Litclub.ge

შეიძლება თუ არა მუსლიმანი იყოს ქართველი
`პატივი ეცი შენს მამას და დედას,
როგორც გამოგიცხადა უფალმა,
შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო
და კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც
უფალი, შენი ღმერთი გაძლევს~
ბიბლია. ახ. აღთქმა თ. V. 16. აბზ.

`ოდეს ადამიანი გაექცეს თავისს ძმასა,
თავის დედ-მამასა... და თავის შვილებსა...
წყვდიადმა დააბნელოს~.
ყურანი. 1906 წ. ქართ. გამოცემა, გვ. 597.

1
ხანი გადის, წარსული კი თითქოს უფრო გიახლოვდება. ყოველი მოგონება სიამისმომგვრელიცაა და მწუხარების მომტანიც. შიო, მთელი ბაღნობა შუქრის სახელით რომ გამოირბინა. შეძველებულ თავის `გაზიკს~ საჭეში ჩაბღაუჭებოდა. მრეში, დაღრეკილი გზა ბორბლებქვეშ ისევე მირბოდა უკან, როგორც განვლილი წლები.
მიეჩვია ამ გზას თვალიც, გონებაც, თვით მანქანაც, მაგრამ ყოველი ავლა-ჩამოვლისას აქაურობაში ყოველთვის რაღაც ახალი მაინც გამოჩნდებოდა თითქოს. რა იყო ეს სახლი? _ ხე, ყვავილი, ქვა, ნალია, წინათ ბევრჯერ დანახული სახლი და ეზოც კი. ეგონა, რომ ამ სიახლეთა ხილვის, აღქმის, განცდის და ამით კეთილგანწყობის უნარი მას უფრო მძაფრი გააჩნდა, ვიდრე სხვა ვინმეს.
მაგრამ ახლა ისე მიდიოდა, სულ არ აკვირდებოდა ირგვლივ არაფერს. მთლიანად მოგონებაში იყო. ისე ავიდა თავის სოფელში, ისე მოითავა იქაური საქმენი, ისე მოინახულა მეზობლები და უკან გამოემგზავრა, სულ იქ იყო, _ მოგონებაში.
სამოცდაათის აპრილი ილეოდა. ტურისტული ჯგუფი სტამბოლიდან იზმითში, იქიდან კი _ ბურსაში ჩაიყვანეს. უკანასკნელი, თითქმის, სამოცი წლის მანძილზე ესენი პირველნი იყვნენ საქართველოდან.
დღეს მგონი ყველა მიდი-მოდის, ვეღარაფერს გაარჩევ, ვინ _ ვისთან, ვინ _ რაზე. ამბობენ, სარფიდან სამსუნამდე, გზებზე, ყველგან გამოფენილან ჩვენებურები, ძველ-ძველებს თუ დაცარიელებული ჩვენი დუქნებიდან დატაცებულ ჩაქუჩ-ნამგლებს, ცელებს, ლურსმან-ჭანჭიკსაც კი ჰყიდიან. ჩაქუჩ-ნამგალი!.. ყველაფერს ხათრით და თანაგრძნობით ყოდულობენ ჩვენებურთაგან, მაგრამ აი, ეს ჩაქუჩი და ნამგალი, ერთად დაწყობილი თუ დაინახეს, გარბიან, არ უნდათ. ან იქნებ კიდეც ეშინიათ აი ამ `ჩაქუჩ-ნამგლისა~? რაც ჩვენ მაგ ჩაქუჩ-ნამგლის ხატვამ დაგვმართა...
ალბათ დოლარის თუ ლირის მოძევის ჟინი ბოგინობს მხოლოდ თორემ, ეტყობა, არავის აღარავინ ენატრება.
მაშინ კი სხვა სევდა ებურა თურქეთში ჩვენს პირველ ყოფნას, _ ფიქრობდა შიო. ბურსას სასტუმროსთან იქაური ქართველები დახვდათ. გურჯისტანიდან ჩამოსულანო გაეგოთ და შესახვედრად მოსულიყვნენ.
