ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ადამიანები ექსკლიუზივი

     მზით იყო მოფშრუკული თალალა. მზითა და სატრფოს სიყვარულით გულგატკეპნილი, თავ-პირ ჩამოღვენთილი. ახლა სხვა რაღა მეტი საქმე ჰქონდა, ახალი პატარძალივით არხეინად იწვა, თვით ქირმან შალი ეგონა თავისი კაბის ნაფლეთი-კონკა, ზამთარ-ზაფხულ ქარი უჟრიალებდა გვერდებში, მაგრამ რას დაეძებდა...იწვა და იხსენებდა სიცოცხლის დღეებს. ნაღვერდალივით თბილი იყო მისი წარსული. როგორც დედა ფუტკარს ხილილო, მასაც არ ეთმობოდა წარსული და აგონდებოდა: მინდორი და ფარსმანდუკები, ბერდიას ჩახმახ შეყენებული თვალების მზერა, ჯერ ციდან ვარსკვლავად ჩამოწყვეტილი და მერე სასულეში გადაცდენილი მისი ღიმილი, დაკაწრული ხელით გაწვდილი ასკილის აყვავებული ტოტი, მერე ორად გაყოფილი ერთი ლუკმა, საზიარო ფიალით მოყლუპული ღვინო თუ შარბათი, ქმრის პეშვით მოკლული წყურვილი, მისი აკანკალებული ხელით მოფარებული თრითინა მისეული შალი, პარკი ლობიოსავით დაჩირჩნილი ზამთრის ღამეები, სიმინდის ტაროსავით ჭყინტი შემოდგომის დღეები, მზეჭრიჭინა ზაფხულები, პირისფერი გაზაფხულები... 
-კაცო, უშვილფესვოდ რათ უნდა ჩავბრუნდეთ მიწაში და ჩავიშალოთო?! - მხოლოდ ამასა სწუხდა თალალა.
 - ზოგ ყანაში მზის გულა ხორბალი მოდის, ზოგსაში კი - გუდაფშუტა, მაშ რა ქნას ყანის პატრონმაო ?! - უპასუხებდა ქმარი.
 - ვერაფერი სანუგეშო სიტყვაა, ჩემო ბერდიავ, მაშ ერთი ალალი და გულიდან დავწეთებული ცრემლი არ უნდა წავიღოთ კაცო?!- შეუტევდა ქმარს. 
- ნეტავი ეს მტკივანი ფეხები წავიღო და ახლა მლაშე ცრემლის ტომრები ამკიდე კიდე დედაკაცოო- ჩაიქირქილებდა მოხუცი. 
- სულ გამოსჩერჩეტდი და დაგიფუტუროვდა ეგ თავი კაცო, აი, როგორც ბალახს, სიკვდილი ისე რომ მოგვადგება და გადასძოვს ჩვენს ბეჩავ სხეულებს და სახელი გადაგვეშლება საფლავის ქვაზე, მიწის ზეით რომ ვეღარ გვიცნობენ , მერე იცინე კიდევაო!- ეტყოდა ბრაზით გაწიწმატებული ცოლი. 
     ჩაივლი სასაფლაოზე და ბერდიას მომღიმარე სახე მკრთალად, მაგრამ მაინც შემოგცქერის საფლავის ქვიდან, მათ საფლავებს, როგორც ნათიბის ნაფთევს ანდა როგორც ახალ ნაწვიმზე მიწას, თბილი ოხშივარი ასდით. ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთი და სიცოცხლე ძალიან უყვარდათ. ვინ იცის რამდენი მზეგულა ადამიანი წევს მიწის ქვეშ კიდევ. გაზაფხულობით ბალახის საკინძე რომ გადაუხსნა და ხელი ჩაუცურო მიწას უბეში  უთუოდ იგრძნობთ მათი გულების სითბოს.

??????