ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ქარიყლაპია კაცის ზღაპარი  ექსკლიუზივი

 ეს ამბავი ძველთაძველ წიგნში ამოვიკითხე. 
   თურმე ერთ ქვეყანაში  ცხოვრობდა ერთი ქაიყლაპია კაცი.  როგორც კი სიო  ქარად გადაიქცეოდა და ხეებს ფოთლებს დააყრევინებდა,  გამოვიდოდა ეს კაცი, დადგებოდა ქალაქის  მთავარ მოედანზე,  დააღებდა  დიდ  პირს და  ჩაყლაპავდა ქარს მთლიანად, ვითომც არაფერიო. მერე ჩაიწყობდა ხელებს ჯიბეში და სტვენა- სტვენით გაუყვებოდა ქუჩას. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ვერ გეტყვით, რომ ქარი ძალიან სასარგებლო ვინმე ბრძანდება, პირიქით, დიდი აბეზარიც გახლავთ, ბებოებს ქოლგას მოსტაცებს ხოლმე ხელიდან,  ბაბუებს  ქუდს  გასტაცებს  თავიდან,  დედებს გაფენილ სარეცხს  აუხლართავს სარეცხის თოკებზე, ბიჭუნებს ლამაზად  დავარცნილ თმას აუბურდავს, გოგონებს ფერად კაბებს აუფრიალებს, და რაღა დაგიმალოთ, ცაში ღრუბლებსაც კი მოსვენებას არ აძლევს. ხან ერთ ღრუბელს აეტორღიალება, ხან - მეორეს, მერე შეიძლება იმდენი ითამაშოს ამ საცოდავი, უწყინარი, თეთრი ფუმფულა ღრუბლებით, რომ ერთმანეთს შეაჯახოს, სიბრაზისგან გაალურჯოს  და კარგადაც გააწვიმოს, ხან თავსხმა ან   კოკისპირულად! აი, ასეთი ვინმეა ქარი, მაგრამ ქალაქი აბა, რის ქალაქია სადაც  ქარი არ ქრის. 
    ერთ დღესაც დაადგნენ ქალაქის მაცხოვრებლები ქარიყლაპია კაცს. 
-ამ სიცხეში, ამ ხვატში, როდესაც  ხის ერთი ფოთოლიც კი არ იძვრის, ამოყლაპე ქარი, ცოტა დაუბეროს და გაგვაგრილოსო.
-უუჰ, იუარა და გაჯიუტდა ქარიყლაპია კაცი, როგორ ამოვყლაპო, განა ასეთი ადვილია ქარის ამოყლაპვაო?
-შენი ჭირიმე, შენ გეაცვალე, ამოვიხრჩვით ამ გავარვარებული ასფალტისა და ბეტონის კედლების ქალაქში, ამოყლაპე ქარი, გულს ეამებაო.
     ერთი ხანობა კიდეც ეცადა ქარიყლაპია კაცი, რომ ამოეყლაპა ქარი, მაგრამ ვერაფრით ამოყლაპა. ქალაქის მერიც კი დაადგა თავს, რომ ვერაფერს გახდა, ფეხები მუცელზე მიაბჯინა, პირი დააღებინა და ლამის თავით ბოლომდე ჩაუძვრა ხახაში, იქნება ჩანდეს   ქარის ბოლო, ხელი წავავლო და ამოვიყვანოო, მაგრამ არც ქარის თავი ჩანდა და არც ბოლო. 
      მოიწყინეს მცენარეებმა, ქარი რომ არ იყო ფუმფულა ღრუბლები ისე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, სულაც არ უბრაზდებოდნენ ერთმანეთს და ამიტომ არც წვიმა მოიდიოდა. გადახმა ყვავილები, ხეები, ბუღი ასდიოდა სკვერებს, დაშრა შადრევნები, ქალიყლაპია  კაციც კი დარდობდა და თავჩაღუნული დაიარებოდა ქალაქის ქუჩებში: -  განა, მე მინდა, მაგრამ... ასე გამომდის და რა ვქნაო?! - თავს იმართლებდა სიცხით გულშეღონებულ მოსახლეობასთან. მაშინ ხომ კარგია, შუა ზამთარში აბუზღუნებულ ქარს რომ გადავყლაპავ და ზამთარი მშვიდობიანად ჩაივლის ხოლმე, ზედმეტი ყინვის გარეშეო. მოკლედ, კარგი იყო  თუ ცუდი, ქალაქი იხუთებოდა და შველა უნდოდა! 
    ამ ზღაპარშიც ბავშვებმა  მოიფიქრეს როგორ ეშველათ ადამიანებისთვის, ხეებისთვის, ყვავილებისთვის, შადრევნებისთვის....მოკლედ, მოიხმეს მთელი ქალაქის ფრინველები. ზღაპრებში ბავშვებმა ხომ ჩიტების ენა  იციან: მერცხლები, გულყვითელები, გულწითელები, მტრედები, ბეღურები, შაშვები, ჩხიკვები, ყვავები, შოშიები და სთხოვეს, ქალაქის შუაგულში  ჩვენ დავდგებით, თქვენ ჩვენს თავზე მოფრინდით და თქვენ ფრთების მოძრაობით, ჩვენ ხელების დაბლა- მაღლა აქნევით იქნება და წარმოვქმნათ ქარიო.  ქარიყლაპია კაცს კი დარაჯები დაუყენეს, არიქა და არ გამოხვიდე, კიდევ არ გადაგეყლაპოს ჩვენი ქარიო. 
   მართლაც ხელებისა და ფრთების მოძრაობით ქალაქის მთავარ მოედანზე წარმოიქმნა ქარი და მერე მთელ ქალაქს მოედო ნავარდით. დაბლა  მცენარეებსა და მაღლა ღუბლებსაც კი მისწვდა. იმდენი უტრიალა- იმდენი უღიტინა, შეაჯახა ერთმანეთს ღრუბლები და ზაფხულის შხაპუნა წვიმაც წამოვიდა. ამოისუნთქეს მიწაზე მცენარეებმა  და  ცაში ფრინველებმა. მას შემდეგ, ამბობდნენ ქარიყლაპია კაცი მხოლოდ ზამთრის  ცივ და სუსხიან ქარებსა ყლაპავს, რომ ამ ქალაქში ბავშვები არ გაცივდნენო, თორემ ზაფხულის ქარები აღარასდროს ჩაუყლაპია.

??????