ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მზის გადარჩენის ზღაპარი ექსკლიუზივი

    ერთხელ დიდ ქალაქში დიდი  ჩოჩქოლი და პანიკა შეიქნა. ისე, აქვე მინდა გითხრათ, რას ნიშნავს სიტყვა პანიკა, ეს სახელი  ბერძნული მითოლოგიიდან მოდის.   ბერძნულ მითოლოგიაში ტყის ღმერთს, პანი რქმევია, ის ძალიან მხიარული ღმერთი ყოფილა, დაეხეტებოდა ტყეებსა და მთებში ფერიებთან ერთად, ცეკვავდა და უკრავდა თავის გამოგონილ სალამურზე, მაგრამ  სიმყუდროვეც ჰყვარებია   და თუ ვინმე დაურღვევდა მას სიმყუდროვეს, ისეთ ყვირილს ატეხდა,  შეიარაღებულ მებრძოლსაც  თავზარდამცემ შიშს მოჰგვრიდა და გააცქევდაო. აქედან მომდინარეობს სიტყვა პანიკაც.  ჰოდა, ასეთ პანიკაში იყვნენ დიდი ქალაქის მცხოვრებლები,  ვინ საიდან  გამორბოდა, ვინ საით გარბოდა, ვის  თავზე შემოერტყა  ხელი,  ვის   „ვაი,ვაი“ დაეძახა...   
     გაიფიქრებთ ალბათ აღარ გვეტყვი რა მოხდაო? გეტყვით, აბა, როგორ,  მაგისთვის ვწერ ამ მოთხრობას. თურმე ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ  ამა და ამ საათზე, ამა და ამ დღეს მზე ჩაქრებაო. 
-მზე რომ  ჩაქრეს რაღა გვეშველებაო ! - მოიწყინეს ადამიანებმა, მცენარეებმა, ცხოველებმა, ფრინველებმა....ადამიანები დაღონებულები დადიოდნენ სამსახურებში, ბავშვები  - საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, ბებია- ბაბუები - პარკებსა და სკვერებში. იცით,   ქოთნის ყვავილებმა,  სკვერში ხეებმა და ქუჩაში ხეივნებმა შრიალიც კი შეწყვიტეს,  უპატრონო  ძაღლები და კატები ერთად მოკალათდნენ   ეზოს ბოლოში და მობუზულები შესცქეროდნენ გამვლელ-გამომვლელებს, აღარც ჩიტები ჭიკჭიკებდნენ.  ქალაქის დიდი შადრევანიც დადუმდა. ზოგი  არხეინი კი ამბობდა, რას მოგიწყენიათ, ხალხო, ტყუილი იქნებაო, მაგრამ  იმ ზაფხულის დღეები ცხელი სულაც აღარ იყო, უფრო და უფრო გრილდებოდა, მხოლოდ სითბო კი  არა, მზეს სინათლეც აკლდებოდა და როგორც ზამთარში, ადრე ღამდებოდა ხოლმე. მერე ბავშვები გააბამდნენ ტირილსა და ბზულის, ასე მალე რატომ დაღამდა, სიბნელის გვეშინიაო. ისე, ბავშვებს ხომ ცოტათი ეშინიათ სიბნელის... თუმცა საერთოდაც არაა სიბნელე საშიში. თუ რატომ, ეს სხვა ამბავია, და ამას სხვა მოთხრობაში გიამობობთ. 
    - სასწრაფოდ აანთეთ უთვალავი  ნათურა  და დღისითაც აღარ ჩააქროთ! - ბრძანა ქალაქის  თავმა. ასე  ნათურებით კაშკაშებდა ოთახები, სახლები, ეზოები, სკვერები, ქუჩაბი, გამზირები, მოედნები... ოფლიან შუბლს იწმენდდნენ ლამპიონები, მუხლჩაუხრელად  ანათებდნენ და ანათებდნენ. მზე კი  თვალსა და ხელს შუა დნებოდა და ქრებოდა... 
    ფიქრს მიეცა ქალაქი.  ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. და ერთ, ნათურებით გათენებულ  დილას, ერთმა პატარა ბიჭუნამ  ყურში უჩურჩულა აცრემლებულ დედიკოს, თუ როგორ უნდა გადაერჩინათ მზე. დედიკომ ცრემლები მოიწმინდა, სმენა დაძაბა და შვილიკოს ყურადღებით მოუსმინა. - მითხარი, აბა, ჩემო ბიჭუნავ, როგორ უნდა  გადავარჩინოთ მბჟუტავი მზე? 
- ხელებით!  - უპასუხა ბიჭუნამ.
- როგორ თუ ხელებით? - გაიოცა დედამ.
- ჰო, ხელებით, ჩვენივე ხელებითა და ხელისგულებით... არ ცხრებოდა ბიჭი. 
- კარგად ამიხსენი, დედიკო, ადამიანის ხელებითა და ხელისგულებით როგორ გადარჩება ააამხელა მზე?
