ქადაგიძე ნინო
გაზიარება

უზრდელი ბიჭის ზღაპარი  ექსკლიუზივი

    გაგიკვირდებათ და, მხოლოდ ზრდილობიანი კი არა, უზრდელი ბიჭებიც არსებობენ თურმე! ისეთები, ვინც დედებს არ უჯერებენ, თმას არ ივარცხნიან, არ ბანაობენ, მოთხუპნული და აბურძგნულები დადიან. ეზოში კატებსა და ძაღლებს აწვალებენ, მერცხლებს  ქვებს ესვრიან, ბებია-ბაბუებს ეჭყანებიან და მეზობლებს არ ესალმებიან. გაგიკვირდათ ხომ? დიახ, არსებობენ თურმე ასეთი ბიჭებიც და ერთი ასეთი ბიჭი იმ ქალაქშიც  ცხოვრობდა, რომელ ქალაქზეც მე გიამბობთ. 
   დილით ადგებოდა და პირს არ დაიბანდა,  კბილებს არ გამოიხეხავდა, საუზმის მირთმევის შემდეგ, მადლობას არ გადაუხდიდა დედას. ბებიას საქსოვ გორგალს ფეხს გაჰკრავდა და ვინ იცის საით გაგორდებოდა  და როგორ აიბურდებოდა გორგალი, ყველაფერი კი კატას ბრალდებოდა, და მთელი დღე ბებია ქოთქოთით ართავდა ახლართულ ბაწარს  ერთმანეთისგან, მაგრამ რა იცოდა რომ ფისუნია ფასოს კი არა, ეს სულ უზრდელი ბიჭის ოინები იყო. სადარბაზოსა და  ლიფტის კედლებსაც კი წვეტიანი ლურსმნით კაწრავდა, ზედ უზრდელურ სიტყვებს აწერდა.  შეშფოთებულები დადიოდნენ მისი მეზობლები, მაგრამ ბიჭი არც იმჩნევდა. 
    ერთ დღეს კი, როდესაც სკოლაში მიბრძანდებოდა, გზად ასფალტზე დაინახა შავი ხოჭო  მიღოღავდა, ფეხი უნდა დაედგა, მაგრამ ხოჭო ალაპარაკდა. -ნუ გამსრეს, კეთილო ბიჭუნა და ერთ სურვილს აგისრულებო! -კეთლო? გადაიხარხარა ბიჭუნამ, კარგი, გასრესით არა, მაგრამ  დაიხარა და ხელით ისეთი წკიპურტი ამოსცხო, ხოჭო სად გადაგოირდა თვალი ვეღარც გავადევნე.  გზა არხეინად განაგრძო. სკოლის ჭიშკარი ფეხით შეხსნა, არც სკოლის დარაჯს მისალმებია, კიბეზე რომ ადიოდა ნაგვის ურნას გაჰკრა ფეხი და რა ქაღალდებიც იყო ურნაში ერთიანად დერეფნის იატაკზე მოიბნა. ბიჭმა გადაიხარხარა და გაიარა, ისე რომ არც ბოდიში მოუხადა სკოლის დამლაგებელს. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, მაგრამ საღამოს რაღაც შეუძლოდ იგრძნო თავი.   თურმე რამდენჯერაც გამარჯობას არ იტყოდა, ან მადლობას არ გადაიხდიდა, ან ბოდიშს არ მოიხდიდა,  უზრდელ ბიჭს ეს სიტყვები არ მოასვენებდა, შარვლის ჯიბეში ჩაუსკუპდებოდნენ და თან ატარებდა.  პირველი  ორი დღე არ იყო რთული, ერთი კინკილა ბოდიშისა და გამარჯობა- ნახვამდის  ტარება, მააგრამ ერთ კვირაში იმდენი სიტყვა დაუგროვდა, ბიჭი ფეხზეც ვეღარა დგებოდა. შეწუხდნენ მშობლები, ბებია და ფისოც კი, მაგრამ ამაოდ. ვერავითარი წამალი ვერ შველიდა ბიჭს. 
     ერთ დღესაც როდესაც საწოლში გაშოტილიყო და ტიროდა, ფანჯარასთან ის შავი ხოჭო  მოფრინდა და ბიჭს ბჟუილით უთხრა: შენ თუ საქციელებს შეიცვლი,  გეშველებაო! 
-რა, რა უნდა გავაკეთო, რომ ფეხზე წამოდგომა შევძლოო- ტირილით ეხვეწებოდა ბიჭი.
    შავმა ხოჭომ დაარიგა, რომ არა თუ სულიერს, უსულო საგნებსაც კი უხეშად  არ უნდა მოქცეოდა, ზრდილობიანი ყოფილიყო და ეს კეთილი  სიტყვებიც არ დაამძიმებდა. 
ხედავთ. თურმე არა მხოლოდ ბოროტ სიტყვას, კეთილ სიტყვასაც წონა ჰქონია.... ბიჭმა, როგორც კი მადლობა გადაიხადა  ხოჭოს  დარიგებისთვის, მაშინვე ცოტა შვება იგრძნო. მერე ხან ბებიას სთხოვდა პატიებას, ხან პატარა ფისო ფასოს, ხან დედას, ხან მეგობრებსა თუ მეზობლებს და ბიჭი ჩიტივით ლაღდებოდა, ისე ლაღდებოდა, რომ  ფიქრობდა სიმსუბუქისგან ფრენაც შეეძლო! 
     არ ვიცი, იქნებ თქვენ არც კი იცნობთ, ასეთ უზრდელ ბიჭებს თქვენ გარშემო, მაგრამ მე მაინც მოგიყევით, ხოჭო  თუ არ გამოჩნდა თქვენ რომ დაეხმაროთ, როგორ განთავისუფლდეს ცუდი საქციელებისგან. 

??????