მუჰაჯირთა შთამომავალნი, კარგი, დარჩეული ბიჭები ჩანდნენ, იღიმოდნენ, ღელავდნენ, ტიროდნენ. გადი, თურქი მაჰმუდი, გვერდით გამდგარი, გაკვირვებული, დაფიქრებული შესცქეროდა, უსმენდა გადარეული ქართველების იმ გაუგებარ ხვევნა-ქვითინს და სიგარას სიგარაზე აბოლებდა. იგი ხმელ-ხმელი, ჩია ბიჭი იყო. ოდნავ ჩაშავებულ-ჩაყვითლებულ თვალთა უპეებში ამოუხსნელი, რაღაცნაირი გაოცების შუქ-ჩრდილი უთამაშებდა. იგი ინგლისურად ელაპარაკებოდი თურქეთში ჩასულ ქართველთა მოსკოველ მხლებელ-ჯგუფხელს, ივან ვასილიჩს, რომელიც მერე, რუსულად უხსნიდა ჯგუფის მძღოლს, თბილისელ გურამს, ეს უკანასკნელი კი, მაჰმუდისა და ივან ვასილიჩის გამონათქვამს დანარჩენებს, ბოლოს და ბოლოს, ქართულად გადასცემდა.
იმ სამსართულიან თარგმანებში, რუსი და თურქი რომ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ყოველ ნათქვამს თავთავისი იდუმალი დაინტერესებით და შეხედულებებით ახარისხებდნენ, დასაცოდავებულ-დაჩაგრული ქართული სიტყვა, შიშით, მალული ჩურჩულით თუ მოწყდებოდა აფორიაქებულ ბაგეებს და მდუღარე ამბორებში, თვალებიდან წამსკდარ კურთხალთან ერთად, გულ-მკერდსა და ხელებს ღაპაღუპით ეწვეთებოდა.
შიოს თავადაც შეეძლო ცოტ-ცოტა თავისი თურქულითაც მიეხვედრებინა მაჰმუდისათვის, მაგრამ როგორც კი ამისთანა რამის წამოწყებას მოსინჯავდა, ივან ვასილიჩი, თითქოს განგებ რამეს შენიშნავდა, იმავ წამს თავის სიტყვას შუაში ჩადებდა, სათქმელს თავად წაართმევდა. საუბარს თავად წაუძღვებოდა, რათა ქართველის პირისპირ ლაპარაკი თურქთან შეწყვეტილიყო. შიო თვის ნაჯახირევ თურქულს მართლაც იქვე მიაწყვეტდა. მაჰმუდიც მაშინვე ინგლისურზე გადადიოდა, რომ ჭირვეულ-შეშფოთებულ-დაეჭვებული ივან ვასილიჩი დაემშვიდებინა და იწყებოდა ისევ ყველაფერი თავიდან: ქართულად ნაფიქრ-ნააზრევი რუსულად გამოითქმებოდა, რომ ივან ვასილიჩს გაეგო, მერე, რუსულიდან ინგლისურად გადაღებული ქართული სათქმელი თურქს ჩაბარდებოდა, რათა მას ქართველებისათვის გადასაცემად რუსისთვის დაებრუნებინა.
საქართველოდან ჩამოსულები თვალებს ირგვლივ აცეცებდნენ და ჩოჩქოლით რაღაცაზე ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, იქაურ ქართველებს, ესე იგი, დამხვდურთ, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა. არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. გავიმეოროთ: საქართველოს ქართველები თითქოს უფრთხოდნენ მუჰაჯირ ქართველთაგან ქართულად გამოთქმული სიტყვის პირდაპირ მოსმენას და ქართულადვე პასუხის გაცემას, რათა რუსი არ დაეჭვებულიყო, რაზე საუბრობენ თურქეთელი ქართველეობი. უფრთხოდნენ თურქ მაჰმუდსაც, რათა არც მას აღძროდა ეჭვი და უნდობლობა თავის ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებისადმი.
შიომ დამხვდურ, იქაურ ქართველებს რომ თვალი მოავლო და გამოელაპარაკა, მხრებში აიწია, ათასწუხილიან მიზეზთა გამო ისინი ხომ უფრო მისთვის, ახლობელ-თავისიანები არიან? რა მშვენივრად შეუნახავთ ქართველობის ნიშნები, რა ძარღვიან-რიხიანად, ძველქართულად, ჩვენებურად ამბობენ სათქმელს? თავისი უცნობ-უნახავი ბიძაშვილები მოაგონდა. მთელი სიცოცხლე მალავდა მათს არსებობას. ერთხელ მხოლოდ, ომის შემდგომ, კომუნისტურ პარტიაში რომ ღებულობდნენ, ანკეტაში თავისი სოფლური გულუბრყვილობითა და შიშით, _ ვაითუ მერე გამიხსენო, კითხვაზე, გყავთ თუ არა ვინმე ნათესავთაგანი საზღვარგარეთო, შიომ ჩაწერა _ `კი, ბიძაშვილები~. ოდნავ ახსოვდა, ჩუმ-ჩუმად მამისაგან გამჟღავნებულ-გამონაგონი, რომ თურმე ოდესღაც, მუჰაჯირობისას, მამის უმცროსი ძმა, ოსმანი, მიმავალთ აჰყოლია და თან გაჰყოლია შორეულ თურქეთში. ვითომ მალე უკან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გზები ჩაკეტილა და თავადაც იქ ჩარჩენილა. წუხილით, დარდით, ნატვრით და ძრწოლით მოიგონებდა შიოს მამა ყოველივე ამას კერიასთან. გვილებს კიდევაც უმალავდა, მაგრამ შიომ მაინც დაიმახსოვრა. ის ბიძა თურქეთში დაკაცებული, დაოჯახებული, გაჩენია შვილები... არიან, ალბათ, სადღაც. ვინ იცის...
