გაზიარება

ზარმაცების სკოლის ზღაპარი ექსკლიუზივი

     შენ  ხომ  ჩვეულებრივ სკოლაში  დადიხარ, აი, ისეთში გაკვეთილები 9 საათზე რომ იწყება და ორმცოცდახუთი წუთი გრძლედება, დედიკო სუფთად და ლამაზად ჩაცმულს გიშვებს. სათვალიანი ან უსათვალო მასწავლებელი, მაგას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შემოდის კლასში და იწყება საინტერესო აქტივობები.
    მე კი ახლა რომელ სკოლაზეც უნდა გიამბო, ჩვეულებრივი სკოლა კი არა, ზარმაცების სკოლაა, სადაც გაკვეთილები თორმეტის ნახევარზე იწყება და  სულ თორმეტი წუთი გრძელდება. სამაგიეროდ დიდი დასვენებაა ოცდახუთი წუთი, დღეში სულ ორი გაკვეთილი აქვთ, ამ გაკვეთილებსაც ისეთი ზარმაცი მასწავლებელი  ატარებს, ნახევარი გაკვეთილი ამთქნარებს. მოკლედ, არც მეტი, არც ნაკლები, ზარმაცების სკოლაა! და ბავშვები, არ იკითხავ  როგორი ბავშვები სწავლობენ? უბეჯითესი ბავშვები არიან და იხვეწებიან, კიდევ უფრო მეტი დავალება და სასწავლი მოგვეცით რა, ქალბატონო მასწავლებელოო! ზარმაცი სკოლის ზარმაცი მასწავლებელი კი ყურსაც არ იბერტყავს! 
-რად გინდათ ბავშვებო ამდენი მეცადინეობა, მასე ხომ ძალიან ჭკვიანები გამოხვალთო? 
     ყველაზე საინტერსო ამბავი კი ისაა, რომ ამ ბეჯით ბავშვებს ზარმაცი მშობლები ჰყავთ, სწორედ მათ შეიყვანეს ზარმაცების სკოლაში თავიანთი შვილები. დილით ადრე გაღვიძება ეზარებათ და რადგან ზარმაცების სკოლის ავტობუსი გვიან და ზოზინით მიდის სკოლაში, უკეთესს რას ინატრებდნენ?! 
    ზარმაცი მშობლების ბეჯითი შვილები ადრე დგებიან, ფაფას  იხარშავენ, ფაფის რძიან თეფშს ბოლომდე აპრიალებენ, ჟოლოს ან მარწყვის მურაბიან ჩაის აყოლებენ, გამოიპრანჭებიან და სხედან და ელოდებიან დედიკოებს ან მამიკოებს, როდის გაიღვიძებენ, რომ ბავშვები სკოლაში გაუშვან, თუმცა ისინი გაღვიძებას არც ჩქარობენ, რადგან მათ სამსახურებიც  ზარმაცული აქვთ. ამიტომ ხან ერთ გვერდზე გადაკოტრიალდებიან და ტკბილად ფშვინავენ, ხან მეორე გვერდზე. მათი მაღვიძარაც დიდი ზარმაცი ვინმეა, ხან საერთოდაც არ რეკავს, ეზარება ხოლმე რომ მშობლები გააღვიძოს. რა უნდა ქნან ამ დროს ბეჯითმა ბავშვებმა? ადგებიან, გოგონები დაიხურავენ წითელ ან მწავენ ბერეტს, ბიჭუნები - კეპს, გაუყრიან მკლავებს ჩანთაში და კიბეებს კი კუნტრუშ- კუნტრუშით ჩადიან, მაგრამ სამაგიეროდ სკოლის ავტობუსი მიიზლაზნება ნეეელა, ძალიან ნეეელა, ჯერ ერთ საბურავს გადააგორებს ხვნეშა -ხვნეშით, მერე - მეორეს, მერე შუქნიშანზე მწვანეზეც, წითელსა და ყვითელზეც ერთნაირად გაჩერდება, ნეტა როდისღა მიდის? გაკვეთილზე უსათუოდ აგვიანებს, მაგრამ უფრო მეტად ზარმაცუნა სათვალიანი ან უსათვალო მასწავლებელი აგვიანებს.... აი, ასე გადის ზარმაცების სკოლაში დღეები. 
    სავარაუდოდ, ამ ქალაქში, მხოლოდ ბავშვები არიან ბეჯითები და მოწსერიგებულები, თორემ განათლების მინისტრიც დიდი ზარმაცგუდა ვინმე ჰყავთ. 
მეც დიდი სიამოვნებით ვივლიდი ზარმაცების სკოლაში. ალბათ, უკვე გავიზარდე, თქვენსავით ბეჯითი არა ვარ ბავშვებო და იმიტომ. 

??????