ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

წასვლა ექსკლიუზივი

როცა გტოვებენ, 
ტოვებენ იმედს... 
გრძნობ, ნაშიმშილებ დღეებს მიყვები
და ემსგავსება მოუსვლელ წვიმას
შენი სიცივით  სავსე სიტყვები..

ბავშვობა სადაც მთავრდება იქ ხარ, 
იქიდან იწყებ ნამდვილ ცხოვრებას, 
ემახსოვრებათ, რაც უნდა გითხრა,
ეს გაორებაც ემახსოვრებათ.

თუმც არ არსებობს მსგავსი შემთხვევა, 
თუმც არ არსებობს მსგავსი შეხვედრა,
წერ, რადგან გჯერა, ვინმე ერთხელაც 
ცხოვრებას შენი თვალით შეხედავს. 

სიცხეა, თეთრად ჰყვავის უზანი…
მშვიდი ღამეა, მდუმარე, უხმო,
წერ, თითქოს შენს თავს წერილს უგზავნი 
და რა ხანია აღარ გპასუხობს.

ეტყვი, ამ ნაპირს  ბევრჯერ მოადგნენ,        
თუმც რა საქმე გაქვს შენ სხვის ომებთან
(ეს ქარიც ღრუბლის  სავსე ხომალდებს 
გადაყრის მთების მისადგომებთან).

და გრძნობ, თუ როგორ ხდები თოლია 
(ამხელა ცაზე ვის ენაღვლები), 
და ფრთებით სწავლობ ტრაექტორიას 
თუ მიმოქცევას ქარის და ზღვების...

სახლი  კი ისევ დაგირჩა სადღაც,
ისე ბებერი, ისე მდუმარე, 
რომ ყველა ნიშანს, იარას, დამღას 
სულ გაურბიხარ და იუარებ,

რომ მისცე სივრცე ბავშვურ ოცნებას, 
რასაც სიცრუის სუნი არ ასდის,
რომ მორჩეს იქნებ ეს გაოცება,
დამთავრდეს იქნებ ეს მასკარადი!

ხედავ ყველაფრის მიღმა ცოტახნით 
რაფაზე ყვავილს მრავალფოთლოვანს, 
სადაც ბავშვობის მყუდრო ოთახში 
შენი არყოფნის მტვერმა მოთოვა.

ათასი ფიქრით, სურვილით, ვნებით
გავხარ  ველურად ამოსულ იას,
გაცლის ყვავილებს ქარი და ხვდები
მსგავსი ქარები ძალიან გღლიან.

არ აღიარებ წარსულის ამბებს, 
როგორ მოედო სიმსივნე ავად 
და უნებართვოდ...  შენს კარსაც ანგრევს 
აწმყო, რომელიც აღარსად წავა.

ყველა შინაგან ხმასა თუ სურვილს, 
ანდაც უსულოდ დაწყობილ ხაზებს,
ჯერ საკუთარი შვილივით უვლი,
რომ მერე მშვიდად გაუშვა გზაზე... 

და სხვათა ფონზე ყველაფრით უგებ 
მათ, ვინც თავის თავს გადაამეტა,
გახსოვს სახლის წინ პატარა გუბე,
სადაც ეტევა მთვარის პლანეტა. 

ქრიან ქარები, ყვებიან მითოსს, 
მოგითხოვს ღამის ბნელი არენა, 
იგრძნობ ეზოში ზაფხულის სითბოს 
როგორ ეხვევა ქარი გარედან.

გრძნობ მოურჩენელ ყველა დანაკარგს,
ყველა ომსა თუ სენს თუ იარას,
ოდესღაც ღმერთიც გელაპარაკა,
ოდესღაც ღმერთმაც გამოიარა... 

დაატრიალებ თავში მეასედ 
შენი ბავშვობის ფირის ნარჩენებს, 
ზიხარ შენივე თავის სეანსზე 
და იცი, ვეღარ გადაგარჩენენ.

თუმც არჩევანი სადღაც გაჭირდა...
აქ სხვა სიმართლეს ვეღარ მოძებნი,
სიზმარში შენი სულის ფანჯრიდან 
სანამ მოდიან ანგელოზები.

??????