რაიკომის ბიუროზე, პარტიაში მიღებისას, ვიღაც რაიკომელი შიოს პირადობის ანკეტას ხმააწეული და მრისხანედ კითხულობდა. მიადგა კითხვას _ გყავთ ვინმე უცხოეთში? _ და პასუხი კიდევ უფრო ხაზგასმული რიხით წაიკითხა, რომ მდივნისა და უშიშროების რაიგანყოფილების უფროსის ყურადღება მიექცია. _ რაო?! _ შენიშნა პირველმა მდივანმა _ ბიძაშვილები? რომელ უცხოეთში, თურქეთში?! _ კედელზე აკრულმა შიომ შიშით დაუქნია თავი, მთელი ბიურო გაირინდა. მაშინ უცებ, წამოდგა რაიმილიციის უფროსი დაუდ ასამბაძე, თითებით დინჯად გადაივარცხნა ულვაშები, ჯავრით გადახედა კუთხეში მიჭუჭკულ შიოს და განაცხადა: _ რას ებლაყუნები, ჭო, შენ, არ ვიცი, აფხანაკებო, არავითარი ბიძაშვილები მაგას თურქეთში არ ყავს. ხებერი არ აქვს მაგას.
შიო პარტიაში მიიღეს.
მაშინ გადარჩა, მაგრამ ახლა გული ბიძაშვილებზე ფიქრმა რომ დაუჭვანკა?
რა ჰქნას? გაამჟღავნოს თუ არა ეს თავისი საჩუმჩუმათოდ აჩხუბული დარდები? არა, ალბათ, ჯერ ჯობია მოითმინოს.
დამხვდურნი, ანუ `სულიმანი ქართველეი~ ერთი, სრულიად შეუმჩნეველი, ხმელ-ხმელი და, მოძრაობაზე ეტყობოდა ოდნავ კოჭლი, თავისიანი ბიჭისკენ იყვნენ მიპრობილნი.
ის კაცი ორმოცს გადაცილებული იქნებოდა, ყველაე ნაკლებს ლაპარაკობდა, მხოლოდ ცქვიტი, შავ-შავი, დიდრონ-დიდრონი, ოდნავ თითქოს სველი თვალების ჩქარ-ჩქარი გადაელვებით გათქვამდა თავისთავს, ხმას არ იღებდა, თუმცა იმ თავისი თვალებით მეტს ამჟღავნებდა, მეტს ამბობდა. საქართველოდან ჩამოსულ ქართველებს რაღაცნაირი გამომცდელი, ბევრისმომთხოვნელი თუ ბევრის მომლოდინე მზერით ათვალიერებდა, მის გაცრეცილ ტუჩებზე გადმოფენილი მეჩხერი ულვაშების სადა მოხაზულობაში შიომ რაღაც ქართული შეიცნო და ესეც ძალიან ესიამოვნა.
ერთი იქაური ჩვენებური უცებ შიოს მიუახლოვდა, ყურთან დაიხარა და ჩვენებურადვე, ხმადაბლა უთხრა:
_ მაი, ძიავ, ჩვენი მუსა ბურსელია, _ და სწორედ იმ ჩუმად მდგომ ბიჭისკენ მიუთითა, ვისაც ბოლო წუთს მართლაც გამორჩევით აკვირდებოდა შიო.
~მუსა ბურსელია~... ვითომ რაო, რით ან რატომ შეიძლებოდა ეს სახელი თავიდანვე სცოდნოდა შიოს?
