ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ხარა - ბერიას ხარება ექსკლიუზივი

   ზამთარშემოფცქვნლი მზე  ცის  საბუდრიდან ჯერ მინდვრებზე  გადმოკოტრიალდა, დაგორდა და დაუყვა  ანეულებისკენ გზას.  იგორა, იგორა,  ბნელი ხევის  პირას იების იისფერ წყაროსთან ჩაგორდა,  დაეწაფა. წყურვილი რომ მოიკლა, ისევ  სინათლის  საბუდარში ჩაჯდა და იის სურნელიც აუშვა. გაზაფხულდა. მზისა და მიწის სუნმა გამოაფხიზლა ზამთრისაგან დაღონებული ადამიანებიც, მიწაც.
     -ეჰეჰეეი! გაზაფხულდაო,- გადასძახეს ერთმანეთს  და  გამოეფინნენ ბაღებში, მინდვრებში, გზის პირებზე.... მიაფიცხეს მზეს შეციებული მხარ-ბეჭი და  დამზრალი ძვლები გასათბობად. გამოუშვეს ბაგას მიშტერებული  მთვლემარე საქონელიც. ზამთრის ფერადი სიზმრებიც დაკეცეს.  ზოგი ჭრელი მუთაქის ქვეშ ამოდეს, ზოგი საღამურის პერანგის ჯიბეებში ჩაკუჭეს, მომავალი ზამთრისათვის გადაინახეს.  ზოგიც  გულისბუხარში გადამალეს,  ზოგიც - თვალის გუგების შიგნით. 
     -ბერია, გაიღვიძე, ხარა-ბერიავ, გაზაფხულდა, კაცო, - შეაფხიზლეს ხარა -ბერიაც თანასოფლელებმა, შეუხსნეს ზამთისაგან ჩაგმანული ჭიშკარი.  - დიდი უცნაური ვინმე კი არის, შენი ჭირი მე. გაიღვიძოს თორემ ქვეყანას გადააბრუნებს, გამოვა და დადგება ისევ ვედრებადო. 
     ბერიას ხარას იმიტომ ეძახდნენ, რომ გუთნისდედა იყო, ხარივით ძლიერი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი იყო უცნაურად კი იქცეოდა. აღარცა ხნავდა და აღარც თესავდა. ხარება დღეს  აპეურს ქედზე გამოიბამდა, დანგრეული ნასაყდრალიდან  გადანახულ  ზარს ქედზე შეიბამდა, ხელებს ცისკენ ასწევდა ვედრებით და იდგა ასე თავჩაღუნული და ხელაპყრობილი გვიან შემოდგომამდე ეზოში.  -ან არა გცივა კაცო, ან არა გცხელა, ან არა გშია, ან არ გწყურია, ხან ზედ რომ გაწვიმს, ხან  ზედვე რომ  გაშრება ნაწვიმი? - რა ვქნა, ხალხო, მზისკენ აშვერილ ხელისგულებზე მერცხლები ბუდეს იკეთებენ, ხელი რომ ჩამოვწიო, ხო  დაენგრევათ, ხო ვეღარ გაიხარებენო. - ისეთი დანანებით იტყოდა, აღარავინ ეპასუხებოდა ხოლმე, დგაას და იდგეს რა, ჩვენ რააო რო! მერცხლები ხარების მეორე დღესვე მოფრინდბოდნენ ხოლმე ხარა - ბერიასთან და მის განიერ ხელისგულებზე იწყებდნენ ბუდის აშენებას. ეზიდებოდნენ ბალახსა და ტალახს. დებდნენ კვერცხებს, კარგა ხანს ისმოდა მერე ხარა- ბერიას ხელისგულებიდან ღვლიპინა ბარტყების ჭივჭივი. 
   იდგა ამოდენა კაცი მზისკენ ხელაპყრობილი მერცხლის ბუდეებით და  ბაო ჩრდილი ბალახზე მცირე  ჰქონდა. არც კი ეტყობოდა დედამიწას. ხან ერთი მეზობელი შემოხსნიდა კარს და ორ ლუკმას მიაწვდიდა, ჭიქა ღვინოს ან წყალს შეასმევდა, თუ  წვიმდა  ხარა მხრებზე საწვიმარს მოაგდებდა, თუ ცხელოდა - საჩრდილობელს. ასე მიატანინებდნენ ხოლმე შემოდგომამდე, სანამ მერცხლები თბილი ქვეყნებისკენ გაფრინდებოდნენ. 
    იმ წელსაც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად მიდოდა ყველაფერი, მაგრამ უცნაური ამ ამბავში ის იყო, რომ  იმ წელს  თეთრი მერცხლები მიფრინდნენ ხარა- ბერიასთან. - ბერიავ, ჩამოუშვი ხელები, კაცო, აბა,  რანაირი მერცხლები მოგივიდნენ, თეთრი მერცხლები  ვის გაუგონია, გვაჩვენეო!  - მერცხალი, მერცხალია, თეთრი იქნება თუ შავი, რა მნიშვნელობა აქვს, ხო მოფრინდნენო, - დაიჟინა ბერიამ და ხელები არ ჩამოსწია, მაგრამ  იმდენად აინტერესებდათ ადამიანებს თეთრი მერცხლების დანახვა, რომ ზეზეულად ჩამოძინებულ ბერიას ღამე ჩუმად მიეპარნენ და ამოუსხეს   მერცხლები და დატოვეს უმერცხლოდ. თეთრი მერცხლები შეფრთხიალდნენ და  ვინ იცის საით წავიდნენ...
თავიდან არ იმჩნევდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ეს ამოდნა კაცი  დარდისაგან ჩამოდნა, ჩამოიღვენთა  და თავის ბაო ჩრდილზე პატარა გახდა. ვეღაც ნასაყდრალიდან გადმოტანილ ზარსღა ძრავდა, ვეღარც ხელებს ეწეოდა მზისკენ. ისევ გამოდიოდა ხოლმე ხარების მეორე დღეს მზერას მიაპყრობდა  ცისაკენ, იქნება და მოფრინდნენ ჩემი მერცხლებიო, მაგრამ  აბა, მერცხლები როგორღა დაეტეოდნენ მის გალეულ ხელის გულებზე.

??????