ქადაგიძე ნინო
გაზიარება

გოგონას და გლადიოლუსის ზღაპარი ექსკლიუზივი

     ერთ დიდ ქალაქში, დიდი  კორპუსის დიდ ბინაში პატარა გოგონა ცხოვრობდა. გოგონას დედიკო  და მამიკო  ჰყავდა, მაგრამ ისინი სულ სამსახურში იყვნენ და ხშირად დიდების  საქმეებით დაკავებულნი, ამიტომ პატარა გოგონას ძიძა უვლიდა. მშობლები როდესაც სამსახურში წავიდოდნენ და გოგონას დედა- ლოყაზე,  მამა კი ცხვირზე აკოცებდა, კარს გაიხურავდნენ თუ არა გოგონას საოცარი მოწყენილობა ეუფლებოდა, თუმცა თავისი მოხუცი ძიძა ძალიან უყვარდა და მასთან თამაშიც,  მაგრამ გოგონა ეძებდა  პატარა მეგობარს, ვინც გაუგებდა ბავშვურად, ვისთანაც გულს გადაშლიდა თავისებურად...  
      ნაშუადღევს, გოგონა და ძიძა   ბეტონის მაღალი კორპუსის მოშორებით, ერთ პატარა სკვერში სეირნობდნენ ხოლმე. სკვერს ღობეც ეკრა და საქანელა, აიწონა-დაიწონაც იყო, მაგრამ გოგონა ზედაც არ უყურებდა ხოლმე არც ერთს. წავიდოდა და დაჯდებოდა მოშორებით სკამზე, ერთ შემოღობილ გაზონთან, სადაც ფერად-ფერადი ყვავილები ყვაოდა:  ოქროცერცვები, კალენდულები, გლიცინიები, ნემსიწვერები, ჰორტენზიები... 
       და, აი, ერთ ჩვეულებრივ დღესაც გოგონა როდესაც გვერდით მიუსკუპდა ყვავილებს და თავისი ლამაზი თვალებით ეციცავებოდა  ერთი მააააღალი, ვარდისფერი, მოხდენილი და სიფრიფანაყვავილებიანი გლადიოლუსი გადმოიხარა გოგონასკენ და ლოყაზე ნაზად აკოცა. ეს ჩვენ გვეგონებოდა, ჩვეულებრივ ადამიანებს რომ ნიავმა დაუბერა და ფერმკრთალად გამჭვირვალე ლოყაზე შეეხო გოგონას  სიფრიფანა ყვავილის ფურცელი, თორემ არაჩვეულებრივი გოგონები ხომ ასე არ ფიქრობენ?! 
     მოკლედ, სათუთი გოგონა და მააააღალი, ვარდისფერი, ტურფა გლადიოლუსი  დამეგიბრდნენ. შინ დაბრუნებული გოგონა უფრო მეტს იღიმებოდა, უფრო მხიარული იყო და სიხარულით ყვავილიბის ფრუცლებივით შეუფერადდა   გამჭვირვალე ლოყებიც კი. ყველას უკვირადა და უხაროდა კიდეც გოგონას ასეთი გამხიარულება, მაგრამ რადგან გოგონა მიზეზს არ ასახელებდა, თავი დაანებეს,  უფროსებისთვის მთავარი იყო გოგონას  ბედნიერება.  იმდენი დრო კი ვის ჰქონდა გამოეკვლია თუ რატომ  იყო იგი  ბედნიერი?! როდესაც მშობლები სამსახურში წავიდოდნენ და კარს მიიხურავდნენ, გოგონას მოუთმენლობა იპყრობდა, ერთი სული ჰქონდა როდის გაისეირნებდა ძიძასთან ერთად სკვერში და ნახავდა თავის სანატრელ  მეგობარს. ასე გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ... 
       ზაფხული იწურებოდა,  გოგონას შეეშინდა შემოდგომის სუსხმა და მომავალმა ზამთარმა მეგობარი არ დამიჭკნოსო და მოიმარჯვა სათამაშო ნიჩაბი, პლასტმასის ვედრო და ისე წავიდა  სკვერში. ძიძა კი გაოცდა, არასდროს ქვიშაში არ გითამაშია, მხოლოდ ყვავილებს შეჰყურებ და მიხარია ახლა ქვიშაში გართობა რომ გადაწყვიტეო. გართობა კი არა, გოგონა როგორც კი მივიდა პატარა სკვერში, მოიმარჯვა თავსი იარაღები და გაზონის მიწის ჩიჩქვნა დაიწყო, ცდილობდა ყვავილი როგორმე ამოეთხარა და შინ წაეღო მიწიანად. 
     ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა ამბავი დატრიალდებოდა? ზოგიერთი უფროსი კიცხავდა გოგონას:  როგორ არ გასწავლეს ყვავილების გაფრთხილებაო? ზოგიერთი თავს მწარედ აქნევდა : რა მშვენიერი გოგონაა და როგორი დაუნდობელი, რას ერჩის საბრალო ყვავილსო? ზოგიერთი ჭკუას არიგებდა : გოგონა, არ შეიძლება, ახლავე მოცილდი გაზონს, თორემ პოლიციას დავუძახებთო. ამ აურზაურში სასტვენის ხმაც გაისმა და გაზონის გვერდით აისვეტა ერთი, ძააალიან მაღალი პოლიციელი. მაშინვე ჯიბეზე იტაცა ხელი და კალმისტარი ამოიღო, მეორე შარვლის ჯბიდან რაღაც წიგნაკის  მაგვარი მოიმარჯვა  და თურმე ჯარიმის წერას შეუდგა. 
-გოგონა- მოქალაქევ, თქვენ დაჯარიმებული ბრძანდებით ასი ლარით გაზონისა და ყვავილის დაზიანებისთვისო!  ამ აურზაურზე  გულგახეთქილი ძიძაც გამოჩნდა და გოგონას გადაეფარა : - როგორ გეკადრებათ პატივცემულო ახმახო, გოგონა სულაც არ ფიქრობდა გაზონისა და ყვავლის დაზიანებას, იგი  თვეებია ამ სკვერში ზის და ყვავილებს შესციცინებსო!  არა და არაო, თავს აქნევდა პოლიციელი! გოგონას ისე შეეშინდა, ისე შეეშინდა, გულმა ამ ხმაურს ვერ გაუძლო და ღაპაღუპით გადმოვარდა ორივე თვალიდან ცრემლი. იმდენი იტირა, იმდენი ცრემლი აფრქვია, რომ  გაზონი დაიტბორა, დაიტბორა და  ნაკადულივით  გადმორაკრაკდა  იქედან გოგონას ცრემლი. და ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ სადაც გოგონას ცრემლი ეცემოდა ხან გლიცინიები, ხან გლადიოლუსები, ხან ოქროცერცვები, ხან ნემსიწვერები თუ ჰოპრტენზიები ამოდიოდა და მათი ყვავილის ფურცლები გოგონას ცრემლებივით ათასფრად ბრჭყვიალებდა. ახმახი პოლიციელი გაშრა, ჭკუის დამრიგებლებმაც შეწყვიტეს ქოთქოთი. გოგონას ცრემლებით დანამული სკვერი კი ფერადი  ყვავილებით იწონებდა თავს. ამბობენ, იმ წელს არც მკაცრი ზამთარი დამდგარა და ის ყვავილები ყვაოდნენ და ყვაოდნენო, თუმცა ეს ძალიან ძველი ამბავია და რომ გაიკითხოთ,  შეიძლება უკვე არავისაც აღარ ახსოვდეს.

??????