მომაღლო შუბლი, ზემოდან რომ დაუვარცხნელი, საკმაოდ სქელი და გრძელი, უკან გადაყრილი, ალაგ ჭაღარიანი წაბლისფერი თმები დაბუროდა, თითქოს უფრო ასევდიანებდა მის მკრთალ, დაძაბულ სახეს. ნერვიული ღელვისაგან საფეთქლებზე, აღმა ამავალი დაკლაკნილი ძარღვები, ორივე მხარეს, ამობურცულიყვნენ, გეგონებოდა ცალ-ცალკე სუნთქავდნენ, _ ოდნავი სიმორცხვისა და მოკრძალების შუქი მთელ მის შეხედულებას თუ ყოველ გამოხედვას ნდობას, სისპეტაკეს და რაღაცნაირი ტანჯვაშერეული სერიოზულობის ელფერს ანიჭებდა. ყველაფერ ამას კი ყველაზე დაინტერესებულად, ფხიზლად, ალბათ, შიო შავაძე ამჩნევდა. იგი ხომ ერთადერთი იყო ქართველ ლიტერატორთა, ანდა ვთქვათ, გულგახსნილად, _ თურქეთში პირველად ჩასულ ქართველ მწერალთა შორის, ერთადერთი არათბილისელი, ერთადერთი არაქრისტიანულ ქართულ ოჯახში აღზრდილი ლიტერატურის კაცი, და, იგი, როგორც `სამუსლიმანო საქართველოს~ ღვიძლი შვილი, აი, ახლა, აქ, ბურსა-იზმით _ იზნიქელებთან დარწმუნდა თუ როგორი განსხვავებული, განსაკუთრებული სიმწვავით და სიმძლავრით განიცდის აქ, ქართული ენის შვილ მუსლიმან მოძმეებთან, ამ პირველ შეხვედრას. მას შიგნიდან, გულის ძარღვ-ფესვებიდან, სისხლის მდუღარე ლანქერებიდან მოხეთქილ-მომსკდარი ნიაღვარები ეჯახებოდნენ თითქოს და იგი სულში თუ სხეულში ასიარულებულ ქარაშოტებისაგან ნელა ტორტმანობდა, შიო ყვედაზე მეტი სისხლხორცეულობით და კიდევ რაღაც სხვა უსახელო, ამოუხსნელი გრძნობებით განიცდიდა, ამდენი ხნის დაკარგულ, უნახავ, უცნობ თანამოძმეებთან შეხვედრას; იმ, მთლად მუსლიმანურ სამყაროში გაჩენილ-აღზრდილ ქართველთა ყოველ გამოხედვაში, ყოველ ნათქვამ სიტყვაში, აზრში, ფიქრში, თვით უბრალო გაღიმებაში თუ იმათ შუბლებზე გადარჩენილ სევდა-სიხარულთა ანარეკლებში, შიო უმწვავესი წვით თავის საკუთარ გულის და გონის გამოძახილებს იჭერდა. ისინი, იქ შეხვედრილი, იქ პირველად დანახული მუსლიმანი ქართველები არა მარტო ნათესავ-ახლობლებად, არამედ თითქოს საკუთარ `მე~-დ მიაჩნდა, ამიტომ, იგი თვითონ ნაკლებად ლაპარაკობდა. თავისი დუმილით იგი თითქოს ცდილობდა მეტი საშუალება მიეცა იქ მოგროვილ თურქეთელ ქართველთათვის, რაც შეიძლება სრულად გამოეჩინათ თავიანთ სულსა და გულებში ჩაფესვილ-ჩარჩენილ-გადარჩენილი ეროვნული, ჩვენებური, ქართული სიცოცხლის ნიშან-თვისებანი; ამით ხომ თვით შიო შავაძეც გინდა ახლა, აგერ, ბურსაში მყოფ თავისივე ქართველ თანამოკალმეთა თვალში და, მერე, თავისსავე საქართველოშიც ხომ უფრო ნაღდ, უფრო ჭეშმარიტ, უფრო ძლიერ ერისშვილ-მამულიშვილად იქნებოდა მიღებული? არა, მას არასოდეს უგრძვნია, აშკარად არასოდეს განუცდია ასეთი ეჭვიანი, უნდობელი დამოკიდებულება, პირიქით, თბილისში იგი მუდამ გამორჩეული სითბოთი და მოფერებით ჰყავდათ მიღებული, რადგანაც იგი, თავისი ტირილგარეული სტრიქონებით, ყოველთვის ძალით გამუსლიმანებული და ამის გამო ძირეულ-საქრისტიანო საქართველოსგან არა მარტო ფიზიკურ-გეოგრაფიულად, არამედ ზოგთა-ზოგთა ჭკუით, თითქოს სულიერადაც გაცალკევებული ქართველ-მუსლიმანთა შორის ეროვნული გაუტეხლობის თვისებებს და დედაენის გადარჩენის საოცარ სინამდვილეებს აქებ-ადიდებდა.
