ქადაგიძე ნინო
გაზიარება

ზღაპარქალაქის ბიბლიოთეკა ექსკლიუზივი

     წელზე კუბოკრულ  შალშემოხვეულ შენობას თუ დაინახავთ, გრძელი ფოჩებით იცოდეთ, რომ  ეს ზღაპარქალაქის მოხუცი ბიბლიოთეკაა. განა ყოველთვს ასეთ იყო? როდესაც ააშენეს, ახალგაზრდობაში,  ღია ვარდისფრად შეღებეს, თეთრი დარაბები ჩამოკიდეს,  ფანჯრის რაფებზე  კი კოპწია და პრანჭია ყვავილები შემოუსკუპეს. ოჰ, ისე იწონებდნენ თავს, ისე აფახულებდნენ თვალებს! ერთი შემოგვხედეთ, ჩვენზე უკეთესს რას დაინახავთო?! ხის თეთრ კარზე ოქროსფერი ასოებით „ზღაპარქალაქის ბიბლიოთეკა“ დააწერეს. ერთი კეთილი ბიბლიოთეკარიც დასვეს   მაგიდასთან და თაროებზე ანბანის მიხედვით უამრავი წიგნი  ჩააწიკწიკეს. წელში წყდებოდნენ თაროები და შუბლიდან ოფლს იწმენდდნენ,  ამ მსუქნა წიგნებს რა იტვირთავსო.  კედლებზე  ცნობილი მწერლების სურათები ჩამოკიდეს, რომლებიც ყუარდღებით აკვირდებოდნენ  პატარა მკითველებს, აბა, ჩვენს  მოთხრობებსა და ლექსებს გამართულად თუ კითხულობენო. ერთი სიტყვით, ლამაზი ბიბლიოთეკა თავისი კეთილი  ბიბლიოთეკარით, მსუქანი წიგნებითა და პატარა მკითხველებით სავსე იყო.  იცით, მისი კიბის საფეხურები როგორ ცელქობდნენ ხოლმე? ბავშვი კიბის პირველ საფეხურს რომ დაადგამდა ფეხს, მეხუთე საფეხური ხტებოდა სკუპ-სკუპით წინ, არა, არა, პატარავ, ჯერ ჩემს საფეხურზე დადგი ფეხიო, მერე მესამე, მეოთხე და ასე ხტუნვა - ხტუნვითა და კუნტრუშით  შედიოდნენ ხოლმე ბავშვები ბიბლიოთეკაში. წიგნებმაც იცოდნენ ცოტა- ცოტა ცუღლუტი. თანამედროვე მწერლების წიგნები თავს იწონებდნენ ფერადი ყდებითა და სანიშნებით, აი, შემოგვხედეთ, ბავშვებო, როგორი ახლები და ლამაზები ვართ, სულ  ცინცხალ-ცინცხალი ამბები სწერია ჩვენს ფურცლებზე, ჯერ კიდევ სტამბის სურნელი აგვდის, ჯერ ჩვენ წაგვიკითხეთ, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები ვართო. დარბაისელი  კლასიკოსი მწერლების წიგნებს ულვაშებში ეღიმებოდათ,  მაგას დრო გვიჩვენებს, ყმაწვილებოო! მოკლედ, ბიბლიოთეკაში  ერთი დიდი ჟრიამული იდგა.     
