ქადაგიძე ნინო
გაზიარება

გიორგი ექსკლიუზივი

   მაღალი, ვაჟიბედური, მხარბეჭგადგმული გიორგი მუშაობდა მინდორში და მიწას ჩაჰღმუოდა. დღე სანამ ხელში საბოლოოდ ჩააღამდებოდა ყველაფერს ასწრებდა. ძმის დაქვრივებული ოჯახის მოვლასაც და თვალებსაც სთხრიდა თავის მაწყევარსაც. ღვთისთვისაც ეცალა და კაცისთვისაც. მაწყევარი კი მგონი არცა ჰყავდა, ყველას უყვარდა.
-გიორგიი, გენაცვალე, ჩამორღვეული ღობე შემიკეთე, შენს მეტი პატრონი მე აღარა მყავს და გულშემატკივარი, შვილოო!
-შენი ჭირიმე, გიორგი, ხბო დამეკარგა და მომაძებნინეო!
-გიორგი, შენი შუქიანი პირის მზემ, თონე გამიხურე, შვილოო!
-თეთრგვრემანოო, - ხშირად ეუბნებოდნენ და თეთრი გიორგიც შეარქვეს. ძარღვიანი ხელები, ბოხმაგარი ხმა, სიცილშემაგრებული სახე, ყველა წუთი და წამი მისი ცხოვრებისა, მისი მზრუნავი წუთისოფლისა სიკეთით იყო სავსე.
-როდის ინიშნები, ბიჭო, როდის? - გაფაციცებით ჰკითხავდნენ ხოლმე წინდის ჩხირით ხელში, იღლიაში შალის ვეება გორგალამოჩრილი დედაკაცები და ჩაიქირქილებდნენ მორცხვობით. გეგონება ყველას სამყოფი წინდა მაგათი დასაქსოვი ყოფილიყოს, ყველას სამყოფი ამბავი მაგათი გასაგები.
- ჰოო, ქალი კაცის ყოფის აღმავსებელია, ყმაწვილო, თუკი ადამიანური სისრულე გსურს ცოლი უნდა შეირთო, მაშ! - დინჯი და ბრძნული გამომეტყველებით დაარიგებდა ბრუციანი ერეკლე, ჯოხს ჩამოეყრდნობოდა, თეთრ წვერზე ჩამოსვამდა ხელს და ამოიოხრებდა.       ამბობენ ცოლის გარდაცვალების შემდეგ, დარდისგან მალევე დაბრმავდაო.
      გიორგი მხრებს აიჩეჩავდა და წავიდოდა სახლისკენ. მისი სახლიდან კავკასიონის დათოვლილი ქედები მოჩანდა. შეჰხაროდა ყოველ სისხამ როგორ ეზიდებოდა ცა ზურგით სინათლეს. ზუოდა ნოემბრის ქარი და ნახირივით მოერეკებოდა ნისლებს სოფელში. უთენია ფრუტუნითვე ჩამოდგებოდნენ გიორგის კართან თეთრი ნისლები, შეიფხიზლებდა გიორგი, გადაიცვამდა თეთრსავე პერანგს და წავიდოდა წმინდა გიორგის საყდრისკენ. სანამ კარგად გათენდებოდა სამჯერ ან სულაც შვიდჯერ მოასწრებდა ქვის გალავნის შემოვლას, თან წმინდა გიორგის სადიდებელსა მღეროდა. შემდეგ მძიმე ჯაჭვს მოიდებდა ქედზე და ჩოქვით მიდიოდა თეთრცხენიანი გიორგის ხატთან. - შენი ხატის მონა ვარ, წმინდა გიორგო, შენი ხატის მონაო! -  უხაროდა გიორგის „ხატის მონობა“, უხაროდა და ცრემლი სდიოდა. 
     ამბობენ სამაჩაბოლოსა და აფხაზეთის ომშიც  სამხედრო ფორმის  ზემოდან თეთრი პერანგი ეცვაო. სანამ მზის სხივი ხელში ჩაატყდებოდა მანამდე იბრძოდაო...

??????