ქადაგიძე ნინო
გაზიარება

საშობაო ამბავი ექსკლიუზივი

მაშინაც  შობისპირული იდგა. ცაზე ცელქობდნენ ფერად-ფერადი ვარსკვლავები. ხან ხტუნავდნენ, ხან ყირამალა გადაკოტრიალდებოდნენ, ჟრიამულობდნენ,  ნახევარი  მთვარიდან   ჩამოსრიალდებოდნენ -უუუჰუუუ.... თვალებს აპაჭუნებდნენ, აი, ისე, ჩვენ რომ ციმციმს ვეძახით და სინათლის ნამცეცებს  აპნევდნენ ზეციდან მიწამდე.  გაგიკვირდებათ და გაიფიქრებთ ალბათ, რამ გააცუღლუტა ეს  ამხელა დარბაისელი მანათობელი პლანეტებიო. თურმე ნუ იტყვით და,  ყოველი  შობის ღამეს ასე იქცევიან. გადადიან ყირაზე თუკი ახალი სიცოცხლე, ანუ ჩვილი   დაიბადება დედამიწაზე, ან თუკი იმ დღით რომელიმე  ბავშვი ქუჩაში მაწანწალა ცხოველს დააპურებს, თუკი რომელიმე  ბავშვი მოხუცთა თავშესაფარში მყოფ  ბებოებს ან ბაბუებს  ტკბილეულს გაუნაწილებს, თუკი ვინმე საავადმყოფოში ავადმყოფს მოინახულებს, ან სულაც ვინმე  მოწყენილ ადამიანს გააღიმებს და  ანუგეშებს, ან  კიდევ  სიცივისგან გათოშილს ხელებს გაუთბობს, შეიფარებს... მოკლედ, სიკეთის  ჩამდენებს რა გამოლევს დედამიწაზე და ვარსკვლავებიც ასე ცუღლუტობენ ხოლმე ცაში, უხარიათ, უხარიათ ადამიანების ჩადენილი კეთილი საქმეები. 
      მააააგრამ მაშინაც შობისპირული იდგა მეთქი, მოთხრობის დასაწყისში გითხარით, როდესაც დედამიწზე  შობის ღამეს  რატომღაც არც არავინ დაიბადა და სიკეთის ჩადენაც არავის მოსვლია თავში აზრად. მაშინ ცა მოიღრუბლა, მოიქუფრა, გაიბუტა  და თოვლი სად იყო, წვიმის  მსხვილი  წვეთები გამოყარა მიწაზე.  ადამიანებს უკვირდათ, შობის ღამეს წვიმა ვის გაუგონიაო? აი, სიკეთის ჩადენას კი  არავინ ფიქრობდა. მშიერი ძაღლები ცალკე წკავწკავებდნენ საცოდავად, სადღაც უსახლკაროს სციოდა, მოხუცებს ტკბილეული ენატრებოდათ, საავადმყოფოებიდან ფანჯარის მინებზე  ცხვირმიჭყლეტილი ავადმყოფები მნახველებს ელოდნენ, ვიღაცას შიოდა, ვიღაც მოწყენილი  დადიოდა  და  ადამიანები  კი ვერც კი ხვდებოდნენ, განა ისეთი რა დავაშევეთ  ცაზე ვარსკვლავები რომ არ ჟრიამულობენ და თუ მოიღრუბლა კიდევ თოვლი მაინც წამოვიდეს, შობა უთოვლოდ  ვის გაუგონიაო?  აიბზუეს ცხვირები და შეიკეტნენ თავთავიანთ სახლებში. ცა ისე ბრაზობდა, რომ  ვარსკვლავები  უფრო და უფრო  იმალებოდნენ ღრუბლებში,  უმატებდა და უმატებდა წვიმას. ასე გაგრძელდებოდა ალბათ  მთელ ღამეს, რომ არა ერთი კაშკაშა შობის ვარსკვლავი. ეს  ბრჭყვიალა, ცელქი ვარსკვლავი ღრუბლიდან რაღაცნაირად გამოძვრა და ისე აენთო ცაზე, რომ მოქუფრული ცა მთლად  გაანათა, მერე ამ ფუმფულა ღრუბლებით ჩამოსკუპდა, ჩამოსკუპდა და ჩამოვიდა   დედამიწაზე. მიწაზე ფეხი დადგა თუ არა,  შობის ვარსკვლავი ერთ ლამაზ ოქროსთმიან, ხუჭუჭა ბიჭუნად გადაიქცა.  რადგან ადამიანებმა დაივიწყეს სიკეთის კეთება, ეს ბიჭუნა დადიოდა  ჩაბნელებულ ქუჩებში და მშიერ ცხოველებს აპურებდა, გაყინულ ადამიანებს გულსა და ხელებს უთბობდა, უსახლკაროებს ბუხრით აგუზგუზებულ  სახლებში ეპატიჟებოდა, მოხუცთა თავშესაფარში ხომ  შობის ღამეს მოხუცები დაატკბო გოზინაყებით, ჩურჩხელებითა  თუ  გემრიელი შოკოლადებით. მოწყენილებს ანუგეშებდა, აი, საავადმყოფოებში კი თუ  ვინმე  მკურნალობდა, ყველას აჯანმრთელებდა. მოღრუბლულმა და  წვიმით ატირებულმა ცამ, როდესაც  გადმოიხედა  დედამიწაზე და შეამჩნია რაღაც სასიკეთო ფუსფუსი, ნეტავი რა ხდებაო დაინტერესდა.  რა დაინახა?  ვარსკვლავივით ციმციმა და კეთილი ბიჭუნა დაიარება და  ადამიანებს ახარებს,  ცამ მაშინვე ღრუბელი გადაიყარა და ხასიათზე მოვიდა.  ცელქმა და ცუღლუტმა ვარსკვლავებმა რომ დაინახეს დედამიწაზე მოსიარულე შობის ვარსკვლავი ბიჭად გადაქცეულიყო, მათაც მოუნდათ  გახარებული ადამიანების გვერდით ყოფნა და სიხარულისგან ფეხები ააბაკუნეს: ჩვენც გვინდა რა დედამიწაზე, ჩვეენცო! და იცით რა მოხდა?  ეს მოსუვენარი ვარსკვლავები გადაიქცნენ თეთრ ჩიტებად,  ნისკარტზე  გამჭვრივლაე ჩამოკონწიალებული ლოლუებითა და მხრებზე მორთული ნაძვის ტოტებით, ჩამოფრინდნენ დედამიწაზე და  მორთეს ირგვლივ ყველაფერი.  მერე ჯერ ერთმა ადამიანმა გამოიჭვრიტა ფანჯრიდან, უი წვიმას გადაუღია და  ციმციმებს ქუჩაო, მერე- მეორემ, მესამემ და, აბა, იმ ღამეს  ვინღა გაჩერდებოდა სახლში,  ბედნიერი ადამიანები გამოცვივდნენ გარეთ და გაოცებულები შეჰყურებდნენ ციდან  ჩამოფრენილ  თეთრ ჩიტუნიებს, მადლით მორთულ ქუჩებსა და ეზოებს, სიკეთით გახარებულ სხვა ადამიანებს...უცებ  ფუმფულა ფანტელებიც წამოვიდა ციდან, ფაფუკი, ფაფუკი  თოვლით  მოირთო  სახლის სახურავები, ხეები, გზები... იმ კეთილი ბიჭის ნაფეხურები კი ახლაც ატყვია დედამიწაზე, თუ არ გჯერათ, აბა,  შობის ღამეს  ყურადღებით  ჩაიხედეთ  თქვენს გულებში.

??????