მაგრამ იყო მაინც ხანდახან შებურულ-შემალული რაღაც ყოველივე ამაში, სხვადასხვა სარწმუნოების ქართველთა ქართველობაში, რაიცა ზოგჯერ აქა-იქ მწარედ, ტკივილის მომგვრელად იჩენდა ხოლმე თავს.
იქ მალულ ტკივილებს და საუკუნო ჭრილობებს, სულსა და გულს, უებარ მალამოდ ეფინებოდა ბურსაში შეხვედრილ ქართველთა, მართლაც ღვთაებრივი გამოცხადება, განსაკუთრებით მათი წარმოთქმული თითოეული გადარჩენილი ქართული სიტყვა! შიო უფრო თბილისელ თანმხლებთ აკვირდებოდა, ვიდრე იქ დახვედრილ თანამემამულეებს, _ სურდა გაეგო როგორი შთაბეჭდილებები, რა კვალი რჩებოდა საქართველოდან ჩასულთა სახეებზე.
თავად ნაკლებად აქტიურობდა, მაგრამ ისე აკვირდებოდა შიო ყველაფერს და ისე თავისთავად ამახსოვრდებოდა ყველაფერი, უფრო და უფრო აშკარად გრძნობდა, რომ ოდესმე, ყოველივე ამას ძალიან მართლაღ აღწერდა. სხვანაირად ცოდვა იქნებოდა... ისე აღწერდა, არც მაჰმუდს და არც ივან ვასილიჩს არ აწყენინებდა, მაჰმუდის ან ივან ვასილიჩის განაწყენება, თურქისა და რუსის განაწყენება, როგორც ყოველთვის, ახლაც ძვირად დაუჯდებოდა ქართველებს.
საოცარი ის იყო, რომ საქართველოდან ჩასულნი უფრო ფრთხილობდნენ, რათა იქაურ მუსლიმან ქართველთა გამომჟღავნებულ `ნამეტან ქართველობას~ ზდმეტად არ გაეღიზიანებია თურქი მასპინძლები, რომ ეს ყველაფერი მერე, იქ მცხოვრებ უამრავ ქართველთათვის, ახალ საბედისწერო უბედურებათა მიზეზად არ ქცეულიყო.
ისინი კი, ქართული გულების შემაფორიაქებელი, ეგრეთწოდებული მუსლიმანი, მაგრამ გადასარევი ქართველები, თითქოს უფრო ხმამაღლა, უფრო აშკარად, ყველას გასაგონად, ყველასგან მოურიდებლად, უშიშრად და, თითქოს გამომწვევადაც, ლაღად, საზეიმოდ იმეორებდნენ:
_ ჩვენ აბა რაი, აბა, _ ქართველი ვართ, ჰო.
_ ისე როგორა ხართ? _ მაინც დაბეჯითებით ეკითხებოდა პოეტი იოსები და კმაყოფილი, ბედნიერებით გავსებულ თვალებს უნელებელი ინტერესით ავლებდა ასე მოულოდნელად აღმოჩენილ, უცნობ, უნახავ ქართველებს.
_ ჰა? ჩვენ? კაი ვართ, კაი ვართ! _ წინ გაჭრილი ბერიკაცი, შავი ბერეტით, მოკლედ შეკრეჭილი წვერ-ულვაშით, ფიცხლად შეეპასუხა `მემლექეთელ პოეტს~. `კაი ვართ~, ესე იგი, კარგად ვართო, ამტკიცებდა ის კაფანდარა მოხუცი და ბაგეებს ხელის გულით ისრესდა და თავისთვის ჩურჩულებდა: -ალლაჰ, ალლაჰ, გეხვეწები, იმფრათ ნუ მომიკლავ, ერთი თვალით არ დამანახვო გურჯისტანი. _ ჩემი ნენე-ბაბავათანი, საქართველო...
რადგან პოეტი იოსები, სხვათაგან გამორჩეულად, სულ სხვანაირად იყო ანთებული და ღელვას ვერ იოკებდა, ბერეტიანი მოხუცი სწორედ მას მიადგა.
