გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * * "სახლიდან" 

სახლიდან,
რკინის კედლიდან,
შუშის პრიალა ზეწრები
ჭერში დამემსხვრა, ფერიდე,
ვწვები და სარკმლის ღრიჭოდან
ჰაერს ვეწევი,
მერიდე…
ვწვები და მთებზე ვოცნებობ
და მატარებლის ყავაზე,
შენ სიკვდილს შემომთავაზებ,
მე - დუმილს შემოგთავაზებ
და თითებს ქერქის წებოთი
და საწოლს ვიწრო ბალიშით,
შენ რომ ხერხემალს გაიშლი,
მე რომ ყელს ტბაზედ გავიშლი,
სიცოცხლეს შემოგთავაზებ,
ვწვები…
წვიმს…
(არ გადარაზო),
ქარი ჭლექს სისხლად ახველებს,
შენ ჩემსას კი ნუ კითხულობ
შენ შენი დამისახელე.
ვუსმენ, ჩაიდნის ფსკერიდან,
მოხარშულ ლოდინს, ფერიდე,
მერიდე ამიერიდან,
ამიერიდან მერიდე…
და ვწვები,
როგორც ზამთარი
ჩვილრძე ბალახზე საზურგით,
თბილია შენი ლოგინი,
წყალს გასმევ, თითქოს საკურთხი
ოთახში შემომეტანოს,
აღარც შენ დგები,
იძინებ…
გამოიძინე სირცხვილით…
სიბერით გამოიძინე…
სადილად სისხლის კოლტები
მომიპირქვავე ქვაბიდან…
მე უარს ვამბობ იმ მთებზე,
მატარებლებიც არ მინდა…
და სადგურის სუნს ვიგონებ,
დათმობას ჩემი სირბილის,
შენი გულ-მუცლის ტუსაღი
ვგრძნობ შენი ძუძუს სირბილეს…
ძვლები რომ არ დაშლილიყვნენ,
ხორცი და მაჯა ჩავრაზე…
შენ მერამდენედ … ჰო…ასე
მე ვერც კი შემოგთავაზე…

??????