გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * * "ლოთივით ფეხი ითრია ქუჩამ" 

ლოთივით ფეხი ითრია ქუჩამ
და შენობების სიმრუშე ცხადყო,
ასეთ დასაწყისს ბოლო არ უჩანს,
მე ვიბადები ძილიდან, ვატყობ. 
და თვითმფრინავის დასერილ ზოლებს
ვიგონებ, როგორც გავლილ ქალაქებს,
რომელსაც სახლში გამოვიყოლებ,
რომელსაც ფიქრში გადავალაგებ. 
და სწორედ ახლა შენს ყელზე სთვლემენ,
მზესავით მწველი შეჭრილი თმები,
მე ვიცი, უკვე ვეღარ გამცემენ
და ამიტომაც აღარ ვჩუმდები. 
თუმცა, ვინ იცის რამდენს გავბედავ,
რამდენი ვინმე ამემრიზება,
სხეულის სურნელს ქარში ვამხელ და
შენს წიგნში ვტოვებ აფორიზმებად.
მოვდივარ, მკერდზე ნისლები იშვნენ
და წყურვილს იკლავს ჩემს ჭიპში ფესვი,
დრომ ჯვარზე აცვა ჩემი სიშიშვლე,
მაგრამ რად აცვა - ეს აღარ მესმის.
და მერე დგება სილურჯე დილის,
თამბაქოს კვამლი აქარვებს წუხილს,
მე ისევ ვხდები ვიღაცის შვილი,
ისევ მტკივდება ბალახზე მუხლი. 
შენ კი არ იცი, როგორ გგავს ხმებით,
ნარინჯისფერი ქალაქის ხველა,
თითების წყებით სიკვდილს ვეხები,
ხოლო ამ კვდომის არც ღირს გამხელა.
თითქოს გოლგოთას გპარავდი, ღმერთო
და რაც ყოფილა, არც იყო ეგებ…
მე შენი მაჯის სურნელი მეცნო, 
როცა სადგურში შემომეგებე. 
ჰოდა, ვდუმდები, ვიდრემდე დუმილს
ექნება მშვიდი ხმაურის ძალა,
მე ვხდები, როგორც არასდროს - ჩუმი
და ვეკედლები უსიზმრო ქალაქს. 

??????