_ ეფენდი, მე მოლა ვარ, მოლა. ჰამა მაგარი ქართველი ვარ, ესნა იცოდეთ მემლექეთელმა ქართველებმა. აქ, ისტამბულში, ერთი ქართული კათოლიკების ქილისაა (ეკლესია), იქაც ვიარები; მღვდელი იაკობაი მყავს იბრეთი (გადასარევი) ძმაკაცი და, ე, იმასთან ვლოცვილობ. ე, ის იაკობაი მღდელი რომაა, მე და ის ერთად ვლოცვილობთ იმ ქილისაში ქართულად. არ ვიცოდი, ასე გემრიელი თუ იყო და თუ ამფრათ იქნებოდა ქართულაი ლოცვაი! სიტყვები ვითამ ხაოიანია, _ ჭიბოშანივით მფხანს გულს.
იოსები ბავშვივით მოხიბლული და ახალაღმოჩენილი სიხარულით გაბედნიერებული, ღიმილს ირგვლივ უხვად აპნევდა, თან იმ კაფანდარა მოხუც მოლას მკერდზე იხუტებდა. პოეტი კარლო აქამდე მძიმედ გამდგარიყო მოშორებულზე, მაგრამ ამ სეირ მოლას გამოჩენამ მოსვენება დაუფრთხო. წრე გასწი-გამოსწია, ხელები წინ გაიშვირა, თავისი ფართო გულ-მკერდი მოხუცს მიუშვირა და ჩასახვევად გამზადებულმა თქვა:
_ ქართველი და მოლა?! ეს გადასარევია, კაცო!
_ რაი, ეფენდი? აბა, არ შეიძლება მუსლიმანი იყოს ქართველი? _ მიასკდა მოლა კარლოს და, ეტყობოდა, ისე მოეწონა განიერი მკერდი, მსხვილი ბეჭელი, ისე გაუნათა თვალები პოეტის იმოდენა პირისახიდან ლანქერივით გადმოღვრილმა ღიმილ-სიცილმა, ვეღარ მოითმინა და არა ლოყაზე, არამედ პირდაპირ გულ-მკერდზე ემთხვია. შიო თვალშესველებული შესცქეროდა ამ სურათს. კარლო-პოეტი სიცილის კაცი იყო მუდამ, თავს რა ოჯახური უბედურებები არ გადახდენია, მაგრამ არც შიოს, არც ალბათ სხვას, კარლოს სახეზე კაეშანი, თვალებში კი ცრემლი არასოდეს შეუნიშნავთ, ახლა, აქ ბურსაში კარლო-პოეტი გაცინეული ტიროდა. თან მოლას ეხვეოდა, თან ამ დროს, თავის ყოვლისმომრევ სიცილს უცებ იკავებდა, გრანდიოზულ მუცელ-ფერდებზე ხელისგულებს იტყაპუნებდა და თითქოს არა მარტო მოლას, არამედ მთელი თურქეთის გასაგონად, მთელი სერიოზულობით საზეიმოდ ამობდა:
-ა, შემხედეთ, ნახეთ, როგორ ვცხოვრობ სოციალიზმში! მერე ისევ თვითონვე ხმამაღლა და მხიარულად გადაიხარხარებდა. კარლოს აპატიებდნენ `კაგებელები~, მაგრამ დანარჩენი საბჭოელი ქართველები ასეთ დროს მოწოლილ გულღია სიცილსაც კი მალავდნენ.
უცებ ქართველი მოლა ჩამოსულ განათლებულ თანამემამულეებს მიუბრუნდა:
_ ამდენი პოეტები ხართ, ჰოდა, ყურანი ქართულად თარჯიმი (თარგმანი), რომ ქნათ რა იქნება? მოით, ქენით ეს მადლი და ვამუშავოთ ისლამი საქართველოსთვის, ჰა? რას მეტყვით ახლა ამაზე, ჰა? _ ქოთქოთებდა ბერეტიანი ჩია ბერიკაცი. პასუხი არავის გაუცია. მუსა ბურსელი საერთოდ არ ჩართულს საუბარში. იგი, ჩაფიქრებული და ჩუმი, ჯერჯერობით ცალკე გამდგარიყო, შორიდან აკვირდებოდა ყველაფერს, თურქი მაჰმუდი და რუსი ივან ვასილიჩი თავ-თავის ქაღალდებში სახვალიო ტურისტულ გეგმებს ჩხაპნიდნენ და კიდევ რაღაც-რაღაცებზე, უკვე დაძმაკაცებულებივით, მუსაიფობდნენ.
რუსის და თურქის ასე გამოცალკევებული მუსაიფი რომ შენიშნა, მუსა აილეწ-აიბურდა. ადგილზე ვერ გაჩერდა, ხან შიოს მიადგა, ხან სხვას ცდილობდა მაჰმუდის და ივან ვასილიჩის საუბრისათვის თავისი შფოთიანი გავლა-გამოვლით ხელი შეეშალა ან ყური მაინც მოეკრა, თუ რაზე საუბრობდნენ თურქი და რუსი ასე გატაცებით.
