ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მიწის მკითხველი  ექსკლიუზივი

    გახუა მეცხვარე კაცი იყო. ორმოცი წელი მხრებით  დაჰქონდა წვიმის ღლოფო თუ თოვლის ლილოჭრელი. ორმოცი წელი უფეთქავდა ხელში  შაბოში - ბატკნის ფაშვის ნაწილისგან ანაჭერი დვრიტა, ყველის დედა, ყველის შემკვრელი. მერე თვალის სინათლეს ძალა წაერთვა და ბუხრის წინ ჩამოჯდა. სულ რომ დაკარგა მხედველობა მაშინ გაუჩნდა მის შვილიშვილს ბიჭი -  პატარა გახუა. დიდი გახუა ხელის დაუსვამდა ხოლმე  თავზე, თვალებზე, ცხვირზე , ნიკაპზე  ანგელოზის კბილა შვილთაშვილს, თან ლოცავდა და უგურგურებდა :- თვალისა და გონების სინათლე გიბევროს მამაზეციერმა ჩემო ლამაზო შვილილავო. პატარაც ისე შეეჩვია დიდ პაპას, რომ რაც ფეხი აიდგა,  გათენდბოდა თუ არა მიბრაცუნდებოდა ბერიკაცთან, მუხლებზე ფუმფულა ხელს მოუთათუნებდა და  ზედ აებღოტებოდა. ყურს მიადებდა გულზე, მიეკვრებოდა და ასე ისხდნენ საათობით გაყურსულები. ხან ენად გაიკრიფებოდა ხოლმე პაპა გახუა, ამჩატდებოდა და უყვებოდა შვილთაშვილს ცხვარში გადახდენილ ამბებს. ,,-რაცხან ცხვარში ვიყავ გახუავ, ის ვისწავლე რათ იძახის ცხვარი მეეე, მეეე-ო...რათა შვილავ და  ერთი ცოდვილი მეცხვარე ყოფილა, ეშმაკს უთქვამს, მორჩა შენი საშველი აღარ არის, დაგცემ პირსა და გაგიტაცებ, ჩემი ხარო. მეცხვარე მუხლებზე დავარდნილა, მიშველე ქრისტე ღმერთოო, ისე უღაღადნია რომ ზეცაში ქრისტეს ყურამდე მისულა მისი ვედრება, დაუკრია იმ დიდებულ ქრისტე - ღმერთს ფეხი და ჩამოსულა ამ კაცის საძებნელად. ეშმაკს შეშინებია არ წამართვასო და ცხვრად უქცევია, ცხვრის ფარაში გაურევნია. ქრისტე დადიოდა და კითხულობდა - საითა ხარ აბა კაცო,  რომელი ხარ, ვინ მიხმობდი  საშველადაო? ცხვრად ქცეულ მეცხვარეს სხვა რო ვერა მოუფიქრებია - მეეე-ო დაუძახნია, ქრისტეს დაუნახავს დაზურგზე მოუგდია, ასე დაუხსნია ეშმაკის კლანჭებიდანა. მას შემდეგ ყველა ცხვარი მეე, მეეს  ბღავის შვილავ. -ეგ სად წაიკითხე პაპავ, ჰკითხავდა თვალებდაჭყეტილი პატარა გახუა. - მიწაში წავიკითხე შვილავ, ამოიოხრებდა მოხუცი. -მიწის კითხვა ვინ გასწავლა პაპავ?  - არ ეშვებოდა შვილთაშვილი. მოხუცი პატარას ღიმილით გადაუსვამდა თავზე ხელს.  ას ერთი წლისა რომ შესრულდა  დაიჟინა ბერიკაცმა საფლავი უნდა გამიჭრათო. ცოლმა თავს დააყარა ქვეყნის ნაცილი: - მთლად გამოჩერჩეტდა ეს კაცი , ცოცხალი ადამიანის საფლავის გაჭრა სად გაგონილაო. ასეთი მოხუცი კაცები ცოლებს არ უსმენენ, გახუამაც  ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა ცოლის ქაქანი. გააჭრევინა კიდეც შვილიშვილებს სასაფლაოზე თავის საფლავი. ყოველ დღე ჩაჰკიდებდა ხოლმე პატარა გახუას ხელს და  მიდიოდნენ სასაფლაოზე.   შებინდებამდე იქ ისხდნენ. საფლავიდან ამოღებულ მიწას ნამცეც-ნამცეც იღებდა მოხუცი და მეორე გვერდზე ყრიდა, ხან გუნებაში, ხან ხმამაღლა წამოიტყოდა :-იესო, ძე ღვთისავ, შემიწყალეო. -  როგორც შენ ამძიმებ და აწუხებ მიწას, მიწაც ისე დაგამძიმებს სამარეში შვილო, გახუავ! მე რო აღარ  ვიქნები და ამ მიწას ზედ დამაყრიან, ბუმბულივით დამედება ეს შავი მიწა ჩემო შვილილავ,  მიწის ამდენი დახირშლული  შემიწყალე  აღარ დამამძიმებსო. ბოლო ხორხოშელა რომ ჩამომარცვლა კრიალოსანივით  თითებს შუა და წარმოსთქვა შემიწყალეო , იქედან მესამე  დღეს გარდაიცვალა მიწის უსინათლო მკითხველი. მას და  მის შთამომავლებსაც  ძალიან დიდხანს ეწეოდათ მოხუცის საფლავში ჩატკეპნილი - შემიწყალე!

??????