ქადაგიძე ნინო
გაზიარება

სიცილის ზღაპარი ექსკლიუზივი

      სიცილს რაღა ზღაპრის წერა უნდაო, მეტყვით, მაგრამ  მე გაუცინარ ბიჭზე უნდა გიამბოთ.  
      აი,  ექვსი - შვიდი წლის ბავშვები დღეში დაახლოებით ორასჯერ იცინიანო, ასე დაასკვნეს მეცნიერებმა.  ის ბიჭი, კი რომელიც ზემოთ ვახსენე,  დღეში ერთხელ  კი არა, კვირასა და თვეში ერთხელაც  არ იცინოდა. დიდი მოღუშული და უჟმური ვინმე იყო. ხან შეუღიტინებდნენ, ხან ბაბუ ძილის წინ ისეთ ამბავს მოიგონებდა, სხვები  თუ  ბჟირდებოდნენ სიცილით და მათ შორის, უფროსებიც,  ეს ბიჭუნა კი არა და არ იცინოდა. მოიღუშებოდა ღღუბელივით და იჯდა ასე ქუშად, ცხვირჩამოშვებული.  დარდობდა დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა  და მათი ოჯახის მეგობარი ცუცქნა რიკიც კი. რიკი ან ფისო იყო ან ლეკვი. თქვენ რომელიც გირჩევნიათ ის წარმოიდგინეთ. 
       მოკლედ, შეწუხებული ახლობლები აქეთ ეცნენ, იქეთ ეცნენ და გაიკითხეს ქალაქში:  - ხალხოო, სიცილის ექიმი ხომ არსად გეგულებათოო? 
-აქ, ჩვენს ქალაქში სიცილის ექიმი ერთი მასხარაა, რომელიც უწამლოდ კურნავსო- უპასუხეს შეწუხებულ ნათესავებს და მიასწავლეს მისამართიც : ხითხითის პირველი შესახვევი, კისკისის ქუჩა, ფხუკუნის პირველი სადარბაზო,  ხარხარის  მეათე სართული. კარზე ფერადი ასოებით  აწერია : „ გაუცინართა მკურნალი მ ა ს ხ ა რ ა ო „ 
      სხვა რა გზა ჰქონდათ,  ჩააცვეს გაუცინარი ბიჭის მშობლებმა შვილს თბილად, რადგან გარეთ შემოდგომის სუსხი იდგა და ამინდიც ბიჭივით მოღუშული იყო. ტაქსის  მძღოლს რომ  ჰკითხეს  ხითხითის პირველ შესახვევთან  რამდენ ლარად მიგვიყვანო, მძღოლმა გულიანად გაიცინა და უფასოდო უპასუხა, რადგან რამდენჯერაც მაგ შესახვევს ჩავუვლი იმდენჯერ სიცილითა ვკვდები და ვმხიარულდებიო, აქეთ მადლობა გადაუხადა, რომ მაგ მისამართზე მიგყავართო. 
    დიიიდი  საცობის  შემდეგ, როგორც იქნა  შეუხვიეს ხითხითის პირველ შესახვევში, და აი, აღმოჩნდნენ კისკისის ქუჩაზე, სადაც  წვიმის მიუხედავად ყველა მაინც ქოლგითა და კისკისით დადიოდა. მძღოლი  სადარბაზოს რომ მიუახლოვდა ფხუკუნი აუტყდა, მოატრიალა მანქანა და დაემშვიდობა, დანარჩენს თავადაც მიაგნებთო. 
      რიგი მესამე სართულიდან იწყებოდა. მოღუშული ბიჭუნას დედიკოს კი ეგონა, რომ თავისი შვილის გარდა არავის აწუხებდა „გაუცინრობა“, მაგრამ ამაოდ. თურმე ქალაქში იმდენი ბავშვი,  ახალგაზრდა და მოხუციც  კი  ყოფილა, რომლებიც არ იცინიან თურმეე არასდროს, ან გადაეჩვივნენ, ან დაივიწყეს სიცილი და  იდგნენ  თავჩაღუნულები, მოწყენილები და მორჩილად ელოდნენ თავიანთ რიგს, ერთმანეთს ზედაც კი არ უყურებდნენ. სამაგიეროდ გაუცინართა მკურნალიდან გამოსული პაციენტები, კისკისებდნენ, ეხუტებოდნენ, ეფერებოდნენ თავიანთ ნათესავებსა და  მეგობრებს, უღიმოდნენ რიგში მდგომ მოწყენილებს და სიცილით ჩარბოდნენ კიბეებზე. თუ  როგორ კურნავდა მასხარა ეს საიდუმლო  რეცეპტი იყო. თუმცა ბიჭუნა ყურებამდე გაკრეჭილი  რომ გამოვიდა და თვალებაციმციმებული, მაშინ  დავიჭირე ორიოდე სიტყვა და ჩავიწერე  : „ თუ გაიცინებთ, იცოცხლებთ !“ 
      ჰოდა, ვიცინოთ ჩვენც და ვიცოცხლოთ, სამყაროც ჩვენთან ერთად გაიცინებს და იცოცხლებს მაშინ, მაგაზე ადვილი რა არის?!

??????