ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ბებია მარტის ზღაპარი ექსკლიუზივი

     ბებია მარტმა გადასწია ქუნქულა თოვლის მძიმე საბანი და საბნის ქვეშიდან გამოიჭყიტა, მერე ცოტათი ცხვირიც  ამოყო, მერე საბნიდან სულ ცოტა ფეხიც  გამოაძვრინა. -უუჰ, რა  სუსხია ჯერო და თოვლის ქათქათა საბანშივე სწრაფად შეიმალა. მაგრამ აბა, ვინ მოასვენებდა ბებია მარტს? თოვლის საბნის ქვეშიდან  ხან  ენძელა წამოყელყელავდა, ხან ყოჩივარდა წამოყოყოჩდა, ხან იებმა და ფურისულებმა შეუღიტინეს გვერდებში.- ეეჰ, ადგომის დროაო ნამდვილადო. მოუსვენარმა გაზაფხულის მახარობელმა შვილიშვილებმა  წამოახტუნეს ბებია მარტი საწოლიდან. ბებომაც იის სურნელებიანი ხილაბანდი წაიკრა თავზე და იისფერი  ნისლის შალს მოჰხვია ხელი გაღმა მთებიდან, ღამის პერანგზევე შემოიხურა. ააგუზგუზა ღუმელი და შემოდგა  გაზაფხულის ცეცხლზე მინდვრების ქვაბი. ათუხთუხა და ათუხთუხა,  სანამ მთლად არ გადმოვიდა ბალახის ხასხასა ფაფა და არ გადამწვანდნენ მინდვრები, სანამ მთების ოკრო-ბოკრი ბილიკებიდან  ხტუნვა-ხტუნვით  არ წამოვიდნენ ცელქი ნაკადულები, მერე რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაბერა ლოყები, შეუბარა სული ზამთრის ღრუბლების  მუქ ფარდას და გადასწია,  კრიალა ცის ფანჯრიდან მზის სხივების თეთრი, გამჭვირვალე და თბილი ფარდა ჩამოეშვა. კისკისით დასკდნენ ხეებზე კვირტები.  გაახარა და გაათბო ირგვლივ ყველაფერი. აკრუტუნდნენ ცეცხლის პირს, კალათში ჩასკუპებული ტყუპი კნუტებიც: მარტა, მართა და ნატა. -მია, მია, მიაუუ.... დაუძახა ბებომ ფისოებს და ყაყაჩოს წითელი ბაფთები  შეაბა:  მარტას - ყურზე, მართას - ყელზე, ხოლო  ნატას კი - კუდზე.  ბაფთების საშუალებით არჩევდა ერთმანეთისგან ბებია მარტი კნუტებს. -აბა,  რომელმა გადმოაგდეთ მაგიდიდან ვაზა. რომელი ხარ, რომელი? აა, ყურზე ბაფთაშებმულმა? ეს ხომ მარტაა! ოჰ, შე ონავარო, დატუქსავდა  ხოლმე ბებია, მაგრამ ძალიან კი არ ჯავრობდა, ისე, სასხვათაშორისოდ. - აბა, რომელმა ჩაყავით დაუკითხავად რძიან  ფინჯანში პირი და დაისვარეთ ულვაში? თეთრულვაშიანი რომელი ბრძანდებით? აა, ყელზე  ბაფთით, ეს ხომ ქალბატონი  მართაა!  ნატა კი დასვრილი თათებით თუ შემოიპარება ხოლმე ოთახში, იატაკს კუდზე გამობმული  ბაფთით წმენდს  და ბებოს გულისწყრომასაც გადაურჩება ხოლმე. აი, ასეთი მოხერხებულია.  რაღა ბევრი გავაგრძელოთ და, დიდად  მატრაკვეცა ტყუპი კნუტები ჰყავს ბებია მარტს, მაგრამ რა დროს კნუტებია, იმდენი საქმე აქვს საგაზაფხულოდ  მოსასწრები, თავს რეტი ესხმის ხოლმე ბებიას :  სანამ კვირტები  გამოიჩეკებიან  ტოტებზე და ჭიტააო- დაიძახებენ, მანამდე ბებია მარტი ათვალიერებს  ყინვაგამოვლილ ხეებს,  აუწევსა ტოტებს, ყინვამ ქერქი ხომ არ დაუზიანაო, ბაღის მალამოს წაუსვამს, ჭრილობებს შეუხვევს, ზოგ მცენარესაც გასხლავს. გამოასუფთავებს ბაღებს  მცენარეთა ნარჩენებისგან, წინსაფრის კალთაში ჩაიყრის,  მოხნავს, დაბარავს, დათესავს, მერე   ჩიტების ბუდეებსაც მიუბრუნდება, შეათვალიერებს, რომელიმეს შველა ხომ არ უნდაო? წყალი ხომ არ ჩამოსდით სახურავიდანო? გაზაფხულზე წვიმები იცის და ბარტყები არ დაუსველდეთ, არ დაუცივდეთო.  -უუჰ, მერე შუბლზე მოისვამს დაკოჟრილ  და ნაჯაფარ ხელს, კინაღამ გადამავიწყდა მერცხლებიც ხომ  მოსასვლელები არიანო, ახლა იმათ მოსასვლელ  სამზადისს შეუდგება. ქარს შეიპირებს, შენ რომ იციხოლმე , ძალიან არ გაკაპასდეო, ძალიან არ დაუბეროო. ტოტები და ყვავილი არ დააყრევინო ხეებსო, არ დამიციო ტყუპი კნუტები და  ახლა ვინც ამ ზღაპარს ისმენს, ის კოკროჭინა ბავშვებიო. იქეთ ეცემა, აქეთ ეცემა, წვიმასაც არ მისცემს მოსვენებას,  შენ ამოწვერილ ჯეჯილს მიმიხედეო, ზომიერად მომირწყეო. მერე კრუხსაც დასვამს საბუდარში,   ჩაუწყობს კალათში ქათქათა კვერცხებს, თვალს დაიჭერს, ყურს მიუგდბს, სულ მზისფერი  წიწილები  დამიჩეკეო, კვერცხები არ გამილაყოო....მოკლედ,  გაზაფხულზე ბევრი საქმე აქვს ბებია მარტს შინ თუ გარეთ. ხან ყაყაჩოებიან მინდვრებს დახედავს, ხან გვირილებიანზე ააფრენს პეპლებს. დადის ჯერ კიდევ შერჩენია იის სურნელი ხელებსა და ხილაბანდზე, დადის აღმა - დაღმა და დაფუსფუსებს. 

??????