_ ბატონებო, ერთინა გთხოვოთ, შეიძლება? _ მორცხვად განაცხადა მუსამ. _ აგერ ახლოსაა აქაური ქართული სოფელი და უნდა განახვოთ. ახლავენაი ამფერი თხოვნა გვაქვან, _ აზლავეაინა, დაღამებდინა წევდოთ იქა. ნუ გვეტყვით ვარს. სულ, მარტო ჩვენებურები ვართ იქანაი (შიომ შენიშნა, რომ თურქეთელი ქართველები ლაპარაკში `იქანა-აქანას~ მხოლოდ მიტომ ხმარობდნენ, რომ ქართულის უკეთესი ცოდნა დაედასტურებინათ).
-წევდოთ, წევდოთ! გაიმეორა ზუსტად მუსასებურად კარლო-პოეტმა და თავისებურად გადაიკისკისა.
შიო დამხვდურთა შორის თითქოს უფრო გაშინაურებულიყო, იმათ მასპინძლურ ფაციფუცში თავადაც უნებურად ჩაერთო.
ოდნავ შეწუხებული, ხან მუსას ხან სხვებს, ეკითხებოდა, ამდენ სტუმარს, მერე ასეთ სტუმრებს, ვინ დახვდება იმ თქვენს სოფელში. ვინმე გაფრთხილებულია თუ ისე გავივლით და წამოვალთო. უნდოდა შიოს იმათთვის როგორმე მიენიშნებინა, რომ ამხელა გზაგამოვლილ სტუმრებს, ისიც მწერლებს, სოფელში რომ მიიყვან, ალბათ, სადღაც პატარა სუფრული ჩამოჯდომაც აუცილებელი შეიქნება, მაგრამ თქმით ვეღარ თქვა ამაზე. მიიწ-მოიწიენ, მანქანები მონახეს, საჩქაროდ ბარგი ჰოტელის ფოიეში შეზიდეს.
დამხვდურთ ვიღაც ახალმოსულნი მიემატნენ. იქ, გვერდით ჩოჩქოლი, ჩურჩული ატყდა, რაც მალე ხმამაღალ ლაპარაკში გადაიზარდა. ეს კაცი შიო შავაძეს კითხულობსო, ვიღაცამ წამოიძადა. ისიც ძველი შავაძეაო.
შიო ყველას გამოეყო და გულის ბაგაბუგით იმ ახალმოსულს მიადგა.
_ შენ ხარ, ჭო?.. _ ჰკითხა იმ ახალმოსულმა შიოს., ღელვისაგან მოოფლილ შუბლზე და მოწაბლისფერო ქოჩორზე ხელი გადაისვა, _ მე შენი ემიაშვილი (ბიძაშვილი ვარ, აბა, აქავრ გაზეთში წაგიკითხეთ, გურჯისტანიდან მოსულანო მწერლებიო და იქა, ვინცხაი შავაძეც არიო და... ვთქვით, ვინ იქნება, ჰელბეთ ემიაშვილიაო და წამევედით, სულ ისტამბულიდან დეგედევნეთ და, აჰა, ძვილაი დაგეწიეთ. თუნდა არ იყო ხისიმი (ნათესავი) და არ იყო ემიაშვილი, მაინც ჩემი ხარ, იქაური, მემლექეთიდან მოსული, ყველაი ჩემი ხომაა-მეთქი, ვთქვი და მოგდიე.
შიომ ენაც ვეღარ მოიბრუნა, მოკიდა ხელი მოულოდნელად გამოცხადებულ თავის ბიძაშვილს და გულზე მიიკრა. ეს იყო უფრო მუქწითელქოჩორა კაცი, უფრო თეთრკანიანი, ვიდრე შიო. თვალებიც არა შიოსავით შავი, არამედ ცისფერი ჰქონდა. ალბათ გადამწყვეტი როლი დედის მხარემ შეასრულა ახმედის სახის, სხეულისა და თვალების ფერების განაწილებაში თორემ, _ ფიქრობდა გიო, _ ჩვენს გვარში ასეთ მოწითალ-მოცისფროს ვერავის აღმოაჩენ.
ახმედს ქალაიშვილი და ბიჭიშვილი თან წამოეყვანა, _ დაგანახვონა ნამდვილ საქართველოს ქართველები, თანაც ჩვენ ჯილაგისაო და წამოეყვანა.
