ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მომღერამომღერალი ჩაიდნის ზღაპარი  ექსკლიუზივი

      ერთი ქალაქის ერთ ქუჩაზე, ერთი ქუჩის ერთ კორპუსში, ერთი კორპუსის ერთ სართულზე, ერთი სართულის ერთ ბინაში ერთი მოხუცი ბებო ცხოვრობდა. ბებოს არ ჰყავდა შვილიშვილი, მაგრამ დღე და ღამ ბავშვებზე ფიქრობდა. დილიდან იწყებდა ფუსფუსსა და სამზადისს: აცხობდა ვაშლის ღვეზელებს, ვანილიან ვაფლებს, შოკოლადში ავლებდა ბანანებსა და ალუბლებს, ხარშავდა ჟოლოსა და შინდის კომპოტებს, გამდნარ თაფლში ავლებდა კაკლუჭებს....ნერწყვი მოგადგათ არა? მოკლედ, ათას ტკბილეულსა თუ ნუგბარს ამზადებდა. შემდეგ ალაგებდა კალათში, მიდიოდა საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში, ბავშვთა გასართობ სკვერებსა და პარკებში და ურიგებდა ბავშვებს, ასე ტკბილად დამიბერდით, ბებოო. ბავშვებს ძალიან უხაროდათ მისი გამოჩენა, დაინახავდნენ თუ არა, მთელი ქალაქის ბავშვები მიეგებებოდნენ ხოლმე გუნდად: - ბები, ბები, ერთი კაკლუჭით ჩამიტკბარუნე პირი, რაა!...თვალებს დახუჭავდა პატარა, გააღებდა დიდ პირს და ბებო შიგ პირში ჩაუგორებდა თაფლიან კაკლუჭს. - მე ერთიცალი ვაშლის ღვეზელი, თუ შეიძლება, კეთილო ბებო.... - ტკბილო ბებია, მე თქვენი ჟოლოს ტკბილი კომპოტი მომწონს!.... - მე მამალო!... -მე ჩურჩხელები!.... -მე შოკოლადის ფუნთუშა!...ასე გადიოდა დღეები, კვირები, თვეები... ბებო თან ატკბობდა გემრიელობებით ბავშვებს, თან ლოცავდა ასეთი ტკბილი დღეები გაგიმრავლდეთო. შინ დაბრუნებული არც ღამღამობით იყო მოცლით, იჯდა და ქსოვდა შალის წინდებსა თუ ქუდებს, კაშნეებს, ხელთათმანებს ბავშვებისათვის, მკაცრი ზამთარი იქნება და ბავშვები არ გამიცივდნენო. არც ბავშვთა სახლებში სტუმრობა ავიწყდებოდა. იქაც ახარებდა ბავშვებს ტკბილეულით. უთბუნებდა პატარა ხელებსა და ფეხუნებს შალეულით. ბავშვებს დანაყრებულებსა და ჩამთბარს რომ დაიგულებდა, თავადაც ბედნიერად გრძნობდა თავს. 
მაგრამ ერთ დღესაც ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ქალაქს მოედო საშინელი ვირუსი. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიში იყო მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის. ეზოში სათამაშოდაც კი არ უშვებდნენ ბავშვებს. დაცარიელდა საბავშვო ბაღები, სკვერები, სკოლები... ბებომაც მოიწყინა. კი ფიქრობდა კარდაკარ ჩამოვივლი და ზღურბლზე დავუტოვებ ბავშვებს კანფეტებსა და შოკოლადის ფუნთუშებსო, მაგრამ სასტიკად აუკრძალეს გარეთ გასვლა, ეს უხილავი ვირუსი კანფეტზე ან ფუნთუშაზე რომ შემოსკუპდეს და ბავშვები დააავადმყოფოსო, არაო, არ შეიძლება ზღუბლთან ტკბილეულის დატოვებაო. ან თავად თქვენ რომ გახდეთ ავადო? რა უნდა ექნა ბებოს. სოფელში არ იყო, რომ ჩიტების ჭიკჭიკისთვის მოესმინა, ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკს ავტომობილების ხმა ფარავს ხოლმე. ვერც ხეებს ესაუბრებოდა და აწვდენდა ხმას მაღალი სართულიდან, აბა, ეზოში მდგარი ხეები რას გაიგონებდნენ ასე შორიდან. მოკლედ, დანაღვლიანდა ჩვენი ტკბილი ბებო. გადმოიღო ძველი სკივრი თუ ზანდუკი და ამოალაგა თავისი ახალგაზრდობისდროინდელი ნივთები: ფერად-ფერადი თასმები, ბროშები, თოჯინები, ქოშები, მეგობრობის დღიური, ფოტოები, ძველი ნახატები, საღებავები, ძველი წიგნები, წიგნების ფურცლებიდან გადმოცვივდა გამხმარი ყვავილები და უი, სკივრიდან ერთი გაბერილი და ბუთხუზა ჩაიდანიც გადმოგორდა, რომელსაც ვიოლინო ეხატა. გაუკვირდა ბებოს, ეს ჩაიდანი ჩემს ძველ სკივრში როგორ აღმოჩანდაო? ვინ ჩასვა შიგნით ეს მსუქანა ესაო? მარტო ცხოვრობდა და აბა, ვინ უპასუხებდა. ჩაიდანი გარეცხა, გააღვრიჭინა ცხელი წყლისა და ქაფის ქვეშ, ჩაასხა წყალი და შემოდგა გაზქურაზე. ცხელ ჩაის მაინც დავლევ და გავერთობიო. ადუღებდა ხან პიტნის, ხან ჟასმინის, ხან გვირილას, ხან ქონდრის ჩაის. წყალი რომ ადუღებას დააპირებდა, ჩაიდანი იწყებდა ვიოლინოს ჰანგების გამოცემას და სანამ წყალი არ ამოშრებოდა, მანამდე უკრავდა და უკრავდა. ბებო მხიარულდებოდა და აღარ უჭირდა შინ მარტო ყოფნა. არა მხოლოდ ბებო, ჩაიდნის მელოდია მოედო მთელ კორპუსს, ეზოს, ქუჩას და ქალაქს.... წყალი დაიკლებდა თუ არა, ბებო უმატებდა და უმატებდა, ადუღებდა და აფუხფუხებდა დღე და ღამ. ერთ მშვენიერ დღეს კი, გამოაცხადეს ტელევიზორში, რომ ვირუსი სასწაულებრივად გაქრაო. გახარებული ადამიანები დაუბრუნდნენ ძველებურ ცხოვრებას, ბებომ კვლავ ათასნაირი ნუგბარით გაავსო თავისი კალათი და ჩამოუარა კვლავ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სკვერებს.... ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ, ნეტა რა მოხდა, წამლისა და ვაქცინის გარეშე როგორ გაქრა ვირუსიო? მე მაინც სულ იმ გაბერილი ჩაიდნის დამსახურება მგონია, სასიამოვნო ჰანგებს რომ გამოსცემდა, თქვენ - არა?

??????