გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * * "ფოთლით მკერდსავსე ხეებს" 

ფოთლით მკერდსავსე ხეებს
აქვთ საფიქრალი მეტი,
მე შემოვრჩები სივრცეს,
მე შემოვრჩები არვის,
როგორც უსულო ნისლის
მღვრიე ფრაგმენტი.
მზე ადიდდება წყალზე,
შენ გაიოცებ, თუკი
და მერე ჩუმად მოხვალ
და მერე ჩუმად მოხვალ,
ჩემში მთვლემარე შუქიც
აეხანძრება კედლებს
და მოვა დილა - ლუში,
ო, ღმერთო, ასეთ ღამეს,
ასეთ უშენო ღამეს,
ასეთ ქარბუქში
არ მიმატოვო, მძიმეს
არ ვსვამ, 
მძიმეა რადგან,
სიკვდილმოხდილებს ჰგვანან
სიცოცხლემისჯილ კართან
მდგარი ღმერთები, 
ჰოდა
მეც მინდა ვიდგე წყნარი,
რაც მოხდა,
მოხდა - უწინ,
ზღვა წაილეკა,
დროა - მდინარის.
ჩემს ძილისპირულს აღარ
დარაჯობს შუბლის ღვათქი,
მე დავასრულე რაღაც,
მე ვერვინ დამასრულა
და რაც კი არ ვთქვი
თავის ტკივილებს ჰბადებს,
მე უსხეულოდ მშობეს,
როგორც თოვლიან მიწას,
როგორც თოვლიან ღობეს
აეზილება ზღმარტლი,
ყინვა აძინებს ხურმებს…
მე რომ ამქვეყნად მოველ,
არც ის ქვეყანა იყო,
არც შენ ყოფილხარ - თურმე.

??????