ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ცისფერი პერანგი ექსკლიუზივი

    ყველა  ნინველას ეძახდა, ნამდვილი სახელი მე კი - არა, მგონი თავადაც არ ახსოვს. ისეთი ლამაზი იყოო, ბავშვები  სახლობანას რომ ვთამაშობდით,  მის სახელს ვირქმევდით  - არა, მე ვარ ნინველა, დაგასწარი, არა - მეო,  ან  ვითომ ნინველა ვააარ და ნინველასავით შავი, ხვეული თმა მაქვს და წითელი  ტუჩებიი. ვითომ ნინველა ვაარ და მეც წითელი  სატინის კაბა მაცვია   და ფეხზე წითელი ქოშებიი. ვითომ  ნინველა ვაარ, და მეც ნინველასავით ავივლ- ჩავივლიი. ვითომ ნინველა ვაარ და ნინველასავით პირბადრი ვაარ, შუქიანი.ხალი რა იყო და  ნინველას რომ დავმსგავსებოდით,  ხალსაც კი  ნახშირით ვიხეტავდით ბავშვები, ტუჩის ქვემოთ, მარჯვენა კუთხეში. 
    მოკლედ, ნინველა და მთელი სოფელი, ნინველა და ცა,  ნინველა და მიწა, ნინველა და სულიერი, ნინველა  და უსულო, სახელიანი, უსახელო, უხსენებელიც... 
    დამალობანას დროს გათვლაც კი ნინველას სახელს მოვარგეთ : 
„ ანანა, მანანა, თინათინი, თამარა, ლოლე, ჭყორე, მათეს ცოლე, ელიფე-მელიფე, ჩიტი მალაღურიფხე, ვაშკარაფე-ვარვარაფე, თეთრი ქალი ღვირღვილაფე, არ მომიკვდეს ნინველა, აღარ მქონდეს ...რა? რა?  რა აღარ მქონდეს? 
სიმ- ღე- რა! 
ჰო, ნინველა- სიმღერა,  ეწყობოდა!  გავრითმეთ. 
სინამდვილეში კი ასე იყო ეს გათვლა : 
„ანანა, მანანა, თინათინი, თამარა, ლოლე, ჭყორე, მათეს ცოლე, ელიფე-მელიფე, ჩიტი მალაღურიფხე, ვაშკარაფე-ვარვარაფე, თეთრი ქალი ღვირღვილაფე, არ მომიკვდეს მარინე, აღარ მქონდეს მარილი! „ 
     შობა- ახალწლების მერე, პირვლივე კვირას ატყდა ჩოჩქოლი, გამოვვარდი გარეთ,  მეგონა თოვლი მოვიდა, თურმე  ნინველა თხოვდება. მოვიდნენ  გადამთიიდან  ამ ჩვენს უთოვლო სოფელში უცხო  ქალები და კაცები, გაიშალა სეფა, იმღერეს, იცეკვეს,  იმხიარულეს, ჩასვევს მანქანაში  თბილ ზამთარში გამოტყუებული  რძიანი ატმის კვირტივით  ნინველა  და ქალაქში წაიყვანეს. წავიდა ნინველა და  თითქოს იმ ღამეს დაცარიელდა სოფელი. 
     მეორე დილას, გავიღვიძე და ისეთი თოვლი მოდიოდა, დაჩეჩილი მატყლის ფთილისხელა  სულ ფარტენა ფანტელები გვაცვივდა. თეთრდებოდა ნინველას ნაფეხურები. თითქოს თოვლმა ჩაანაცვლა ნინველა. გათხოვების შემდეგ  თოვლი უფო ხშირად მოდიოდა ჩვენს სოფელში, ვიდრე - ნინველა. 
