ქადაგიძე ნინო
გაზიარება

წერილი ღვთისმშობელს  ექსკლიუზივი

     გამარჯობა,  ბროწლისფერო ღვთისმშობელო. წერილს გიგზავნი ჩიტისგულისხელა საქართველოდან. აბა, მე ლოცვის შნო ვინ მომცა, და ისევ ასე, წერილობით  საუბარი ვარჩიე. წერილს ვატან ჩვენი ეზოს მტრედს, მარუსა ბაბოს სახლის სხვენზე რომ  ღუღუნებს ხოლმე. გეცოდინება,  მარუსასაც  მოუკლეს შვილი, ოღონდ ჯვარზე კი არა - აფხაზეთის ომში. შვილის დასაფლავებიდან მეორმოცე დღეს ერთი თეთრი მტრედი მოფრინდა და  მის სხვენზე დაბინავდა.  დილდილაობით მოაჯირზე ჩამოუსკუპდება ხოლმე და ის  ხორბალს აჭმევს, იმ ჯამიდან მიცვალებულს რომ ედგა თავთით, შემოუნახავს, საფლავზე არ მოუპნევია, თეთრ მტრედს უზოგავს. მტრედის მოსვლის შემდეგ მარუსა ბაბომაც გაიხადა შავი პერანგი, აღარა ვაარო ჭირის პატრონი, თეთრი ხილაბანდი წაიკრა და  ასე დადის.  
      ხვალ მარიამობაა, როგორც მარუსა ბაბო იძახის - მარიამულა. გამოაცხობს ახლა  „ბურჟოიკა“ ნამცხვარს, ბაზარში იყიდის ბრიალა მაყვალს, თითისხელა ყურძენს, გადამსკდარ ლეღვებს, იქნება შინდსაც, ტარხუნის ლიმონათს, გაშლის სუფრას, აანთებს საკმეველსა და სანთელს, კედლიდან ჩამოხსნის თავისი შვილის სურათსა და შენს ხატს,  აი, ძოწიფერი ქლამინდი რომ გახურავს მხრებზე. მეც დამიძახებს, თავჩაღუნული ვზივარ ხოლმე  სუფრასთან, ფოტოზე მისი შვილის თვალებიდან თალხისფერ მზერას ვიჭერ,  მაგრამ  შენ თვალს ვერ გისწორებ. ასე მგონია ხოლმე, შენი ღაღანა წითელი სამოსი ქრისტეს  სისხლია, მხოლოდ ამ დღეს, ოცდარვა აგვისტოს  ფეხშიშველა გადაივლი საღამოს  ჩამავალ მზეზე და მზე გაწითლდება, ღრუბლებიცა და ამ სიწითლეს აირეკლავს მიწაზე - წყალი.  ჰო, გადავლაზე გამახსენდა, ღვთისმშობელო, აუცილებლად გექნებოდა გამობმული კაბის კალთაზე ჩემი ჩიტისგულისხელა საქართველო, ეტყობა ისევ ჩვენი ცოდვების ეკალ - ღიჭოზე წამოგედო კაბის კალთა და  გამოიხა აფხაზეთი და სამაჩაბლო, იქეთაც ტაო, ცოტაც ჰერეთი... ჩვენ დედისმაგინებელთა, ჩვენ ჩვილების მუცელში  მკვლელთა, ჩვენ გულღრძოთა, ჩვენ შურიანთა, ჩვენ ძმის მკვლელთა, ჩვენ სიგარეტის მწეველთა, ჩვენ ნარკოტიკებში შვილების მხოცველთა.... მაგრამ შიგადაშიგა  ვნანობთ ხოლმე, როგორც შეგვიძლია. არ გვიწყინო პირისფერო, შეუწველო, ტკბილო  ღვთისდედავ,  როგორც შეგვიძლია ისე გვიყვარხარ, განა არა?  
    მიძინებულო ღვთისმშობელო, ბევრს არ მოგაცდენ, დღეს კი არა გცალია, მაგრამ  როცა მოიცლი, დაძენძილი საქართველო ამოიკემსე, განაახლე, შენი კაბის კალთაზევე  გაამთლიანე.  მე და მარუსა ბაბო გვიანობამდე ვისხდებით ახლა მაგიდასთან, ის გაიხსნებს თავისი შვილის ბავშვობის ამბებს, ალბათ მეასედ, მეც მესაედ მოვუსმენ რომ  ჯიუტი იყო, კერპი.... ჩაიწვება საკმეველის ნატეხივით დღევანდელი დღეც და შენს სულს, გაზაფხულზე ჯაგრცხილებიდან ამოპარული  იის სუნი აუვა, საკმევლის კვამლივით  აიწევს ცაში. 
    ნახვამდის, ჩემო ბროწლისფერო ღვთისმშობელო. წერილს გიგზავნი ჩიტისგულისხელა საქართველოდან, აბა, მე ლოცვის შნო ვინ მომცა, და ისევ ასე, წერილობით  საუბარი ვარჩიე. წერილს ვატან ჩვენი ეზოს მტრედს, მარუსა ბაბოს სახლის სხვენზე რომ  ღუღუნებს ხოლმე. გეცოდინება...

??????