ქადაგიძე ნინო
გაზიარება

სულა  ექსკლიუზივი

      ბებრის ჭინჭებივით ეკიდნენ ღრუბლები ცაზე და ფრიალებდნენ. ერთი საპყარი ზამთარი  იდგა, სუსხიანი, უთოვლო. ყინვა მიწის გულამდე ატანდა. შეციებულ ხელებში ძლივს იმაგრებდა წერაქვს სულა, დასცხებდა მიწას და ძლივს ამოამტვრევდა ორიოდე ბელტს. გვიან დაღამებამდე თხრიდა ორმოებს ეზოში, ეზოს გარეთ, ყაყიტაანთ  სერზე, სადაც კი მოეხელთებოდა. - რას შვრები სულავ, კაცო, როდემდე უნდა ჩიჩქნო  ეს სატიალე, ხო ხედავ  ჯანი აღარ შეგირჩა და მისსავათდი, დადექი, დაისვენე, ნუ გადაიქციე ერთ დიდ ორმოდ ეს წუთისოფელიო.  
სულა ყურს არავის უგდებდა. - მიწას დამზრალი გული უნდა გავუთბო, ცეცხლი შევუბერო, დავათბუნოო - დაჩემებული ჰქონდა. - ნეტა კი მიჰხედავდე შენს დაღავებულ ობლებსაო, - ყველა მხრიდან ჩასჩიჩინებდნენ, მაგრამ რომ ვერაფერს გახდნენ დედის ძმებმა წაიყვანეს ბავშვები თავისთან, ახლა ამან რამდენიც უნდა იმდენი თხაროსო. 
    სულას რა შეშაც ჰქონდა ზამთრისთვის  მონაგრებული ყველა თავის ამოთხრილ ორმოში აანთო. მიწა გათბება, იქით  მკვდრებს აღარ შესცივდებათ, აქეთ  ცოცხლებსაო. სოფელში ხმა დაირხა, სულა გაგიჟდაო. მელქისედეკ მღვდელმა ჩამოაკითხა : - სულავ, სულავ, ღმერთის  სულისავ,  შენ აქ როგორც იცხოვრებ, იქ , ისე ცხონდება შენი სალომეცაო. სულა შეცბა, გააჟრიალა, სიცივისაგან თუ  გარდაცვლილი ცოლის სახელის გაგონებაზე, ეგ ვინ იცის, მაგრამ მავედრებელი თვალები კი შეანათა მოძღვარს და უპასუხა: -  მიწას ვათბუნებ,  მამავ, რომ არ შესცივდეს იქ  ჩემს სალომეს, მიწის გული თუ გათბება, შენი ყმაწვილიც ხო თბილად იქნება იქა, აგე შაბურას ძმაცა, შიოცა, ყაყიტაანთ ოლღაცა... -აგე, ცაზე ვარსკვლავები ჟიკვჟიკებენ, დაბლა კი თითქოს ათასი მზე ანთია, მზე მიწიდან ამოდის, მამავ, ხო სიყვარულშია, ხო თავგანწირვაშია ხსნა, კაცო, და ჯანდაბას ჩემი თავი, ჯანდაბას ჩემი ნაზოგი შეშა, სიყვარულითა ვთხრი ამ ორმოებს, მერე  სიყვარულით ვანთებ შიგ ცეცხლს,  მელქისედკ მოძღვაროო. 
-შენი გულიდან წამოსულმა ცეცხლმა უნდა დაათბოს სულავ მიწა, შენი გულიდან უნდა ამოვიდეს მზე, შენი ჭირიმე,  განა ციდანა ან  მიწიდანა. სულამ თავი ჩაღუნა, დადგა  დასჯილი ბავშვივით, ეჭვმორეულმა იკითხა :-  მაშ მე რომ ამას ვაკეთებ, გულიდან არ მომდის განა, სიყვარულით არ მომდის განა, - ჩაიბუტბუტა ნირწამხდარმა. 
- სიყვარულით მოგდის მაშ, როგორ...ეგ არის შენი ხნაცა და ჯილდოც, მაგრამ  მთელ დედამიწას ხო ვერ გადათხრი, ადამიანო , ყველა კუთხე - კუნჭულში ცეცხლს ხო ვერ ააბურბურებ, შენი ჭირიმე...  სულამ ხელი ჩაიქნია, სახლში შევიდა, უმწეობისგან არ იცოდა რა ექნა და პირქვე დაემხო თავის ხის ტახტზე. იმ ღამით, ცამ  ნელ-ნელა, ფეხაკრეფით დაბლა - დაბლა ჩამოიწია, ჩამოიღრუბლა, ჩამოთბა და  გამთენიას რომ დაიწყო თოვა, მეორე დღემდე არც გადაუღია. თოვლით ამოივსო სულას ყველა ამოჩიჩქნილი ორმო, თოვლ ქვეშ კი სითბო გალაღდა. ყინვას აღარ უშვებდა თოვლი მიწის გულამდე, იქ მკვდრებს დათბათ და აქეთ ცოცხლებსაც. სულას გულმა კი იმ დილით  სულ სხვანაირად გაიხარა, არაამქვეყნიური სიხარულით, ღირსი კი იყო....

??????