(თუნთას)
შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.
ის მოვა უბრალოდ, ანაზდად, მომენდე...
ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დაეშვა ქალწულის დონემდე,
და იშვა სამყაროს სრულყოფა ბაგაზე.
შენ ელი, ყოველ დღე, რომ ელი, ვის ელი?
ზღვისპირი გიზიდავთ შენ-ცა და თოლიებს,
ტალღებმა მოკრიფეს სოვ-ელი ბისერი,
და ყელზე შეგაბეს ქაფისფერ კოლიედ.
და სულში და ლექსში და გარეთ, შინ ელი,
შენ ელი, ელი და თუ მოვა თოვლივით -
თეთრი და იმდენად ლამაზად შიშვ-ელი
ვით ციდან მოსული და უარყოფილი.
ყოველდღე ვის ელი, რომ ელი, შენ ელი...
მოვა ის აპრილის თოვლივით და თუნდაც,
ნაფერებ ფიფქების ფერების მფენ-ელი,
ნამთვარევ თბილისთან... სხივჩამდნარ ბათუმთან.
და მიკვირს ვის ელი და მიკვირს მეც ასე,
მეც ასე რას ველი, ვის ვ-ელი, რომ ველი?!
ადიხარ გრძნობების ზეცების ზეცაზე,
თავს ირთობ ბათუმურ ამინდის ნოველით...