გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

* * * ჩემი ფსალმუნით განათებულ ფოთლოვან ტყეში 

ჩემი ფსალმუნით განათებულ ფოთლოვან ტყეში
განა, -
იმიტომ შევუშვირე მზის სიცილს პეშვი?
განა, -
იმიტომ გადაიდგა ლანდები ბრუდე,
რომ მე ყიჟინით დამენგრია ჩიტების ბუდე?
განა, -
იმიტომ ავაოხრე სისხლი და, -
სისხლში, -
ის სიყვარული, შენ რომ ქვეყნის წამებით იშვი?
ნუთუ ამ სიზმარს, თვალგახელილს,
გართობა ერქვა,
და რაც გადარჩა, გაფრთხილების ზარივით რეკავს?
ნუთუ ამ ზარებს, -
დამსხვრეული მუსიკა ჰქვია
და ყველაფერი ცრუსარეცლის ცდუნებას მიაქვს?..
და ვიდრე, -
ჩემი მარტოობის კარავთან მოთოვს,
მე მოვაგროვებ უნებლიეთ ჩამოყრილ ფოთოლს,
მოვუხმობ ჭინკებს,
ტყის ფერიებს,
მშობლიურ ლანდებს,
დავანთებ ცეცხლს და მე იმ ცეცხლთან პირობას დავდებ,
რომ, -
არასოდეს არ ვახსენო სახელი შენი,
რომ, -
შენ იქნები ამ ცეცხლივით უკანასკნელი,
მაგრამ, -
მანამდე მიყვარხარ და შეუნდე ფოთოლს,
ვიდრე ამ ჩემი მარტოობის კარავთან მოთოვს.

??????