმიტომაცა მაქვს ტაბაკი სავსე ხილითა  და კანფეტებითა... საღამოს დავულაგებ ჩემი შვილის ანგელოზებს ბალიშზედ ორცალ კანფეტსა და დილით აღარა მხვდებაო. ეგ ამბავი  ზოგს სჯეროდა  სოფელში, ზოგს კი - არა.  იქნება და გულს იმშვიდებდა და იგონებდა  ამ ამბავს თავის  თავის გადასარჩენად ფეფენა, ვინ იცის?! 
წუთისოფლის ხეზე იჯდა მელეღვია, კოსალა ჩიტივით, იჯდა და იგონებდა... 

??????