ქადაგიძე ნინო
გაზიარება

რუფინე - ქერისფერი ექსკლიუზივი

    სახელი შებმულ საყელურსა ჰგავს. დაიბადები, შეგაბამენ პატარა სიტყვას ყელზე და მერე საგზალივით სააქაოშიც უნდა იმყოფინო და საიქიოსაც  წაიყოლო. დაჩემებული ჰქონდა რუფინე ქერისფერს ნიშნავს ლათინურადო  და შერჩა ორი სახელი -  რუფინე - ქერისფერი. თვითონ კი უფრო შავგვრემანი იყო, მაგრამ განა იცოდა. რუფინე კესარიელი მოწამე ყოფილა. მოწამეობისა არ ვიცი, მაგრამ ჩვენი რუფინე ბრმა იყო. ბრმა იყო, მაგრამ ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა. ხალხს სუნთქვით სცნობდა, ღმერთს - გულისყურით. რა მალამო არ წაუსვეს თვალებზე, რა ნაყენი არ ასვეს მშობლებმა, რა  ნახარშით არ მობანეს თვალები, რა საფენი არ აფინეს, რა წყაროს წყალი არ უზიდეს მუჭებით,  არაფერმა უშველა. - ვაი, ჩვენი საბრალო შვილტიალაო,  და იცხოვრეს შვილის სადარდებლით. ან დედის კაბის კალთაზე ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და გვერდზე მიჰყვებოდა, ან -  მამის შარვლის ტოტზე, ასე გამოიდოდა სამზეოზე. ხომ ბრმა იყო, მაგრამ პირველი მერცხლის მოსვლასაც ყველაზე ადრე გრძნობდა, გამთენიის ჟრიალსაც კანზე აქოჩრილი ბუსუსებით ხვდებოდა და მწუხრის სევდასაც განსაკუთრებულად უყუჩდებოდა. 
„ ფერისცვალების შემდეგ ფოთლები სხვანაირად იწყებენ შრიალს, წლეულს მალე დაზამთრდებაო...“  ჩამოფიფქა ქერისფერი რუფინეს გულშიც.
 მერე ჯერ შარვლის ტოტი ვეღარ იპოვა,  რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ კაბის კალთას ვერ მიაგნო ხელის ცეცებით და დარჩა მთლად მარტო. გაკაწრული ნამაყვლარივით შეახმა  ცხოვრება სახზე. 
-როგორა ხარ, რუფინე, შენს ქერისფერ მზესაო! - რუფინეს თავისი სინათლე ჰქონდა შეყუჟული უსინათლო თვალებში, თავისი  სულის ჭრაქი უნათებდა შიგნეულს  და სახეზე ეფინებოდა  კეთილად. თავისი მზე დაუდიოდა სისხლის ნაცვლად ძარღვებში, თავისი ნამგალა მთვარე ეკაუჭებოდა მხარზე, თავისი სამყარო ჰქონდა თავისი ფანტაზიის ნამარაგევი. 
     იჯდა ცხოვრების  ბნელ კუთხეში და თავად ანათებდა  იმ კუნჭულს, მაგრამ განა ვინმე ხედავდა  ? აუვლიდნენ და  ჩამოუვლიდნენ გამვლელები, ცხოვრების შარაზე სწრაფად და გამართულად მოსიარულენი. რუფინე კი იჯდა კუთხეში სულმბჟუტავი.  
   ხშირად წაიღებდა ხოლმე ფიქრის მღვრიე ღვარი :  - არც ვიცი ვისთვის ვარ, არც ის ვიცი რისთვის ვარ, ეტყობა ადამიანმა წუთისოფელი  თავისი სულის ციცინათელა შუქით უნდა გაანათს, ეტყობა მაგიტომაც  მოდის  ამ  ქვეყანაზეო. 
     გადიოდნენ და გამოდიოდნენ გამვლელები წუთისოფლის სლიპინა გზაზე,  რუფინე კი იჯდა ცხოვრების ბნელ კუთხეში მიკუჭული და კელაპტარივით ეწვოდა სული. 

??????