       მას შემდეგ ხან მზის სხივების შადრევანი ჩქეფდა ჩვენს სოფელ-ქვეყანაში, ხან ქარი  და ქარაშოტი   გამოსდებოდა ხოლმე დაწეწილი კაბის ქობას გამხმარი კაკლების კენწეროებს, ხან წვიმის წვეთები სრიალებდნენ სახლის სახურავებზე, შავსა თუ  ნაცრისფერ ფიქალებზე - შიფრებზე,  ხან ქერისფერი ზაფხული  გვედგა, ვიმკებოდით, ვილეწებოდით, ხან ჩვენი საყდრის მესანთლესავით გალეულ, მორკალულ მთვარესა ვგავდით, ვიკაკვებოდით  და ღამე  როცა ჩიტებს ეძინათ,  ვარსკვლავები ჩაგვჭიკჭიკებდნენ სიზმრებში  ჩიტების ნაცვლად, ხან ნისლისფერი ნისლის ფთილები  გვეგლისებოდა ფეხის ტერფებზე,  ხან ვარდისფერი ალუჩების ტაო გვაყრიდა, ხან ლურჯი ქლივრების ჟრუანტელი გვივლიდა ტანში და ამ ოცნებებში დავიზარდენით, დავქალდით სოფლის გოგოები.  
        მეც გავიზარდე. 
      მერე აღარც ნახშირით ვიხატავდი  სახეზე ხალს და აღარც წითელ ქოშებსა და კაბებს ვიზომავდი. გავიზარდე და  ამოვივსე  ჩემივე თავით.  დიდედო  მეფერებოდა ხოლმე შენც გაზაფხულის სუნი დაგტრიალებს კაბაზე, თმაზე, სახეზე, ხელებზე, ტანზე... თალარზე  შეკიდებულ მძიმე მტევნებს გიგავს მკერდიო,  მიხაროდა და მეცინებოდა.  ნინველას ამბებს კი ათასში ერთხელ მოვკრავდი ხოლმე  ყურს:  უშვილო გამოდგა, სად არ უმკურნალეს, სად არ წაიყვანეს, არაფერიო, ვერაფერიო.... 
       სამაგიეროდ მე გამიჩნდა ტყუბი ბიჭი და სიბერე ჩაუტკბა  ჩემს  მშობლებს, ხმა და ძარღვი გაუმსხვილდა ჩემს ქმარსა და მეც რაღაცნაირად ამოვისუნთქე. თითქოს უმთავრესი ვალი მოვიხადე ყველას წინაშე, მჯეროდა რომ ჩემი შვილების ნათითურები სამდამოდ  დამემჩნეოდა  საშვილოსნოს კედლებზე და ეს მათბობდა, ვჟრიამულობდი. 
       სოფლის ბოლოს ერთი პატარა სახლიც დავდგით. მეტი კი არა, სამი ოთახი.  ისე მიყვარდა, ისე მიყვარდა, ჩემს ტყუპებზე არა ნაკლებად. ახალი ნერგებით, ხვიარა ვაზებითა  და ყვავილებით გავალამაზეთ ეზო- კარი და მეგონა მხოლოდ ჩემთვისა თენდებოდა,  მე რომ მეხარა.
       იმ წელს ისეთი ცხელი ზაფხული იდგა, როგორც ჩვენში იტყვიან ალხა და პაპანაქებაო. შუადღისას ბავშვები  ეზოში, კაკლის ჩრდილში გაბმულ ჰამაკში დავაძინე, მეც იქვე ჩამოვჯექი და გავხედე მზეში ჰაერის ვარვარს...ჭიშკრის უკან, თითქოს რაღაცა თეთრი, პეპლის  ფრთებივით სიფრიფანა  კაბა დავლანდე, ხან გაიფრიალებდა, ხან - აღარ, ხან გამოჩნდებოდა და ხან - არა. მივედი ახლოს, დავაკვირდი და ჭიშკრის უკან, გზაზე  ქალი იდგა.  მე ვუყურებდი, ის მიღიმოდა, მე ვაკვირდებოდი, ის ისევ მიღიმოდა.  ხალითღა ვიცანი ნინველა. შემომოვიპატიჟე. აღარც შავი თმა და წითელი ტუჩი, აღარც ნინველას ცა და ნინველას მიწა,  მეგონა სულ სხვა ადამიანი იდგა ჩემს წინ.  იქვე ჩამოვსვი კაკლის ჩრდილში, ცივი წყალი ჩამოვუსხი დაცვარული კოკურიდან.  ჭიქა გამომართვა და კოკურას კედელზე რომ ცვარი  ეყარა, იმსისხო ცრემლები წამოსცვივდა.   გახსოვს, ბავშვობაში შენა თამაშობდი ნინველობანას, ახლა მე უნდა ვითამაშო, ვითომ შენა ვაროო... გავივიცინეთ. 
