გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * * "მომწერე, როგორ ხარ?" 

მომწერე, როგორ ხარ?
თუ კიდევ ჰქრიან ქარები შენკენ, 
თუ არ დაღამდი,
მე ისევ ტალღის ზეწარზე ვწევარ
და ვერ ვიხსენებ,
წამის წინანდელ ამბებიდან როგორ 
გადავრჩი
და ქარიშხლისგან გულწასული უხმოდ 
ვისვენებ.
მომწერე,
თუკი ცოცხლობ და ისიც მითხარი,
რად არ კვდებიან უნაყოფო ლურჯი ტოტები,
როგორ არასდროს იზრდებიან,
ჩემი სიზმარიც
ჩემთან რომ რჩება და ისე სუნთქავს,
თითქოს მოკვდება.
მომწერე,
ატმის ყვავილზე მესაუბრე, თუნდაც აბსურდი,
თუნდაც ტყუილი და ფანტაზია, ანდა სიბეცე,
მზისგან წყალი და სინანული ისევ მომწყურდა,
მომწერე, 
როგორ შეძელი, რომ გადაგაქვს სულის სიბერე.
მომწერე,
როგორ ხარ?
რომელ სასთუმალს წაუღია შენი ჭირი და,
რომელ ბუხარში ანთებულან შენი ბეჭები,
ნუშის ყლორტები აღარ წვეთავს ჩვენი ჭერიდან,
ქალიშვილები გათხოვდნენ და ჩვენი ბიჭები
ამოიხოცნენ, ამაოა. ათოვს სახურავს,
ზოგან ქარი და ზოგან წვიმა, ზოგან შვილები
დაიზარდნენ და გზას დაადგნენ.
 შორით სათბურებს
სინათლე მოსწყდათ აბორტივით, მსგავსად ღილების.
მომწერე,
ხშირად შემეკითხე,
ტბის ფსკერდახვრეპილს, 
ცა ხომ არ მადგას ნათელივით, მიწას ვუყურებ,
მომწერე,
 მწერე,
მომიკითხე კლდეებდახეთქილს,
სხვის დასანახად, გაქვავებულ ჩიტს რომ ვაპურებ.
თავის ქალიდან მარცვალივით ორთქლი ამომდის,
ოთახებს ისევ ყრუ გუგუნის ესმით ცხელება,
დრომ კვლავ თავადვე შეასრულა რთული აკორდი
და ვიღაც ყვირის ჩემში - რა მეშველება?
მომწერე,
როგორ ხარ?
თუ მაინცდამაინც დაგრჩა სათქმელი,
თუ ჩაუარე ტაძრადქცეულ სანაპიროებს,
ზღვას გავატანე მარილისკენ ღმერთის სახელი
და სანამ შენებრ შეყვარებას დავაპირებდი
ზღვა წამაქცევდა, სუნი მტეხდა, სისხლი მახრჩობდა,
მომწერე,
თუ ისევ ხარ
და ლოცვებიდან ღმერთს თუ რიყავდი,
წაქცეულ კაცს რომ ორღობეში ზანტად ათოვდა,
იქნებ, შევცდი და ის მოკვდავიც თავად იყავი.
მომწერე,
როგორ ხარ?
ნუთუ, აყვავდნენ ქარიშხლები ტყემლის ყვავილზე
და ერთმანეთის არსებობა დავაგვიანეთ.

??????