გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * * "მზე ძუძუს თავზე შემოვაწვინე" 

* * *
მზე ძუძუს თავზე შემოვაწვინე
და ჩემი ზურგის ხორბლისფერ
ტყავზე
რძე მოიხარშა ხერხემლის ტოტით…
შენ არსად არ ხარ,
გზები შორია და
გზები შორია და
ქვა ბილიკს კორტნის…
კანში ფანჯრები და მინებია,
ყოფნა მიტოვებით იოლდება,
ტყეებს გადავცურავ ირმებიანს,
ძვლები მიბერდება მიყოლებით..
წყალში იზლაზვნიან ვერანდები,
ხორხი დამეღალა ნამსხვრევებით…
მხარზე თმის ლერწამი მემტვერება,
მელანდები…
სიკვდილმომლოდინე ღამეებზე,
მრგვალი დღეებია მშობიარე,
შუბლზე ჩამონისლულ ეკლებიდან
სისხლი გაქვავდა
და
მომიარე…
კედლებს ელექებათ ნაწვიმარი,
ჭერში პაპიროსის ნატერფალებს
სუნი რკალისებურ სინაცრისფრის
ქარი ჩამოდგა
და
აფერმკრთალებს…
თურმე საათია გამოკრთომის,
მესმის მონოლოგი რადიოდან,
ჩემი სიზმრებია,
ოთახებში
თითქოს ღვთისმშობელი დადიოდა…
მკერდზე ამოქოლილ თავთავებში,
მუცელს მეზრდებიან ვენახები…
მე ახლა თვალი მიბრმავდება,
ასე ვერასოდეს გენახვები…
და ცხელ ჭიანჭველებს ამოზელენ,
მიწას შებღალავენ ჩემი ხორცით,
 ცვარად მომაბნიე ბალახებში,
ღმერთო, ისე…
ვითომ შენს პეშვს ვკოცნი…
რომ მერე…
მერე აღარ ვიყო…
გზები არასოდეს ვიწროვდება…
როცა არაფერს არ გეუბნები,
სიტყვა
დუმილივით მიგროვდება…
შენ არ ხარ…
და მე მემსგავსები…
როცა მივდივარ და ზეწრებს
ვტოვებ…
გამოვტოვე…
რაღაც უნებურად გამოვტოვე…

??????