გავიხსენეთ ძველი ამბები.  დაღლილი ჩანდა თუ სევდიანი ვერ გავარჩიე. 
-არა, უნდა გამომერთმია იმ ბოშისთვის პერანგიო! 
 -რა პერანგი მეთქი, ნინველ, ვინ ბოშისთვის?
      არაო, განა შვილი არ მეძლეოდა, ხუთი კვირის ორსული ვიყავიო. ფეხისწვერებზე დავდიოდი  ნაყოფი  არ შევაწუხოო. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იმ ღამით ბოშა ქალი მესიზმრა, დიდი ოქროსფერი ბროწეულის საყურეები ეკიდა და ძოწიფერი, ფრიალა ქვედაბოლო ეცვა, ხელზე გადადებული ჰქონდა თითქმის ყველა ზომის ბავშვის ტანსაცმელი, გოგოებისაც, ბიჭებისაც. დამინახა თუ არა, არჩია, არჩია და მე ჩვილი ბავშვის ცისფერი პერანგი გამომიწოდა, აიღე, ქალო, შენი ბიჭის  პერანგიაო.  არაფრით არ გამოვართვი, მატყუებს ალბათ, უნდა მომყიდოს თავისი შვილის ნაქონი პერანგი და არ ავიღეო.  გამომეღვიძა. ცუდად მენიშნა სიზმარიო,  ის დღე საავადმყოფოში დამიღამდაო, ვეღარც ბავშვი შევინარჩუნე და ვეღარც  თავიო. მას შემდეგ ვისაც ვუყვები იმ ბოშაზე, ყველა ხელს  ჩაიქნევს ხოლმეო. მომაპყრო შეშინებული, დიდი, მაყვალივით ბრიალა თვალები : 
-  შენ, შენ  როგორ ფიქრობ, ცისფერი პერანგი რომ გამომერთმია ის ჩემი პატარა დაიბადებოდაო? 
  მე მხოლოდ  მხრებიღა  ავიჩეჩე.   წლების მანძილზე დავდიოდი ქალაქის ქუჩებში და დავეძებდი  იმ ბოშა ქალს, იქნება და ვიპოვო, დიდი, ოქროსფერი ბროწეულებიანი საყურით ქალი,  იქნება მომცეს ჩემი შვილის პერანგი, მაგრამ ვერსად  გადავაწყდიო.  მერე ქმარმა, აქ, ჩემი მშობლების ძველ  სახლში წამომიყვანა, დამშვიდდი  და  მოეშვი  ბოშა ქალის  ძებნსო. 
როგორ დავმშვიდდეო?
დამაცადე - მეთქი. 
 შევვარდი ოთახში, ჩემი ტყუპების ძველი, დაპატარავებული  პერანგები  გადმოვალაგე, ამოვარჩიე ორიცალი რეცხვისაგან გახუნებული, მაგრამ   ცისფერი პერანგი, ერთიცალი მე დავიტოვე, ერთი კიდევ   გამოვუტანე. გულისპირზე ვაშლისა და სტაფილოს წვენის ლაქებზე მოვუბოდიშე.  ხელი გადააქნია, არა უშავსო, გაშალა, გულში ჩაიკრა. დასუნა. მერე გაიღიმა. დაკეცა და გამომიწოდა.  - არა, არ არის ეს პერანგი ჩემი შვილისო.  ვუსმენდი და მეგონა გული მკვდარი ჩიტივით მედო საგულეს,  ვეღარაფერს ვახერხებდი. 
      თეთრი პეპლისფრთებივით სიფრიფანა კაბით კი არა, სხეულით  წამოდგა. მშვიდი ნაბიჯით დაუყვა  ეზოს ჭიშკრისკენ.  მიდიოდა  და გამჭვირვალე სხეულზე ვატყობდი  სისხლსაც, კაპილარებსაც, ძარღვებსაც, გულსაც, ფილტვებსაც, ხერხემალსაც და ნაღველსაც, რომელიც აღარსად  აღარ ეტეოდა, აღარც სიზმარსა  და აღარც ცხადში. 

??????