ამყვა თქვენი ნელსაცხების
სურნელი და გამაბრუა,
ამერია სინორჩეში
სილამაზის მაგივრობა,
განა ყრუ ვარ, თუ ცხოვრების
ხმამაღლობამ დამაყრუა?!
თებერვალმა სისხლძარღვებში
ფანტელები დამიგროვა.
მერამდენედ, სახის უკან
ვითამაშე ემოცია,
მერამდენედ გავექეცი
ნეგატიურ ზოდიაქოს,
სიშიშვლეზე რამდენჯერაც
ძოწეული შემმოსვია,
იმდენჯერვე პეტრესავით
მომყვებოდი შორიახლო.
მომყვებოდი, თუმც წყურვილი
ჩემებრ დაგიოკებია?
გაზაფხულის დილის ნამზე
ენა დაგიწეწებია?
ახლა შენი ფიანდაზი
ეშაფოტის თოკებია,
ჩამომხმარი ფრთებია და
დამტვრეული ბეჭებია.
ახლა შენი გარდამოხსნა
შემოდგომით დაიწყება,
შეგრაგნიან სხეულს მწიფე
ღვინისფერი მეტაფორით,
სურნელება არასოდეს
მიეცემა დავიწყებას,
როგორც ბოლო კორიდაზე,
გაღადრული მატადორი.