გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * * "ამ გზაზე ყოფნას, ასე მწყურვალი" 

ამ გზაზე ყოფნას, ასე მწყურვალი,
მინდა, გითხრა,
რომ მე არ ვირჩევ,
შენ სიკვდილი ხარ გარდაუვალი,
მე - ბეატრიჩე...
მე წავალ, მაგრამ არა დღისით,
სხეულის ლებნებს ფრთხილად 
გავირჩევ...
შენ ღმერთი ხარ და არავისი,
მე - ბეატრიჩე...
ილაპარაკე, როცა წავალ 
ჩემზე შვილივით,
სულზე რომ მაწევს დაორთქლილი - შენი ხელია,
შენ სინათლე ხარ ბალახებში რძისფერ გვირილის,
მე - ოფელია. 
და ასე ყოფნას, მინდა გითხრა, 
რომ მე არ ვირჩევ,
მაჯებს გულზედ ვწნი,
სისხლი მიწას მოავარაყებს.
მე გავიქცევი სიცოცხლიდან,
ვით ბეატრიჩე,
ვშიშობ, არავინ არ დარჩება მოლაპარაკე.
თოვს -
ორღობეში დაბმულ შავ ხარებს
ზურგებზე ათოვთ
და კანში ლღვება მდუღარე წვეთი -
მოხუცი მამა
მიწაზე დგება,
თოვლის ზედაპირს თავს წამოადგება,
როგორც მდევარი
და ხშირი თოვლი სიბერეში ამოეზრდება.
სადღაც შორს ტოტზე ბრწყინავს სუსხი,
შეტეხილ ჰაერს პირს უღებს ქარი,
და ურმის ჭრიალს ედება თოვლი,
თოვლი ცის ფერი -
ჩუმად თვლემს ხეზე მუქი ყვითელი ხურმა,
რომელსაც ათოვს უშფოთველი სიზმრული ფიფქით,
ისე, ვით ხელი ქალის თმებში ჩასვენებული,
ქალს რბილად სძინავს
და შუბლზე თითებს სუნთქავს.
ათოვს საკვამურს
და ბუხრის შიგნით ჩაქცეულ წარსულს,
კეცზე დაკრულ ჭადს,
ბაგაში ძროხებს.
მხოლოდ ხბოს ღვიძავს
გახელილი შუშის თვალებით
და პირველ თოვლს უმზერს.
ვისაც არ სძინავს,
ვინც საბანი ვერ მოიხურა,
სასაფლაოზე მწოლიარე ხორცების
ტკაცუნს უსმენს
და სულებს ათოვთ
საზღვრების მიღმა.
მოხუცი მამა ლოგინში წვება,
ხარები თრთიან
და ზამთრის ფიქრებს არღვევს
მოწყვეტილი 
მშიშარა ზღმარტლი

??????