ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ჩხუბი  ექსკლიუზივი

    დიდი აშლილი ქალი იყო. გულის ხეთქვა იცოდა ყველაფერზე. დილაადრიან ქმარს თუ ღვინის ან არყის ჭიქით დაინახავდა, ასტეხავდა ქარს და ქარაშოტს. - აი, ხო მოგატანე, ვირების მეხრევ! - ეშმაკებმა კი დაგაფეთონ! - აგრემც მყრალმა დევმა დაგცეს პირიო!  
- რა გაძრიელდი, დადექი ქალო, შეუტევდა ბაღჩაში ტარხუნის ან ოხრახუშის კვალში ჩაცუცქული კაცი,  ცალ ხელში ნახევარი თონის პური ეჭირა, იქვე, მიწაზე, ღვინით ან არყით გალიცლიცებული ჩაის ჭიქა ედგა, მოწყვეტდა ორ ან სამ ღერ ტარხუნას, ხელებზევე დაიფერთახვდა, თან პურს მიატანდა, მაგრამ ტკბილ ლუკმად ვინ შეარგებდა.  -უსმინაროო, ამ ადრიანად რა დროს ღვინო და არაყია, აღარც თონისთვის ფიჩხი მაქ და აღარც რა შეშა, ან ამხელა დღე რო ჩამოწვება, ძილით უნდა გაქელო კაცო, მიხედე საქმეს! -დაგესუსხა ტუჩები ამდენი წყევლით დედაკაცო, დამაცა წავალ.  აქეთ შეუტევდა ქმარი ცოლს და მოწყურებულივით დაეწაფებოდა ღვინით სავსე  ჭიქას.
 -ფეხმიდგმულოო, თავისნათქვამავ! - გააგრძელებდა ვაი-ვიშს ცოლი. აქ უკვე კაცი წამოდგებოდა, მკლავს გაუყრიდა ბეჭებზე მოხურებულ პერანგში და თან მკვდარსა და ცოცხალს  ზინყზე დაუცემდა ბრაზიან ცოლს. წალდს აიღებდა და გაიჯახუნებდა ეზოს კარს. 
    ახლა ცოლი ჩაიმუხლებოდა ბაღჩაში.  წინსაფრის კალთას აუვსებდა ქორფა კატკატო.  მერე ნივრით და ძმრით ამზდებდა. შებინდდებოდა, მაგრამ კაცი არსაით ჩანდა. - გამიწყრა ახლა ეგ სანაცილეო, - ისევ ქოქოლას მიაყრიდა. აიღებდა ჯოხს და ბამბაზიის  ჭრელ ხალათს. ნასახლარებისკენ გაუყვებოდა. იცოდა სადაც ნახავდა ბერიკაცს. დაადგებოდა კუნელის ქვეშ, ფიჩხზე მიწოლილ მძინარე ქმარს, მიაფარებდა თავის ჭრელ ხალათს: - არ გაცივდე, შენი ჭირიმეო. ჩამოჯდებოდა იქვე ბალახზე და ქმრის გაღვიძებას დაელოდებოდა. გაღვიძებას, თორე განა ეძინა, თავს იმძინარებდა ბერიკაცი, ტუჩის კუთხეში გაუკრთებოდა მკრთალად ღიმილი. გაიფიქრებდა, მოიბრუნა პირი ქალმაო და ცოტა ხანს ასე გაყუჩდებოდა. მერე თავის ცოლს მიეშველებოდა, წამოაყენებდა აიკიდებდა ფიჩხს და გაუყვებოდნენ ბილიკს სახლისკენ. 
     დავხუჭავ თვალს და თვალწინ მიდგას  შინისაკენ მობარბაცე ორი მოხუცი, გავახელ და - აღარ არიან! 

??????