უგულავა ედუარდ
გაზიარება

გალაკტიონი ექსკლიუზივი

ცას  არეული  ნერვები  უთრთის,
მზე  აღარ  ესვრის  ქალაქს  მიმოზებს…
ნაწვიმარ  გზაზე,  ნაცრისფერ  ყუთით,
გადარბის  ბიჭი  მეპაპიროსე.
შენ  კი  მიდიხარ,  თითქოსდა  ძვლები
სხვა  ნებისყოფის  ძალით  აკინძე...
რომ  ჩაისუნთქო  ჰაერი  შვებით
სულს  პერანგივით  უხსნი  საკინძეს...
ძლივს  ჩამოთავდა  დაღმართი  ვერის,
დამქანცველ   ფიქრებს  წამით  შეეშვი _
ეს  შემოდგომის  ნიავი  მღერის,
გაფრენილ  ფოთლის  სიყვითლეებში...
მხოლოდ  ასეთი  გამშვიდებს   განცდა, _
თითქოს  გაიბნა  ქარში  ღიღილო,
პატარა  გოგო  სირბილით  გაგცდა,
რომ  კვლავ  შემოგხვდეს  და  გაგიღიმოს.
მერე  იმ  ხალხით  მძიმდება   ხიდი,
რომ  არ  ეთვლებათ  შიში  ლაჩრობად...
მტკვარი  კი  ისე  ლამაზად  მიდის,
„კარგია  მტკვარში  თავის  დახრჩობა“...
ალბათ  სილურჯე  ეფინა  ფერხთით,
იყო  უცნობი  ჟრჟოლით  ცდუნება,
როს  პოეზიის  ანგელოზს  შეხვდი
და  „სისხლით  დადეთ  ხეშეკრულება“...
ეს,  რა  თქმა  უნდა,  დაგიჯდა  ძვირად
და  უსაშველო  შენი  დიდება,
ისე  გამძიმებს,  ნერვების  რკინა
ლღვება  და  თვალი  გინოტივდება.
ან  ვინ  დაგინდობს  აფრენილს  ცამდე,
ვინ  გაპატიებს  ხილვებს   წარუშლელს…
თითქოს  ვიღაცას  მიზანში  ჰყავდე  
და  სადაცაა  ჩახმახს  დაუშვებს...
მაინც  მიდიხარ,   მაღალთა  სწორი,
მიაჟღარუნებ  შენს  ხვედრს   ხუნდებად...
აფთრის  ხროვასთან   ნაბრძოლი  ლომი
ბუნაგში,  ალბათ,  ასე  ბრუნდება...
შენ   ვერ  მოიხსნი  ეკლიან  მავთულს,
ვერც  სისხლით  ნაწერს  წაშლი  თარიღებს...
და  „ვინც  გაიგებს  ჩუქურთმას  ქართულს,
ის  პოეზიას  შენსას  გაიგებს“!

??????