ქადაგიძე ნინო
გაზიარება

აგვისტოს ომი და ჩვენი კაკლები ექსკლიუზივი

        ბოდბისხევიდან   ძმაკაცს გამოუტანებია  კაკლის ნერგები პაპაჩემისთვის. ერთი ეზოს დასაწყისში  - ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ, საძროხის გვერდით დაურგავს, მეორე - ცოტა ზევით, ეზოს შუაში, მესამე კი სახლის უკან - ბაღჩის ბოლოში. ისე უვლიდა, ისე უვლიდა, პაპაჩემი სამი კაკლის ხეს თურმე,  როგორც სამ ბიჭს - ბებიაჩვენი,  ცივ ნიავს არ აკარებდაო. იდგნენ მდუმარედ და იზრდებოდნენ შვილებთან ერთად. თუმცა პაპაჩემი ამბობდა რომ საუბრობენო. - საუბრობენ არა და ისა, - შევყურებდით უზარმაზარ კაკლის ხეებს და ვიხოცებოდით სიცილით ბავშვები. ჩვენთან ერთად  ჩვენს  ორ  სიტყვაძუნწ ბიძასაც ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა. 
     სოფელში ყოველ  ჩასვლაზე  თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ კაკლები მართლაც კაცებივით იდგნენ,  ვარჯიანი, სქელქოჩორა, სქელქედიანი  ბიჭები და ცასა სწვდებოდნენ თავიანთი  მდუმარებით.  ეზოს შუაში რომ კაკალი იდგა, ერთ ზაფხულსაც შვილიშვილებმა ვთხოვეთ პაპაჩვენს, საქანელა ჩამოგვიბი რაა, პაპიო.  იუარა, შაფრანი ვაშლის  ხეზე  ჩამოგვიკიდა, ოღონდაც აქ არაო, როგორ ვაკადრებ კაკალსაო, რა ვაჟკაცის საქმეა საქანელების ფრიალიო. - არა და შენმა მზემ, ომში წაგივლენო,- სიცილით გაეძრახა სამზარეულოდან  ბებიაჩემიც.  კაკლები არა, მაგრამ ჩემი ორი ბიძა  წავიდა მოხალისედ იმ ზაფხულს ომში. 
     როდესაც  ომში ბიჭების გარდაცვალების ამბავი მოუტანეს პაპაჩემს,  სახლუკან და შუა ეზოში რომ  კაკლის ხეები იდგა მოჭრა,  წააქცია და თავისი ხელით დაამზადა  ორი კუბო  შვილებისათვის. -მძიმე იქნება, ნედლი  ფიცარია და არ ივარგებსო, -  ვერაფერი  შეასმინეს გახევებულს, გამტკნარებულს, მიტკლისა და მიწიფერასა. 
      ომის შემდეგ, სამი  წლის თავზე  ისევ თავზარი დაგვეცა. იმ ღამით ისეთი ჭექა - ქუხილი ატყდა, ისეთი თქეში  წამოვიდა, ისე ანათებდა ცა... პაპაჩემს დავუშალეთ არ გახვიდეო, მაგრამ ძლიერ გრუხუნზე გავარდა გარეთ და არიქა, ცეცხლიო... ეზოს დასაწყისში, საძროხის გვერდით მესამე კაკლის ხეს  დაეცა მეხი....ძლივს ჩავაქრეთ, რომ საძროხეს არ გადასდებოდა. 
      ახლა ვდაგავრ ჭიშკართან, გავყურებ ეზოს და ვფიქრობ, ის ნამეხარი, გადამწვარი  კაკლის ხე უთუოდ პაპაჩემია, შუა ეზოსა და სახლს უკან გადაჭრილი კაკლის ხის კუნძები კი - აგვისტოს ომში დაღუპული ჩემი ორი ბიძის საფლავი.  ამ გაზაფხულზე უნდა ვთხოვო, წავიდეს მამაჩემი   პაპაჩემის მეგობართან ბოდბისხევში, ისევ ჩამოიტანოს სამი კი არა, ხუთი, ექვსი, შვიდი... კაკლის ნერგი და დარგას ეზოში, მწკრივად, ჯარისკაცებად...  აბა, სქელქოჩორა, სქელქედიანი, ვარჯიანი, კაკალა  ბიჭების გარეშე ხომ არ დავრჩებით, რომლებიც ცასა სწვდებიან თავიანთი მდუმარებით.

??????