      გადიოდა წლები,  ქაღალდის წიგნები  ელექტრონულმა წიგნებმა შეცვალეს,  ბავშვებს პლანშეტები თუ ათასი გასართობი გამოუჩნდათ და დაივიწყეს ვარდისფერი ბიბლიოთეკა. ისე გულგრილად აუვლ- ჩაუვლიდნენ ხოლმე, ზოგმა ბავშვმა საერთოდაც არ იცოდა რას ნიშნავდა ბიბლიოთეკა, ან საერთოდ იქ რატომ იდგა თავისი გაკავებული წელით. ჩვენს ბიბლიოთეკას მოწყენილობისგან სულ უფრო მეტ ასაკს მისცემდით, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ.  ფერადი საღებავი ჩამოსცვივდა, კედლები ალაგ- ალაგ დაებზარა, ქარებმა დაიწყეს ჭუჭრუტანებში ზუზუნი, ალბათ, ფოჩიანი შალიც იმიტომ შემოიკრა წელზე.   თეთრი დარაბები გაუყვითლდა და ჩაუცვივდა, პრანჭია ყვავილები ჩამოუჭკნა რაფებზე, კიბის საფეხურებმა ჭრიალი დაიწყეს, სადღა შეეძლო მეხუთე საფეხურს პირველ საფეხურზე ჩამოსკუპება, სახსრები ასტკივდა. კედელზე ჩაოკიდებული მწერლების სურათებიც  დაიმტვერა,  თაროები დადუმდნენ და წიგნებიც მიყუჩდნენ. კეთილმა  ბიბლიოთეკარმა დიდი სათვალე მოირგო და  ბავშვების მოლოდინით მანაც მოიწყინა. უფრო მეტსაც გეტყვით, პატარა წრუწუნები დაბინავდნენ სამკითხველო დარბაზში და დღე და ღამ იმაზე ბჭობდნენ, რომელი წიგნის დაღრღნა და დაქუცმაცება დაეწყოთ.
- მოდი, ჟიულ ვერნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ შევახრამუნოთ? 
- გაგიჟდი, სულელო, - გამოეპასუხა მეორე წრუწუნა, წყალქვეშ ხომ დავსველდებით. აბა, სხვა წიგნის სათაური წაიკითხე. 
- ააა, კარგი, კარგი, მაშინ ჯანი როდარის „ჩიპოლინოს თავგადასავალზე“ რა აზრის ხარ?
- არა, არა, ეგ ხომ ხახვის ბიჭუნაა, მწარე იქნება და  პირიც დაგვეწვება.
- ბა - ლა- და-  მო- ტე-ხილ - ცხვირ- ზე- არ- ნე - სვინ-გე- ნი - დამარცვლით ამოიკითხა შუათანა წრუწუნამ. 
- აბა, აბა, ცხვირისა და კისრის მოტეხა არ  გამაგონოთ, თორემ სოროდან აღარ გამოგიშვებთ. - დაემუქრა წრუწუნებს დედიკო თაგუნა. 
- „სა-თა-გუ-რი“ - უიი, ეგ ვაჟა- ფშაველას მოთხრობაა და წრუწუნებისთვის  ძალიან საშიშია,  გააგდე ხელიდან! - იკივლა დედამ. 
- მაშ,  ჩარლზ დიკენსის „ საშობაო მოთხრობებს“ შევექცეთ.
- რა დროს შობაა, ჩერჩეტო შვილიკო, მაგ  მოთხრობებით შობას ჩავიტკბარუნოთ პირი. 
- მოდი, მაშინ  ეს  ნახატებიანი წიგნი დავღრღნათ, რაა! 
- ეგ საღამოს, ჩაისთან, თავში ჩაუთაქა  დედა თაგუნიამ აბეზარ წრწუნას.  
- რა ვიპოვეეთ, „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ აი, ზუსტად საჩვენოა,- აწრუწუნდნენ სიხარულისგან წრუწუნები. 
- არა, ბავშვებო, არა,  ბევრი შოკოლადის ჭამით  კბილები გაგიფუჭდებათ, კარიესი გაგიჩნდებათ,- მკაცრად გააფრთხილა დედამ წრუწუნები. 
- სქელი, მტვრიანი და გაყვითლებული წიგნი რომ დავღრღნათ, რა აწერია? - ამოიოხრეს პატარებმა. 
- ი... ლი.... ა.... დ დ დ..... ა... ძლივს ამოიკითხა ნაბოლარა  თაგუნამ. 
- მაგ წიგნის დაღრღნა ჯერ თქვენთვის ადრეა, ეგ  ძალზედ ეპიკური პოემაა, მაგის შინაარს ვერ გაიგებთ, პატარები ხართ ჯერ! 
- რას ნიშნავს ძალზედ ეპიკური? - მხრები აიჩეჩეს პატარა თაგუნიებმა. აი, ამ ბჭობაში იყვნენ რომ....
