ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ტასოსა და პეპელა პელოს ზღაპარი  ექსკლიუზივი


     პეპელა პელო ჩვეულებრივი, გაბრანჭული  პეპელა არ გეგონოთ. ის ისეთი უფერულიაა... გინახავთ უფერული პეპლები? აი, მასეთი მხოლოდ პელოა.  დედამიწაზე გაჩნდა ერთადერთი უფერული პეპელა პელო, რომელიც ხან ყვავილებთან მიფარფატდებოდა და ფერებს სთხოვდა, ხან ცისარტყელასთან, თქვენ წარმოიდგინეთ, და  მზის სხივებსაც კი  მიადგა, იქნება თქვენი სიფერადე მიწილადოთო.  მზის სინათლე ხომ მარტივი არ არის, იგი შვიდი ფერისგან შედგება. უბრალოდ, ჩვენ მხოლოდ ერთ ფერს ვხედავ დარში, ხოლო როდესაც მზეც ანათებს და ჟუჟუნა წვიმაც მოწკაპუნებს, მაშინ მზის სხივები წვიმის წვეთებში გაივლის და ცაზე შვიდფერი ცისრატყელა გადაიჭიმება ხოლმე. მოკლედ, მზის სხივებმა აუხსნეს, რომ ასე ადვილი არ იყო ფერების ჩუქება, რომ სამყაროში ყველას და ყველაფერს თავისი ფერი  აქვს.  საბრალო პელო ცხარე ცრემლებით ტიროდა, ცრემლიც კი უფერული ჰქონდა უფერულ პელოს. საშველი არსად იყო. 
      ერთხელ მოხუცმა  ბებია პეპელა პეპამ  პეპლების ფერიასთანაც კი გაუშვა, იქნებ რაიმე ხერხით მან მაინც  გიშველოსო. ფერიებს ხომ ყველაფერი შეუძლიათ, თანაც ზღაპრებში, მაგრამ ამაოდ. 
-ეჰ, ამოიოხრა ფერიების პეპელამ, დახარა ჯადოსნური ჯოხი და მხრების  ჩეჩვით მოუბოდიშა პელოს, - შენს უფერულობასთან ჩემი ჯადოქრობაც კი უძლურიაო. 
     რა უნდა ექნა საბრალო პელოს, დაეხეტებოდა მინდორ- მინდორ და ხან ერთი პრანჭია ყვავილის ფურცელს ამოეფარებოდა, ვითომ ჩემი ფრთებიაო, ხან მეორე... გულკეთილი ყვავილები კი შეიფარებდნენ და დაამშვიდებდნენ ხოლმე, მაგრამ იყვნენ მატრაკვეცა, ცხვირიბზეკია ყვავილებიც, რომლებიც საჩქაროდ ფოთლებით ფურცლებს ჩამოიბერტყავდნენ და მოიცილებდნენ პელოს, წადი რა, პელო, ნუ გვაწუხებო!
      ერთ დღესაც,   როდესაც მატრაკვეცა ყვავილები პელოზე საუბრობდნენ და ვაი, ვაი, ეგ საბრალოო გაიძახოდნენ, მათ საუბარს  ჭორიკანა ნიავმა მოჰკრა ყური, ნიავმა სხვა მდელოს უჩურჩულა, სხვა მდელომ სხვა ყვავილებს, სხვა ყვავილებმა-  ფუტკრებს, ფუტკრებმა - მერცხლებს და ასე გავრცელდა პელოს უფერულობის ამბავი. ენატანია  მერცხალმა  კი, რომელსაც ტასოს აივნის ქვეშ ჰქონდა ბუდე გაკეთებული, ტასოს მიუჭიკჭიკა  ენა. ტასო ძალიან გულკეთილი გოგონა აღმოჩნდა და მაშინვე შეწუხდა, ფიქრობდა  როგორ დახმარებოდა პეპელა პელოს. იფიქრა, იფიქრა და აი, რა მოიფიქრა. მერცხალს სთხოვა  როგორმე მოეძებნა პეპელა პელო და  ფრთებზე შესმული მისთვის მიეყვანა. მერცხალი მართლაც, ხან ფუტკრებს, ხან ყვავილებსა და მდელოებს და ხან კი,  ჭორიკანა ნიავს ეხვეწებოდა პელოს  მოძებნას. როგორც იქნა მიაკვლიეს,  ბალახების ქვეშ შეყუჟულ, აცრემლებულ პელოს. მერცხალმა იგი ზურგზე შეისვა და  გაამხნევა, ამიერიდან შენს უფერულებას ბოლო მოეღება, ამაში კი  ჩემი მეგობარი გოგონა, კეთილი ტასო დაგეხმარებაო. 
    ტასო მართლაც დაეხმარა  საბრალო პელოს,  ფანჯრის რაფაზე  დაისვა და გადმოიღო ფერადი ფანქრები. უფერულ პეპელას ორივე ფრთა მოუხატა, თუმცა ორი საიდუმლო სიტყვა უჩურჩულა ჯერ. 
   ახლა შენც ეცადე დახატო უფერო პეპელა და მოიფიქრო, ის ორი ჯაოსნური სიტყვა, რომელიც ტასომ  წარმოთქვა. 
    ორივე სიტყვა ცხრა- ცხრა ასოსგან შედგება. პირველი სიტყვა ს - დან იწყება და ი-ზე მთავრდება, მეორე სიტყვა მ- დან იწყება და ა-ზე მთავრდება. 
(სიყვარული და მეგობრობა) 
    აბა,  შენც თუ შეგიძლია, დახატე უფერული პეპელა, წარმოსთვი ორი ჯადოსნური სიტყვა და პეპელა გააფერადე.  გაფერადებული პეპელას  კი შეგიძლია  გრძეეელი ძაფი მიამაგრო, ძაფის ბოლო ხელში დაიკავო  და აივნიდან ისე, ვითომ, ვითომ  აააფრინოოო... ოღონდ, აუცილებლად კარგი ამინდი უნდა იყოს და  უფროსის გარეშე, მარტო არ გახვიდე აივანზე, ჩემო პატარავ!

??????