ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მიხა პაპა გორშეღმადან ექსკლიუზივი

      მთის წვერზე ედგა, სახლი არც ეთქმის, პატარა ქოხი, მარტოობით, ტკივილითა და ფიქრით ნალესი, ან როგორ ეტეოდნენ იმ პატარა ქოხში ამდენი. ზაფხულობით ბალახი მწიფდა, ზამთრობით - თოვლი. სულ მარტო იყო. ცალიკაცი თავხედ ედგა ქოხს, ბეჭებით ეჭირა ტოლგადაფარებული სახურავი. ზამთრობით კვამლით ეკიდა ცასა და მიწას შუა ქოხი, მარტოკაცის  გულის ბაგუნითა და საქონლის  ნასუნთქი ცხელი ორთქლით,  საქონლის ფრუტუნით, ფართო ნესტოებიდან რომ უშვებდნენ ნება-ნება.  ზაფხულობით  კუტბალახი და ჭყიმი იყო იმისი მოლი, მწვანე ხალიჩა. ეზოს ბოლოს ცალი მდინარე დაუდიოდა. ცალი სიზმარი ედო მდინარეს  სველი ლოდის ქვეშ, მხოლოდ მარტოკაცმა იცოდა რა სიზმარსა სჩქეფდა მდინარე. ჩქაფაჩქუფით გადალახავდა მდინარის წყალსაც  გაღმა-გამოღმა. წყალიცა სცნობდა და ეპკურებოდა გულის პირზე ფანცქალ-ფანცქალით, თევზებიც სხარტალით ეხეტქებოდნენ მკერდზე.  ცალი პეპელა დჰფარფატებდა თავზე, ცალი ჩიტი დასჭიკჭიკებდა, ცალად  ჰყვაოდა იმის მთაზე დეკა და გუგულისკაბა, იფანიც კი  ცალ ფოთოლს იბამდა. ცალ მხარზე ცალი მთვარე ეკაუჭებოდა, ცალზე - ცალი მზე ესახა. ცალ ვარსკვლავსა სჭედდა ღმერთი ყოველ ღამე ცაზე მაგისთვის. სულ მარტო იყო, ცალუღელა, ცალარქა, ცალადირე - ხიდად გადებული მთასა და ბარს შორის, ყოფნასა და არ ყოფნას შორის. 
-მიხა პაპა, როგორა ხარ, როგორო?
-აბა, როგორ ვიქნები, შვილო, რვა თვეა ადამიანის ხმა არა მსენიაო. ძლივს გადაითოვლა, გადაიზამთრა, გადაიამინდაო. 
     აუტანდნენ ხოლმე ტანსაცმელს, სარჩოს, საჭიროს. მოინახულებდნენ იქნება და ხშირ-ხშირადაც შემოდგომამდე. მერე მშიერი მგელივით მიადგებოდა ხოლმე მოზვავებული ზამთარი და  მიჰფიფქავდა ფარო-ფარო, ფთილა- ფთილა. სადაც კი ზვავი დასცურდებოდა, ყველა ზვავი თითქოს  მაგის ბეჭებზე გადადიოდა გრიალით. სადაც კი ქარი წამოიქროლებდა, ზედ  ბეჭებზე ეხეთქებოდა ეგ კუდბაწარა და არიალებდა.  ცალი ნათურა ენთო შორს მთებში და იქ დანთებული ცეცხლი თუ სინათლე, ბარსაც სწვდებოდა, ბარსაც ანთებდა, ბარის სოფელსაც, დაბასაც, ქალაქსაც. ხალხი  ფეხის აჩქარებული ნაბიჯით დადიოდა,  ხვდებოდა, ხელს ართმევდა, საუბრებოდა  ტელეფონით, ინტერნეტის საშუალებით. ცალი კაცი კი ცალ მთაზე იდგა და დროის ნისლა ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული. იქ ჟამიც იდგა. 
   ძალიან რომ გაუდაბურდებოდა ფიქრით, გატიალდებოდა, გადასწევდა ფარდასა და გადმოიხედავდა აქეთ, ბარსა თუ ქალაქში. ხელს მოიჩრდილავდა თაველბზე, აბა, როგორა ხართ უჩემოდო? მისი ხმა, რა თქმა უნდა, არავის ესმოდა, მაგრამ სადღაც გულის  კუნჭულში კი ერთი წამით, რაღაცა სტკიოდათ  ადამიანებს და ვერ გაეგოთ რა იყო, ისე იყვნენ გართულები თავ-თავიანთ საფიქრალში, თავ - თავიანთ მდუღარე ცხოვრებაში, ისიც მხოლოდ ერთი წამით წასჩხვლეტდათ ფიქრი. მერე კიდეც ავიწყდებოდათ,  და არც კი იცოდნენ, რომ სადღაც შორს, მთებში ცალუღელა, ცალრქა, ცალადირე კაცი ცოცხლობდა. ყველას ნაცვლად ის სტკეპნიდა და პატრონობდა იქ მიტოვებულ მიწასა თუ  ნაფუძრებს, მთის ძუძუს-მტე იყო, ერდო-ბანის ძუძუს მტე, იქაურობის პატრიარქი.

??????