ქადაგიძე ნინო
გაზიარება

სამშობლოს ზღაპარი  ექსკლიუზივი

    იყო ერთი საწყალი კაცი. ამ კაცს ისეთი პატარა სამშობლო ჰქონდა, რომ ყოველ დილით, მზის ამოსვლისას, ავიდოდა მთაზე, ხელს მოიჩრდილავდა და თვალის ერთ დახამხამებაში მზერას მოავლებდა ყველა კუთხესა და კუნჭულს. - ჰოო, ყველაფერი რიგზეაო, - იტყოდა არხეინად და ჩამოვიდოდა მთიდან. სამწუხაროდ, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხელაც, უთენია კაცი რომ მთაზე ადიოდა, დაინახა სხვა უფრო ძლიერ კაცს, მისი ერთი ნამცეცი მიწა ჩუმად მიუსაკუთრებია, მეორე დღეს ავიდა მთაზე - მეორე ძლიერ კაცს აუღია დაუკითხავად მეორე ნამცეცი, მესამე დღეს - მესამე კაცს. .... დაღონდა კაცი:- ერიჰააო! ასე არ ივარგებსო, ხან ეჩხუბა იმ კაცებს დამიბრუნეთო, ხან სთხოვა, ხან რა ღონეს მიმართა, მაგრამ ბოლოს, უღონობისგან მწარედ ატირდა. ერთ დღესაც თავისი სამშობლოს ერთი ნამცეცი მიწა, ერთი ლუკმა სიტყვა და ერთი მწკივი სამშობლოს სიყვარული თვალიდან ჩამოგორებულ ერთ წვეთ ცრემლში გამოკრა- გამოახვია და გულზე ჩამოიკიდა, ასე ხომ ვეღარ მომპარავენო! ისე აბრჭყვიალდა და აბზინდა ეს მარგალიტის ცრემლი, რომ მთელ სამყაროს ანათებდა. ეს ბრწყინვალება რომ დაინახეს კაცის გულზე, ახლა სხვა უფრო დიდი და ძლიერი კაცები მოვიდნენ, დაგვითმე ეგ მარგალიტიო. აბა, კაცი სამშობლოს როგორ დაუთმობდა და ატყდა დავიდარაბა. ამოიგანგლა კაცი მტვერში, მუხლი გადაუსკდა, მარჯვენა გაერღვა... ის - ის იყო შემოსულმა ძლიერმა კაცმა ხელი წაატანა გულისკენ, მარგალიტი რომ ჩამოეგლიჯა და ციდან მოფინდა ცისფერი მტრედი, ჩაავლო ნისკარტი მარგალიტს და ზეცისკენ აიტაცა. გადაიარა პირველი ცა, მეორე ცა, მესამე ცა, მეოთხე ცა .... და დაბლიდან ვეღარც კი მიაწვდინეს თვალი კაცებმა, რომელ ცაზე აიტაცა ძვირფასი მარგალიტი მტრედმა. ამბობენ მტრედმა ეს მარგალიტი ცის ულამაზეს ბაღში ჩარგოო, უშველებელი, ვარჯიანი და ულამაზესი ხე ამოვიდაო. ფოთლების ნაცვლად ოქროს სიტყვები გამოისხაო, ნიავის წამოქროლებაზე სულ ქართული სიტყვები შრიალებდნენ საამურადო, ნაყოფის ნაცვლად - სიყვარულის უშველებელი ბურთულები ეკიდაო, ფესვები კი იმ ერთ ნამცეც მიწაში ედგა, საწყალი კაცის მიწა რომ ერქვაო. საწყალი კაცის ცრემლი კი წყაროებად ედინებოდა გარშემო ხეს და არწყულებდა. კაცის ყურამდეც მიაღწია თურმე ამ ამბავმა. საწყალი კაცი ხან ფეხისწვერებზე შედგებოდა, ხან კენჭებზე, ხან კიბეს მიაყუდებდა ხოლმე ზეცას, იქნება ჩემი გალამაზებული და გაბარჯღული სამშობლო დავინახოო, მაგრამ ამაოდ. ფეხისწვერებზე შემდგარს ხან ფეხი კოჭში უბრუნდებოდა, კენჭებზე შემდგარი ძირს ვარდებოდა, ზეცაზე მიყუდებულ კიბეს კიდევ, ხან საფეხურები აკლდა, ხან დაბლიდან აყანყალებდნენ თხილბერა კიბეს სხვა დევბერი კაცები, ჩამოდი ჩვენ აგვატარეო.... ერთხელ ვარსკვლავის ქიმზეც კი გამოაბა თხის ბალნით დაგრეხილი თოკი. იწვალა, იწვალა და შუა ცამდე რომ მივიდა, თოკი გაუწყდა. ჩამოჯდა ქვაზე, თავი ხელებში ჩარგო და მწარედ ატირდა. ისედაც საწყალი კაცი ვიყავი და ახლა უსამშობლოდ დარჩენილი ორმაგად საწყალი ვარო. იმსაც ამბობენ ცისფერ მტრედს შეეცოდაო და ყურში ჩუმად ჩაუღუღუნა: -უნდა მოძებნო ადგილი, იქ, სადაც ცა და მიწა ერთდება, დაჰკრა ფეხი, აჰყვე ღვთის ხელს და შენს სამშობლოშიც დაბრუნდებიო. ასეც მოქცეულა საწყალი კაცი, იმასაც ამბობენ თავისი სამშობლოს ხის ერთი მშვენიერი რტო მოტეხა და გულში გადაირგაო. მაგრამ ეგ ამბავი სხვა უფრო დიდ ზღაპარში სწერია და სხვა დროს გიამბობთ.

??????