ზოიძე შოთა
გაზიარება

ტყვე ქალი ექსკლიუზივი

(უძველეს ბერძნულ-ლათინურ წყაროებში ნინო კაპადოკიელი იხსენიება, როგორც „ტყვე ქალი“. მცხეთელებიც მას ასე ეძახდნენ, მისი უთვისტომობის გამო. ძველ ქართულში „ტყვე“ უცხოს სინონიმია.)
 
ვართ შენს ტრაპეზზე მოწვეულები,
შენი ხატების სათაყვანებლად.
შენ დაგატყვევეს ბ  როწეულების
ყვავილებმა და პურის ყანებმა.
 
შენს ნატერფალებს ვერცხლი ასხია,
სადაც არა ხარ, იქაც გხედავენ,
ატმის ყვავილი შენი ასლია,
ატმის ყვავილის შენ ხარ დედანი.
 
როცა მირიან მეფეს ნათლავდი,
მაშინ, როდესაც ნანა მონათლე,
ურწმუნოება იქვე მოთავდა,
ქვეყანა უფლის მადლით განათდა.
 
ანგელოსები შენზე ზრუნავენ,
მე სამი ანგელოსის მამა ვარ,
ღმერთი იგონებს ახალ სუნამოს,
შენი ღაწვების დასანამავად.
 
ახლა შენს პორტრეტს ხატავს როდენი,
სირინოზების გვატკბობს ოსანა.
ღმერთი იგონებს ახალ მოდელებს,
შენი სხეულის შესამოსავად.
 
შენ შთამაგონე თავგამეტებით,
სათნოება და მსხვერპლის გაღება,
ძირს ჩამოდიან სხვა პლანეტები,
შენი სურათის გადასაღებად.
         
შენს ნათლულებში მეც მიმითვლიან,
ყველა ქართველის შენ ხარ ნათლია,
გულებში შენი ცეცხლი გვინთია
და ყველგან შენი ათინათია.
 
ურწმუნოებას ყავლი გასლია,
სადაც არა ხარ, იქაც გხედავენ,
ატმის ყვავილი შენი ასლია,
ატმის ყვავილის შენ ხარ დედანი.
 
მზეა და ყვავილების ჯარია,
ქართველს ჯვარცმულის გზებით უვლია,
და ყველგან სადაც შენი ჯვარია,
იქ სიცოცხლე და სიხარულია!
 
ვართ შენს ტრაპეზზე მოწვეულები,
შენი ხატების სათაყვანებლად,
შენ დაგატყვევეს ბროწეულების
ყვავილებმა და პურის ყანებმა.

??????