ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ციცინათელების ქვეყნის ზღაპარი ექსკლიუზივი

     ციცინათელა იცით რა არის?  წვრილად დაფშხვნილი,  დანაყული ვარსკვლავია. ღმერთმა  ჩამოხსნა ციდან ერთიცალი ბრჭყვიალა ვარსკვლავი, ჯერ თავის ძლიერ და დიდ ხელებში დაფშხვნა, მერე ფუუუუუო, სული შეუბერა და გადმოფერთხა ქვეყანაზე.  ვარსკვლავის ნაფხვენი  ზოგი ბალახზე დავრდა, ზოგი ხეზე, ზოგი ბუჩქზე, ზოგი სახლების აივნებზე, ზოგი ლამაზ და ჭკვიან ბავშვებს  თმაში  ჩაეპნა  და მას შემდეგ ანათებენ  ბავშვებიც, ხეებიც, ბალახებიც, ყვავილებიც, მთებიც, ზღვებიც.... ციცინათელების ქვეყანაში ყველაფერი ყვითლად  ციმციმებს, თითქოს ათასი, ან უფრო მეტი სანთელი აუნთიათო. განსაკუთრებით  ძალიან ლამაზი სანახავია ციცინათელების ქვეყანა ღამით. 
       ერთ დღეს ტელევიზიით  საგანგაშო ცნობა გავრცელდა. ციცინათელებმა დაიწყეს გადაშენება- გაქრობაო. ეს როგორო? შეიცხადეს ადამიანებმა, იმ ქვეყანაში ციცინათელების გარეშე ცხოვრება არავის წარმოედგინა, რადგან ლაპმიონებსაც კი არ ანთებდნენ ქუჩებში, ისე ბრჭყვიალებდა ყველაფერი, ციცინათელები ანათებდნენ და რაღა საჭირო იყო ან ლამპიონი ან ელექტრო ნათურა? მოკლედ, დადარდიანდნენ ადამიანები. ღმერთს ისედაც იმდენი საქმე აქვს, კიდევ ხომ არ შეაწუხებდნენ,  ღმერთო, გეხვეწებით, კიდევ ერთი ვარსკვლავი დაფხვენი და ჩამოყარეო? არ შეიძლება, ღმერთი ერთხელ ქმნის და რასაც გაძლევს იმას უნდა გაუფრთხილდე.
      მოკლედ, დაღონდნენ  ადამიანები და კიდევ უფრო სწრაფად დაიწყეს გაქრობა ციცინათელებმა. ბევრი იფიქრეს მეცნიერებმა, ბევრი ცდები და დაკვირვებები ჩაატარეს და მიხვდნენ! თურმე ციცინათელებმა გაქრობა იმიტომ დაიწყეს,  რომ ადამიანები დარდიანობდნენ, სიხარული დაიკარგა ქვეყანაზე და, აბა,  ციცინათელებს რაღა ეციცინათელებოდათ?! ახლა დაიწყეს სიხარულის წამლის გამოგონება. სიხარულის ისეთი  აბები  უნდა გამოვიგონოთ, ყველამ გაიხაროს და ციცინათელებიც არ გაქრნენო. პირველ რიგში დაიწყეს დაკვირვება.  რამდენჯერაც  მონატრებული შვილიშვილი სოფლად ჩავიდოდა და ბებიასა  ჩაეხუტებოდა, იმდენი სიხარულის ნაპერწკალი გაკრთებოდა ჰაერში. თვალიდან გადმოცვენილი  სიხარულის ნაპერწკლები კი ციცინათელებად იქცეოდნენ ხოლმე და დაფარფატებდნენ  ქვეყანაზე.  აი,  თურმე რაში ყოფილა საქმეო!- დაასკვნეს მეცნიერებმა.  მივიდნენ ქვეყნის მმართველთან და განუცხადეს, თუ არ გსრურთ გადაშენდეს ციცინათელები ჩვენს ქვეყანაში დააწესეთ ბებიებისა და შვილიშვილების ჩახუტების სახელმწიფო დღეო! ეს დღე, რა თმა უნდა,  უქმე იყო. მთელი ქვეყანა ისვენებდა.  რომელ ბავშვსაც ბებია ჰყავდა  მასთან მიარბენინებდნენ მშობლები ჩასახუტებლად.  ზოგს სოფლად, ზოგს სხვა ქალაქად, ზოგს აგარაკზე და ასე....ეწყობოდა ბებიების ჩახუტების ბედნიერი და თბილი დღე! იმ დღით არასდოს არ იყო ხოლმე ცუდი ამინდი. მზე კაშკაშებდა, ბავშვები ზოგი ღვეზელით, ზოგი ბებიასთვის ნაყიდი  ახალი კაბით, ზოგი სუნამოთი, ზოგი ახალი ხელჩანთით და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი წნევის წამლითაც მიდიოდა ბებიასთან. თან ძღვენი მიჰქონდა და თან ეხუტებოდა. ბებიებს ისედაც დაღლილი და მონატრებული გულები უფრო უთბებოდათ შვილიშვილების დანახვაზე და თითო  ჩახუტებაზე, სიხარულის იმდენი  ნაპერწკლები სცვიოდათ... 
    დაიწყეს ციცინათელებმა მომრავლება.  კვლავ აბრჭყვიალდნენ ბალახები, ბუჩქები, ხეები, ტყეები, მთები... ბავშვებს ტანისამოსზეც კი ესხდნენ ხოლმე ციცინათელები  და  ანათებდნენ, ასევე ანათებდნენ მოხუცი ბებიების ჭაღარა თმაშიც. 
     კიდევ ბევრი სიხარულის ნაპერწკლებზე სცვიოდნენ ადამიანებს ციცინათელები თვალებიდან, მაგრამ მაგ ამბებს სხვა ზღაპრებში დავწერ.

??????