ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ხორბლისმარცვალა ბიჭის ზღაპარი  ექსკლიუზივი

    ოდესღაც  არსებობდა ისეთი ქვეყანა, სადაც წელიწადის ოთხივე დროს ზამთარი იდგა. ფეხი მიწისთვის მიებჯინა, თავი -ცისთვის, გაჯიუტებულიყო და  გადაუღებლად ან თოვდა, ან ყინულის ლოლუებს აწკარუნებდა, ან კიდევ  ქარებს აზუზუნებდა. ბავშვებს უკვე მობეზრებოდათ  დაუსრულებელი  გუნდაობა და ციგითა თუ თხილამურებით სრიალი, მოეწყინათ და გაზაფხულს ელოდნენ. თუმცა მხოლოდ ბავშვები? უფროსები და თქვენ წარმოიდგინეთ,  გათოშილი ბეღურებიც კი  დაღონებულიყვნენ, მოღუშულიყვნენ, შეწუხებულიყვნენ  აბეზარი  ზამთრისგან. 
     ქუჩაში გამვლელებს, ვის ბებოს ძველი შალი მოეხვია მხრებზე, ვის სქელი ქურქი, ვის კიდევ სქელი ქუდი ჩამოეფხატა თავზე, ვის წითელი ცხვირი ჩაემალა ჭრელ კაშნეში. ადამიანები ისე მოძრაობდნენ ქუჩებში ერთმანეთს ვერც კი არჩევდნენ, ან ვეღარცა სცნობდნენ, მისალმებაზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. ყველა თავის სახლსა და ბუდეში შეყუჟულიყო, გამოკეტილიყო, დამფრთხალიყო სიცივისაგან. ბავშვები ნაღვლიანი თვალებით იხედებოდნენ ყინვით მოხატული ფანჯრებიდან. ფანჯარას ვერავინ აღებდა. დარჩენილიყვნენ  ბეღურებიც პურის ნამცეცების გარეშე, აბეზარი ქარი ხან საით გასტაცებდათ  მზის სუსტი  სხივების სითბოს,  ხან- საით. ადამიანებთან და ბეღურებთან ერთად კეთილი სიტყვები, ღიმილი და რაც მთავარია,  ყველა ცოცხალი არსების გული  გაყინულიყო. აღარსად იჩეკებოდნენ სიყვარულის ბარტყები. ქვეყანა იღუპებოდა სიცივითა და უსიყვარულობით. ტკბილი სიტყვა აღარავის ემეტებოდა  სხვისთვის და თბილი გული. მსხნელი კი არსად ჩანდა.
    და ერთ ჯადოსნურ ღამესაც მოხდა სასწაული. თოვლის ფიფქს ციდან ერთი ხორბლისმარცვალა  ბიჭი ჩამოჰყვა, რომელსაც გადაეწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თავი გაეწირა და ქვეყანაში ზამთარი გაზაფხულით შეეცვალა, სიცივე- სითბოთი, ადამიანების დარდი და მოწყენილობა მხიარულებით. მაგრამ თავადაც არ იცოდა როგორ. გულთმისანმა ზამთარმა ჩაიხედა ყინვის ჯადოსნურ სარკეში და წამსვე შეიტყო  ბიჭუნას გულისწადილი.  იფიქრა  მე ამას ვუჩვენებ სეირსო! ამ თითისხელამ მე რა უნდა დამაკლოსო! და ერთ დღესაც თავის ქარბუქის სასახლეში დაიბარა.
-შენ, ჰეი, ცეროდენა ბიჭუნავ, გავიგე ქვეყნის ხსნა განგიზრახავს, დამითმე შენი გული და  პირობას გაძლევ ყინვით შეწუხებულ ქვეყნიერებას დავეხსნებიო.  ჩემი ყინულის ტახტით შორს გადავიხვეწებიო!  ხორბლისმარცვალას  ბევრი არც უფრიქრია, მაშინვე გაუწოდა თავისი ციცქნა გული ვეებერთელა ზამთარს ხელის კანკალით. მკაცრმა ზამთარმა იფიქრა, თუკი ბიჭს გულს  წავართმევ და ჩემი ყინულის კლანჭებს  ჩავასობ მის ცეროდენა გულს, უგულო ბიჭი როგორღა შეძლებს ქვეყნის გადარჩენასო?  მაგრამ აი, სწორედ აქ  შეცდა. ბიჭუნას ციცქნა გული ხელიდან გაუვარდა და გათოშილ მიწას დაეცა. გული პატარა  იყო, მაგრამ მზესავით ცხელი და წყაროსავით  ანკარა, სადაც დაეცა, ირგვლივ  სასწაულებრივად ყინული გაალღვო და მწვანე ბალახმა ამოიჭყიტა, ბეღურებმა დაინახეს თუ არა ციცქნა გული  დასწვნენ და ცაში აიტაცეს. ხორბლის მარცვლისოდენა გულმა ცაში  გაყინული ჰაერშიც დაიწკრილა და ყინვა გაბზარა. მერე უკან მიწაზე ჩამოვარდა და ბიჭუნას საგულეში ჩაუსკუპდა.
    ქვეყანაზე გაბატონებული  ზამთარი ასე  შეიცვალა ხორბლისმარცვალა  ბიჭმა გაზაფხულით, სიყვარულითა  და სითბოთი.

??????