ქადაგიძე ნინო
გაზიარება

სახლების ზღაპარი ექსკლიუზივი

     სახლები რომ  ლაპარაკობდნენ, იცოდით? არც მე! თურმე არა და, საუბარი შეუძლიათ. ყველა რომ დაიძინებს და გემრიელ ფშვინვას ამოუშებს, აი, თურმე მაშინ აჩურჩულდებიან: 
- გამარჯობა, აგურის სახლოო! 
- გაგიმარჯოს, ბეტონის ბებერო სახლოო! 
- როგორ ხარ, როგოოორ...? 
-აბა, როგორ ვიქნები ჩემი დაუდევარი პატრონების გადამკიდე, მარჯვენა მხარეს, აივნის ქვეშ ჩამომენგრა ჭერი და ჯერ არ შევულესივარ.... 
-ეეჰ, ჩემო კარგო, რა ხანია ეს მატრაკვეცა  ხვიარა ბალახი მომედო გულისპირზე, ფანჯრებამდეც კი ამოაღწია და ჩემი პატრონი არ მაცლის, ლამაზიაო...აბა, ერთი მე მკითხოს! 
და კიდევ ვინ იცის რამდენ რამეზე საუბრობენ, მთავარია  თურმე ყური დაუგდო. 
   ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთ დღესაც მესმის: - ძლივს არ დაიძინეს, ამ ცელქმა ბავშვებმა, მთელი დღე ისე ჟრიამულობდნენ ჭერი ამხადეს, ისე მტკივა სხვენი, რაღა იყო და თავი, სახლის ტკივილის აბები არც არსებობს თორემ აფთიაქში გავაგზავნიდი ჩემი  სხვენის მტრედს და  არც ერთ აგურს კი არა და, თეთრს  არ დავზაოგავდი, დავლევდი და გადამივლიდაო! 
ახლა იქედან მეორე სახლმა გამოსძახა, ცისფრად შეღებილი კედლებით რომ იწონებს თავს: - ეჰ, შენ რა გიჭრს, აბა ერთი ჩემ ჭერქვეშ შემოიხედე,  ჩემი მოხუცი ცოლ-ქმარი სულ მოწყენილია და  პატარა ბავშვების ხმას ნატრობენ, გამოვყრუვდითო. რაღა დაგიმალო და ესენი კი არა, მე უფო გამოვყრუვდი!  მხოლოდ წნევის აპარატის ქშუტუნის ხმა ისმის, ჯოხის კაკუნის, გაზეთის  ფურცლების შრიალის, კვნესის და საინფორმაციო გამოშვებების!...მომ-ბეზ-რდა! 
    რაღა ბევრი გავაგრძელო და ჯერ უთანაგრძნო  პირველმა სახლმა, უი, უი, ვაი, ვაი, შე საწყალოო, მერე კი გეგმა მოიფიქრეს, როგორ უნდა გაეხარებინათ მოხუცები. 
     ერთმა თქვა: საშობაოდ ჩემს საკვამურში თოვლის ბაბუ რომ ჩამოძვრება მას შევეხვეწები, მოხუცებს ნატვრა აუსრულოს და მისთვის ერთი პატარა შვილიშვილის ჩუქება რა არის, ისეთი იოლია, აჩუქოსო! 
     მეორემ თქვა: - არაო, ახალ წლამდე რა მოიცდის,  ჯერ წინ რამხელა ზაფხული და შემოდგომაა.  მანამდე  დავეხმაროთ, ვარდისფერი სახლის საწვიმარ  მილში  რომ წერო ცხოვრობს, ის შევაწუხოთ, იქნება და ჯადოსნური ქვეყნიდან მოუყვანოს  პატარა და ფუმფულა შვილიშვილიო? 
       მესამემ თქვა: - ეგ წერო ისეთი  მოხუცია, ვერც  იმ ჯადოსნურ ქვეყანაში ვეღარ დაფრინავს, სიბერისგან  გზაც აებნევა, თან აკანკალებული ნისკარტიდან არ გაუვარდეს  ეს ფუმფულა თუ მსუქანი ბავშვიო! 
ვაიო, ვიშიო.... აქოთქოთდნენ მთელი ქუჩის ახალგაზრდა და ბებერი სახლები.  როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ, რითი ვანუგეშოთ მოხუცი ცოლ- ქმარი, რომ ასე ნატრობენ შვილიშვილებსო? 
იმდენი ივიშვიშეს, მათ თავზე, ცაში  აციმციმებული ვარსკვლავების ყურამდეც კი მივიდა სახლების ხმა.  მერე ხან ერთი ვარსკვლავი ჩამოწყდა ციდან და პატარა ვარსკვლავგოგონად გადაიქცა, ხან მეორე ვარსკვლავი - ვარსკვლავბიჭუნად!  აივსო იმ მოხუცი ცოლ- ქმრის სახლის ეზო ვარსკვლავბავშვებით. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ზოგი- იცინოდა. ტირილი არც ერთმა ბავშვმა არ იცოდა. მათ ვარსკვლავივით წკრიალა  ხმაზე გაიღვიძეს მეზობლემბმაც, მერე მთელმა ქუჩამ, მერე სრულიად ქალაქმა და რა თქმა უნდა, მოწყენილმა მოხუცმა ცოლ- ქმარმაც.  -ადე,კაცო, ჩვენს თავს რაღაცა ამბავია, ადე, ეზოში გავიხედოთო! ეზოში გამოსულებს საოცარი სანახაობა დახვდათ, ამდენი მოციმციმე გოგო-ბიჭი ერთად არასდროს ენახათ. თან ყველა გარს ევლებდონენ ბებია, ბაბუაო... 
      ისე გაიხარეს მოხუცებმა, წნევაც გადაავიწყდათ და საინფორმაციო გადაცემებიც! 
     ერთი შვილიშვილი არა გვყავდა და ასე, ერთბაშად რამდენი ბავშვის ბებია- ბაბუა გავხდითო?!  მოდიოდნენ მოხუცი ცოლ- ქმარის სახლთან სხვა უშვილიშვილო ბებია- ბაბუებიც და ისინიც ხარობდნენ. სახლი კი სასწაულებრივად იზრდებოდა, იზრდებოდა, ვეებერთელა ხდებოდა და ყველა   უშვილიშვილო მოხუცი და უდედმამო ბავშვი  ამ სახლის ჭერქვეშ იდებდა ბინას. ამ სახლიდან კი საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ სიცილის, ცეკვისა და სიმღერის ხმა ისმოდა. ვიღას ახსოვდა წნევის აპარატი?

??????