      ერთმა პაწია გოგონამ შემოაღო  ბიბლიოთეკის, აწ უკვე გაყვითლებული და ბუზღუნა, მოხუცი კარი.   სკამზე ფეხებშემოლაგებულმა კეთილმა ბიბლიოთეკარმა მაშინვე მაგიდაზე მიგდებულ სამჯერ გამადიდებელ მინებიან სათვალეს დასტაცა  ხელი, წრუწუნებისგან შეშინებული, სკამს რომ აფარებდა თავს,  ისე უფრო სწორი იქნება ფეხებს თუ ვიტყვით. ჰოდა, სკამს რომ აფარებდა ფეხებს. მოკლედ, წრუწუნები სოროსკენ გაიქცნენ, მწერლების სურათებმა მხრებიდან მტვერი ჩამოიბერტყეს, უხერხულია, აქაოდა მკითველი გვეწვიაო. ბიბლიოთეკარი წამოდგა და გოგონა აათვალიერ- ჩაათვალიერა. იმდენი ხანია აქ არავინ შემოსულა, როგორ გამახარე  ჩემო პატარა გოგონაო. გოგონამ ჩაიღიმა და უამბო, თავისი დედიკო როგორ უამბობდა ძილის წინ ათას საინტერესო ამბავს, როგორ უკითხავდა წიგნებს ძილის წინ და რადგანაც მან კითხვა უკვე ისწავლა, სახლში რა  საბავშვო წიგნიც ჰქონდა ყველა წაიკითხა, შემდგ დედიკოს ნაამბობიდან  გაახსენდა ვარდისფერ ბიბლიოთეკაზე, რამდენი საინტერესო წიგნი ინახებოდა იქ და აი, მივიდა კიდეც. 
        გოგონა კეთილ ბიბლიოთეკარს დაეხმარა  იქაურობის დალაგებაში, წიგნების გაწმენდაში, ახალი წიგნების გამოწერასა და ყვავილების ხელახლა გახარებაში. მერე ასეთი ამბავი მოიფიქრეს ერთად. რადგან უკვე აღარავინ სტუმრობდა  ბიბლიოთეკას, თითოეული წიგნი ლამაზ- ლამაზ ქაღალდებში გადაახვიეს, ფერადი ლენტებით შეკრეს და სახლების ზღურბლზე დაულაგეს ზღაპარქალაქის მაცხოვრებლებს, ზოგს ფანჯრის რაფაზე შემოუდეს, პატარა ზომის წიგნები ქურქის ჯიბეშიც ჩაუცურეს, კალათი ჩამოაშვებინეს ბებოებს აივნიდან და კალათში ჩაუდეს, მანქანისა თუ ტრანსპორტის სკამებზე დაულაგეს და ბარათი დაუტოვეს „ ვინც ამ წიგნს წაიკითხავს  და მერე ბიბლიოთეკაში დააბრუნებს, მას ერთით მეტი მეგობარი ეყოლებაო“. წიგნი ხომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია. აბა, მეგობრების ყოლა ვის არ მოუნდებოდა? კითხულობდნენ ზღაპარქალაქის მაცხოვრებლები წიგნებს, არბოდნენ ბიბლიოთეკაში, აბარებდნენ, მერე  ახალ წიგნს  არჩევდნენ გასატანად.... ასე, გაამხიარულა და გადაარჩინა გოგონამ მოხუცი ბიბლიოთეკა  მოწყენილობას და მისი ბინადარი წიგნები კი თაგუნიებისგან დაღრღნას. სათვალიანი კეთილი ბიბლიოტეკარი ვეღარ აუდიოდა წიგნების მიღებასა და გაცემას. რომ იცოდეთ, თაგუნიებიც კი არაჩვეულებრივი მკითხველები გამოდგნენ და ზღაპარქალაქის მერმა „ საუკეთესო მკითხველების“ უშველებელი თხილის მედალით დააჯილდოვა. 
       როგორ ფიქრობ, შენ თუ ხარ კარგი მკითხველი? 

??????