ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მშვიდობის შვილების ზღაპარი ექსკლიუზივი

    სადაც ხალხი ცხოვრობდა ომიც იქ ცხოვრობდა, დიდ ქვეყნებში, ქალაქებში, სოფლებში, რაონებსა და დაბებშიც კი. ომი ყველგან იყო, ზღვაშიც, ხმელეთზეც, ჰაერშიც, ხიდზე და ბილიკებზე. ხან შუბებით ომობდნენ ადამიანები, ხან მშვილდისრებით, ხან ხმლებით, ხან ფარებით, ხანაც ტყვია-წამლით. მოკლედ, სადაც ადამიანი დაიარებოდა, ომიც იქ იყო, დასდევდა დღე და ღამ  და მოსვენებას არ აძლევდა. ხან ქვეყნებს წაჰკიდებდა ერთმანეთს, ხან ქალაქებს, ხან სოფლებს, თქვენ წარმოიდგინეთ და,  ხანაც  გვარებს, ოჯახებს. მოკლედ  დიდი აბეზარი, საშიში და საზიზღარი რამე გახლდათ. გაივლიდა და ააწიოკებდა იქაურობას, ქვას -ქვაზე არა ტოვებდა, ცრემლისა და სისხლის გუბეებს აყენებდა. სძულდათ და ეშინოდაც კიდეც ხშირად ადამიანებს, მაგრამ რა ექნათ, თუკი ომი იყო უნდა ეომათ. 
    ერთხელაც, როცა ერთი პატარა  ქვეყნის  პატარა  ქალაქის მბრძანებელს მუქარის წერილი მისწერა,  დიდი ქვეყნის დიდი ქალაქის მრძანებელმა, ომიც დაიწყო.  აისხეს იარაღი პაპებმა, მამებმა, ძმებმა და დაიწყეს დიდი ქვეყნის მრძანებლის ჯართან შებრძოლება. მამები ომობდნენ, დედები ტიროდნენ, ბავშვები ნაღვლიანობდნენ. რა უნდა ექნათ ? ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. 
    ამ პატარა ქვეყნის პატარა ქალაქში  ჭკვიანი  და-ძმა ცხოვრობდა, რომლებმაც მოიფიქრეს როგორ  განედევნათ ომი, არა თუ თავიანთი ქვეყნიდან, არამედ - მთელი დედამიწიდან. ომი ისეთი რამე იყო, ფეხებმიდგმული, თავისნათქვამა, ჯიუტი, ძნელადმოსაშორებელი, ჩამონგრეული სახლებით, გადამწვარი ქუჩებით, დაჭრილი ჯარისკაცებით, დევნილი მოსახლეობით, მიტოვებული ეზოებით, გაქელილი ყვავილებითა და ბალახით... აბა, პატარა ბავშვებს რა უნდა ექნათ?! იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს! 
     ბავშვებმა დაიარეს პატარა ქალაქის ჩაბნელებული და შეშინებული სახლები. სადაც კი ერთი ბავშვი ცხოვრობდა, რომელსაც სიარული და საუბარი შეეძლო,  ყველა დიდ  მოედანზე დაიბარეს.  მოდიოდნენ  გაოცებული და შეშინებული გოგო- ბიჭები, ნეტა რა ხდება,  რა უნდა გვითხრას ჭკვიანმა და- ძმამო? მოდიოდნენ და ხელჩაკიდებულები დგებოდნენ  წრეზე.  იმხელა წრე შეიკრა! 
- ახლა რა უნდა ვქნათ? - ჰკითხეს ბავშვებმა და- ძმას. 
- ახლა, მოდით, ყველამ ერთად  ჩავიფიქროთ, რომ ომი აღარ იყოს.
  მოკლედ, ათმა კი არა და - ასმა, ასმა კი არა და - ათასმა, ათასმა კი არა და - ათი ათასმა თუ ვინ დაითვლიდა, იმდენმა ბავშვმა ჩაჰკიდა ხელი ერთმანეთს და ჩაიფიქრა ჩურჩულით  ომი  დამთავრდესო! ეს ჩურჩული გაიზარდა,  გაიზარდა და  ჯერ მოედანს გასცდა, მერე ხეებს, ცაში - ჩიტებს,  ღრუბლების  მაღლაც ავიდა, მერე მზის სხივების მაღლა, და ბავშვების ნატვრამ მიაღწია ღმერთმადე. აბა, ღმერთი კიდევ რისი ღმერთი იყო, ბავშვების  თხოვნა არ შეესმინა და იცით, რა მოხდა?  მეორე დღეს, როდესაც ერთი დიდი ქვეყნის სასტიკ მბრძანებელს ქვემეხები უნდა დაემიზნებინა და დაექუხებინა  პატარა ქვეყნის საწყალი მბრძანებლის ქალაქისთვის, ბომბების ნაცვლად პეპლები  გამოფარფატდნენ ქვემეხის ლულებიდან. ქალაქის გალავნის გარეთ თუ გაიხედავდით ულამაზესი  სანახაობა დაგხვდებოდათ, თითქოს ციდან  ნაირფერი ყვავილები ცვივაო... ისეთი   ფერადი იყო იქაურობა, ფერადი და სურნელოვანი... პეპლებს ყვავილების სუნიც ასდიოდათ. ყველა გაოცებული იყო, ეს როგორ მოხდაო, რა იცოდნენ რომ ჭკვიანი ბავშვების ოინები იყო. 
-უიმე, ეს რა დამემართაო!- შეეშინდა დიდი ქვეყნის სასტიკ მბრძანებელსაც, როგორ შევრცხვიო და წავიდა თავჩაღუნული თავის დიდ ქვეყანაში. პატარა ქვეყნის  საწყალი მბრძანებელი კი გაოცებული უყურებდა გაბრუნებულ ჯარს, ვერაფრით აეხსნა  ბომბების ნაცვლად პეპლები რომ მოდიოდნენ.  ასე  დაამარცხეს ბავშვებმა ომი. ისიც კუდამოძუებული გადაიკარგა სადღაც.  ამ ამბის შემდეგ  დედამიწის არცერთ მხარეს აღარ  ისმოდა ომის ყიჟინა, მხოლოდ მხიარული და ბედნიერი ბავშვების ჟრიამულს თუ გაიგონებდით!

??????