ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ბებეა ექსკლიუზივი

    მაშინ ქალებს დაუკითხავად ათხოვებდნენ, ეტყოდნენ უნდა მისთხოვდე ამას და ამასო და ეგ იყო. ქალიც დაღუნავდა თავს და გაჰყვებოდა საიქიომდე, იქნება და იმის იქითაც, მაგრამ ეგ მე აღარ ვიცი.  ბებეაც ასე გაათხოვეს, ერთ ღამეს მივიდა მეცხვარე გუგუნა, ატლასის საკაბე მიუტანა, ორმოცი  ფეხი ცხვარი,  ორი ჭედილა და ათი ხელადა ღვინო. დასხდნენ და იქეიფეს. დიდმარხვის შემდეგ, გახსნილებულზე  შესვა ამლაყის ჭრელზე გუგუნამ ბებეა და შინ წაიყვანა. ქორწილის დღეს ერთი ტომარა სხვენში გადარჩენილი  კაკალი გადააყარეს ნეფე-დედოფალს თავზე. - ფეხმაგრად დაუდექით ცხოვრებას და იკერკეტეთო!  მერე ერთი კვირა ღვინით გაბურანებული დადიოდა მთელი სოფელი.  გარეთ გაზაფხული ყვაოდა და შინ კი ბებეა. დადიოდა და ხან ნუშისა და ხან ბროწეულის ყვავილებს ისროდა პირმღიმარი. დღისით მზე ედგა ქმრის ეზო - კარს და ღამით, ფარდას თუკი გადასწევდი,  მთვარე მინაზე ცხვირ-პირ მიჭყლეტილი იყურებოდა იმათ ფანჯრებში.  ყველგან  სინათლე უბურბურებდათ. დრო კი თავისთვის მიდოდა, მინაღვლიანობდა...გავიდა ერთი წელი და მეტიც, მაგრამ შვილი არა და არ ეძლეოდათ. ბურდოს იქეთ არა სვავდნენ, ყაფარზე- ხუჭუჭი კრავის ტყავზე აწვენდნენ,  მდინარეზე  სარეცხს არ ავლებინებდნენ, ფეხს მატყლით უთბუნებდნენ, წელს შალით უკრავდნენ, ყელზე შელოცვილ ნაკრაულას ჰკიდებდნენ,  მაგრამ ვერ ეწივნენ  საწადელს მაინც. ჰქონდათ  ერთი ქორქალი და ბობოქრობა ოჯახის წევრებს. ერთი საცოდავად გადაჰხედავდა ხოლმე ბებეა გუგუნას, გუგუნა კი ბებეას... ხშირად ცრემლთ მლაშე შეჭამანდი უჭამია ორთავეს, მაგრამ სხვებს არ ანახვებდნენ, სირცხვილიაო. განსაკუთრებით მაშინ უჭირდა ბებეას,  ბაბაყული ზამთარი რომ ჩამოუდგებოდა ხოლმე შინა და გარეთ. ფქვილის ფაფას მოხარშავდა ხოლმე გუგუნასათვის და ეტყოდა, თოვლის შეჭამანდიაო, ერბოსაც  თუ ჩაუგდებდა მათლაფაში და ერბო გალღობას დაიწყებდა, ეტყოდა - ეს გაზაფხულის მზეაო და იცინოდნენ. ასე გადიოდა ხოლმე მათი  ზამთარი. მერე გაზაფხული მოდიოდა, მაგრამ გაზაფხულზე გუგუნა მიდიოდა ცხვარში დიდი ხნით და არ უყვარდა ბებეას ამიტომ გაზაფხულის მოსვლა. ერთ გვიან გაზაფხულზეც, გუგუნა როცა ცხვარში იყო და უშვილობით შეყელთებული ბებეა, თავიანთი ყავარიანი სახლის აივანზე იჯდა უცბად კალთაში მერცხლის ბარტყი ჩაუვარდა. ბებეამ ბარტყი აიტაცა ხელში, არ გადამივარდეს კალთიდანო და მაღლა-მაღლა ყურება დაიწყო, მერცხლის ბუდეებს ჩხრეკდა და ეხვეწებოდა დედა მერცხლებს აიყვანეთ, თქვენი ჭირიმეთო, ჩაისვით თქვენს თბილ, ბალახიან ბუდეშიო, მაგრამ მერცხალი კი არა და ვერსად ბუდესაც ვერ მოჰკრა თვალი. რა უნდა ექნა, ბარტყს ღვთის პირის ამარა ხომ არ მიატოვებდა და შვილივით ზრდიდა. დაფრთიანდა ბებეას მერცხალი, სადაც არ უნდა წასულიყო ბებეა, სულ თან დასდევდა ბარტყიც, ძილის წინ საწოლის თავზე ჩამოუსკუპდებოდა და ჩასჭიკჭიკებდა. ზოგი ამბობდა რაკიღა ქმარი შინ არა ჰყავს, ღამღამობით მერცხალთან ერთად  ზეცაში დაფრინავს ბებეაო, ამას ბოროტი ენები ამბობდნენ, თორემ ქმრის დაუკითხავად შორს სად გაფრინდებოდა ბებეა. მოშემოდგომურებულზე კი, როცა ფრინველები მიფრინავენ თბილი ქვეყნებისკენ, ბებეაც ვერავინ ვეღასად ნახა. ამბობენ, ბებეა თავის ნაშვილებ  მერცხალს გაჰყვაო და გაზაფხულზე პირველი მერცხალი რომ მოფრინდება, ეგ ბებეას მერცხალია, საყვარელი  ქმრის ამბები რომ წაუღოს ბებეასო, მაგრამ რატომღაც მე ეგ ეგრე არა მგონია.

??????