ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ენათას ანგელოზისა ექსკლიუზივი

    ჯერ კიდევ სიზმრის თბილ-თბილი ორთქლი ასდიოდა შუბლსა და ხელებზე, შუშაბანდის ფარდები რომ გადასწია უთენია ენათამ. ლექსივით იმეორებდა იმღამინდელ სიზმარს, არ დამავიწყდესო. თან იქვე, ბუხრის გვერდით, კუტსკამზე ჩამოჯდა, აქა-იქა კბილებამოცვენილი სავარცხლით ჩამოიგო თმა, ჩამოიწნა, თეთრი, ცისფერკოპლებიანი ხილაბანდი წაიკრა და კეფაზე გაინასკვა. ცეცხლი აანთო  ვაგლახით, ხან რეზინის ნაგლეჯს მიუნთო ასანთი, ხან საქათმის ფიცრული კედლიდან ახეულ ტოლის ნაფლეთს, აბედის ნაცვლად და შეაგდო თუნუქის ღუმელში. ფოლადისფერი კვამლი ავარდა ენათას საბუხრედან და მეზობლის სახლებიდან აქა-იქა ამოსულ ბოლს შეერია მაღლა. ენათას კვამლს მაინც განსხვავებული ფერი ჰქონდა, რაღაცნაირი, ბინდისფერი...  განა ბედს უჩიოდა მოხუცი, ან რამე... წვრილ-შვილი დაზრდილ - დასახლებული ჰყავდა ყველა; მართალია, ერთ ლაბარდანა, ზარმაც კაცს შერთეს ცოლად, მაგრამ სამაგიეროდ, თვითონ კბილებში ეკავა ოჯახის ჭაპანი და როგორც შეეძლო ეწეოდა. 
- ყველას თავისი სამოთხე და ჯოჯხეთი აქვს საკვნეტიო, - იტყოდა ხოლმე. 
დილიდან ნელა ნელა დაიწყო თოვა, თითქოს ფეხაკრეფით, მერე ისე წამოუშინა, ბოხმაგარი ხმა იდგა თოვლის. - ითოვე, ითოვე! - უხაროდა ბებერ გულში ენათას, თოვლიც ერთი კაცია სოფელში, გაივლი აგიშრაშუნდება. ქარიც ერთი კაცია სოფელში, ძველი გომურის თავიდან ფიცრებს ჩამოჰყრის და გულს გაგიხეთქავს. წვიმაც ერთი კაცია სოფელში, გელაპარაკება, გელაპარაკება და სანამ ბოსტნიდან გამოხვალ და სახლის კარებს შეხსნი,  დაგასველებს. ჩრდილიც ერთი კაცია სოფელში წახვალ წყაროზე, უმძრახად, მაგრამ მაინც გამოგყვება. 
რაკი თავი მოიწესრიგა საქათმეში ჩავიდა მოხუცი, დედლები გარეთ არ გამოუშვა, თოვლს აკენკავენ და კვერცხს აღარ დამიდებენ საშობაოდო. ახლა კი რა კვერცხიც იპოვა, ყველა წინსაფრის კალთაში ჩაილაგა ფრთხილად, სახლში შესულმა ცოტა ნიგოზი, კარტოფილი, ვაშლი, კარალიოკი, წინა დღით დაკლული და გატრუსული დედალი, ხის კასრიდან - კომბოსტოს მწნილი, ათიოდე თონის პური, ქილით ზეთი, მეფუტკრე ფიროს თაფლი, ბოლოკი, ხახვი, ნიორი, ჩირი, ტყლაპი და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ, რაც მოიხელთა ყველაფერი ერთ დიდ ტომარაში ჩააწყო. - აჰა, ქალაქში გასატანებლად მზად არისო, თავი მოუკრა და კალთაც ჩამოიფერთხა. ერთიღა დარჩა, სიზმარში ნანახი უნდა შეესრულებინა: შუადღისას, თორმეტ საათზე, ეზოს შუაში მდგარ ვაშლის ხის ქვეშ უნდა დამდგარიყო, ანგელოზები რომ ჩამოსხდებოდნენ ხის ტოტებზე, ერთისთვის ფრთხილად წაევლო ხელი და ქალაქში გასაგზავნ ტომარაში ჩაესვა. პირველ საათზე ავტობუსიც ამოივლიდა და გაატანდა ანგელოზიანად საახალწლო ნობათს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან. ცხრა საათიდან გაუნძრევლად იდგა ენათა ხის ქვეშ, ვაი თუ ვერ გავიგო, როდის მოფრინდებიან ეს ღვთისკერძოები და უანგელოზოდ არ დავრჩეო. ხან ამვლელი ეკითხებოდა, რას უდგახარ ქალო სიცივეში ამ ხის ქვეშო და ხან ჩამვლელი. ენათა ყველას ერთი და იგივე პასუხს სცემდა. ზოგს ეღიმებოდა, ზოგი პირზე ხელს აიფარებდა, ეერიჰაო და ზოგიც სიცილით მიაძახებდა - მაგ ტომრის ფულს არ გამოგართმევს ჩვენი მძღოლი, მაგრამ ანგელოზისას გადაგახდევინებს იცოდეო. 
     ენათამ თავისი საქმე გააკეთა, საახალწლო ნობათი გაატანა სოფლის ავტობუსს, ქალაქში კი შვილები დახვდნენ. მგზავრებმა უამბეს ენათას შვილებს ნობათისა და ანგელოზის ამბავი, შვილებმა  იცინეს, რა უცნაურია ქალია, რას აღარ მოიგონებსო, მაგრამ ახალი წლის ღამეს, სტუმრად წასული შვილები და შვილიშვილები ავარიაში რომ მოყვნენ და ყველა უკლებლივ დაუზიანებლად გადარჩა, აი, მერეღა დაიჯერეს ენათას საახალწლო ნობათით გამოგზავნილი ანგელოზისა. 
    ენათა მთელი ღამე ფანჯარასთან იჯდა, გარეთ ისევ ხვავრიელი, ბოხმაგარი თოვა იდგა. - თოვლიც ერთი კაცია სოფელში, გახვალ, გაივლი, ნაფეხურებზე აგყვება და აგიშრაშუნდება; - ეჰ, რა აღარ გასთენდები ხოლმე, რა იქნება დროზე ენათა მაინცო - ფიქრობდა ენათა...

??????