- მზე დიდი სულაც არ არის, ასე ჩანს  უბრალოდ, უთხრა ბიჭუნამ, ყველა ადამიანს მზისხელა გული გვაქვს, მაგრამ აი, ჩვენი მზესავით მბჟუტავი, ახლა ადამიანებმა  დიდმა თუ პატარამ ერთი კეთილი საქმე მაინც უნდა ჩავიდინოთ, კეთილი საქმე გულსა და ხელისგულებს გაგვითბობს, ყველა ერთად, დიდიცა და პატარაც, ცხოველიცა და ფრინველიც, ხეცა და მცენარეც, მივაშვერთ გულისპირსა და ხელებს მზეს და მას გადაეცემა ჩვენი ხელებიდან და გულიდან  სიკეთისა და სითბოს ძალა. ჩვენც გადავრჩებით და მზეც! 
ბიჭუნას დედიკოს თვალები გაუნათდა, ბიჭუნა გულში ჩაიკრა, ეს რა კარგი რამე მოიფიქრეო! გადააცვა ბიჭს მაისური, დაეხმარა შორტის ჩაცმაშიც და არც კი უსაუზმიათ, სირბილით ჩამოირბინეს კიბეები, გამოიყვანეს სარდაფიდან ველოსიპედი, დაჯდა ბიჭი წინ, შემოუსკუპდა დედიკო უკან და დაიწყეს ადამიანების გაფრთხილება, იარეს ეზო-ეზო, კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა, თან გზა და გზა ყვიროდნენ : - ერთი კეთილი საქმე, ეეერთი კეთილი საქმე ყველამ ჩავიდინოთ და მზე გადარჩება, ერთი კეთილი საქმე, ადამიანებოოო, ეეეეერთი კეე.....
       ელვისსისწრაფით მოედო ბიჭისა და დედიკოს  ნათქვამი ქალაქს. მძღოლებმა მოხუცებს გზა დაუთმეს გადასასვლელზე, ვიღაცამ ქუჩაში დაგდებული ცელოფნის პარკი აიღო და ურნაში ჩააგდო, ვიღაცამ ტოტები აღარ დაამტვრია ხეს, ვიღაცამ სკვერში არ მოტეხა სკამის საზურგე,  ვიღაცამ არ ჩაამტვრია ლამპიონზე ნათურა, ვიღაცამ ჯიბიდან ამოღებული საფულე პატრონსვე  ჩუმადვე ჩაუდო ჯიბეში, ვიღაცამ დაკარგული ნივთი არ დაისაკუთრა და მიიტანა პოლიციაში,  ვიღაცამ საჭმელი გამოუტანა მშიერ ძაღლს, ვიღაცამ ჩამტვრეული მინა გამოცვალა სადარბაზოს კარზე, ვიღაცამ აღარ ამოწვა ლიფტის ღილაკები, ვიღაცამ აღარ ესროლა ქვა ეზოს ბოლოში მთვლემარე ფისოს, ვიღაცამ ავტობუსში ადგილი დაუთმო მეორე მგზავრს თავაზიანად, ვიღაცამ არ ამოკაწრა სახლის კედლები, ვიღაცამ არ დააზიანა გაზონები, ვიღაცამ არ  დაყარა  ნაგავი ასფალტზე, ბავშვებმა  ჩხუბი შეწყვიტეს, დიდმა კაცებმა ცუდი სიტყვების თქმა,  ქარიც კი გაინაბა, აღარ დაქროდა ავად, არ აზიანებდა ხის ტოტებსა და ყვავილებს.... ასე გრძედებოდა რამდენიმე დღე...ადამიანებს მართლაც დაუთბათ გულები და ხელები, გაუნათდათ სახეები. დათქვეს დღე და საათი.  შეიკრიბნენ ქალაქის მთავარ მოედანზე, გამორთეს ნათურები ყველგან:  ოთახებში, სახლებში, ეზოებში, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, მოედნებზე. შვებით ამოისუნთქეს ლამპიონებმაც. გამოვიდა უამრავი ადამიანი, ზოგი ხელჯოხითაც კი, ზოგი - ეტლით, ზოგი - სათვალით. მთავარი იყო რომ ყველა ერთად იდგა, ყველას  გული და ხელი სითბოს ატარებდა.  ასწიეს ხელები მზისკენ, მიუშვირეს გულისფიცრები და დაელოდნენ საოცრებას. იდგნენ ერთი საათი, ორი საათი, სამი .... მიმქრქალი მზე თანდათან ძალას იკრეფდა, ღონიერდებოდა, თბებოდა, ნათდებოდა.... იდგნენ ასე ადამიანები  დიიიდხანს, დიიდხანს... ძალიან დაღალნენ, ქანცი გაუწყდათ, მაგრამ იმედი და მოთმინება- არა. შეჰხაროდნენ თანდათან მოძლიერებულ მზეს და სიხარულის ცრემლი სდიოდა  ყველას. 
- მზე გადავარჩინეთ!- ისევ უჩურჩულა ბიჭუნამ დედას...
- გადავარჩინეთ, გადავარჩინეთ, გადავარჩინეთ .... - გაისმა სხვადასხვა ადგილებიდან... გა- და- ვარ- ჩი...
- დიახ, ბატონები, გადავარჩინეთ და გადავრჩით! - ამაყად თქვა ქალაქის თავმა. 
მას შემდეგ იმ ქალაქის თავზე მზე  მზესავით ენთო და ენთო.  
    თუკი ოდესმე მზე ჩაქრობას ისევ დააპირებს და თქვენს ქალაქსა თუ სოფელს იგივე დაემუქრება, უკვე იცით, როგორ უნდა გადაარჩინოთ მზე. 

??????