გოგონას თავ-პირი თითქმის ახვეული ჰქონდა, მაგრამ, როგორც კი სტუმრებთან მიიყვანეს, ყელში გასკვნილი თაფლისფერი, იაზმის ნაწიბურები ჩახსნა, უკან გადაიყარა და კრძალვა-მღელვარებით აკვაშილებული პირისახე შიოს შეანათა. ბიჭიშვილიც მოეხუტა მამის უცნობ ბიძაშვილს.
_ სწავლობენ? _ ჰკითხა ჩვეულებრივად შიომ ახმედს შვილებზე. _ ქართული იციან?
_ ოო! აბა, იციან, სტავლაზე რომ წევდენ, მაშინ შვილი წლის იყვნენ და ჯერ თურქული კარქათ არ იცოდენ და მასტავლებელი გაგვიჯავრდა, რაფერნა ვასტავლო ამფერ ბაღვებსო... ჰოდა, ამფერიც გვჭირიან აქავრებს, შინ ყველაი ქართულს ვლაპარაკობთ და... ისე, ჩემო ემიაშვილო, შიოვ, ახლანა ჩემთან წამოხვიდენა, ჰო? _ შეემუდარა, შიომ ყურები შეისრისა, თანამგზავრებს გადახედა, ნაწილი მანქანებში სხდებოდა, ნაწილი სასტუმროს ჰოლიდან გამოდიოდა, რათა მიმავალთ შეერთებოდა. მუსა კი აქ იდგა, შოთას გვერდით, არ სცილდებოდა.
-პროგრამა ჩვენი ისეთია, რომ არ გამომიშვებენ, ხვალ დილაზე იზმირში გამგზავრებაა, მერე _ ანკარა, ბოლოს ისევ სტამბული და, _ შინ. რა ვიცი, რა ვქნათ,_ უხსნიდა ახმედს და ხელებს გაურკვევლობის გამოსახატავად წაღმა-უკუღმა პარჭკლიდა შიო.
მუსამ უთხრა, ჩემთან წამოდითო, ემიაშვილებმა პაწა-პაწა ვისაყვარლოთ ერთიმეორე იქაო. ესენი დანარჩენები, წავლენ ჩვენებურ სოფელში და, ბოლოს, საღამოს, ყველაი ერთად შევიყრებითო. გზად ნაცნობ ფოტოგრაფთან შეიარა მუსამ, თხოვა, გადაუღე სურათი ამათ, უნახავ ბიძაშვილებსო. თავადვე გადაიხადა, თანაც ფოტოგრაფი საღამოსთვის შინ, თავისთან დაიბარა. _ დანარჩენ მემლექეთლებიც მოვლენ და სურათები ერთად გვინდაო. დადგა ახმეტი შიოს გვერდით, ხელი გადახვია, ლოყაც ლოყაზე მიადო, აქეთ-იქიდან თავისი შვილები ამოუყენა. ესმოდა შიოს თურქეთელი ბიძაშვილების სუნთქვა, გულის დანგადუნგი, გრძნობდა მისი მხურვალე ხელის სიმძიმეს მხარზე, მისი ლოყის სიმხურვალეს. ახმედის შვილები აქეთ-იქიდან მოხვეულები, გარინდებულნი, იმზირებოდნენ წინ, სივრცეში და, სადღაც, გაურკვევლობის ფსკერზე, თითქოს ერთად იკრიბებოდა მათი თვალების წინწკლები, რათა იქ, მომავლის ბინდებში, დიდი იმედის ცეცხლი მონთებულიყო.
ისევ მოაგონდა შიოს ომის მერმენდელი, ორმოცდახუთის შემოდგომა, რაიკომი... ეჰ ქართველობა ბედნიერებაცაა და უბედურებაც. მუჰამედის სარწმუნოებავ... რაც ამნაირმა იღბალმა დაგვმართა, ვერავითარი იმპერია-დამპყრობელი მაგას ვერ დაგვმართებდა, ვინ არიან ახლა ეს ჩემი ბიძაშვილები, ვინა ვარ მე. ვინაა პოეტი იოსები, კარლო, ნოდარი, ბესო, სხვები და სხვები? რატომ არ სჯერათ მავანთ და მავანთ, რომ ყველანი ჩვენ ქართველები ვართ? ანდა თვით ჩვენ ყველას ეს გვჯერა?
რა გვეშველება?
რა იქნება?
2
პირველი სართულის ოთახიდან ხის ყავისფერი ვიწრო და კრაჭუნა კიბე მეორე სართულის ოთახში ადიოდა, აი, ეს ორი ოთახი, ერთი პირველზე, მეორე _ მეორეე, იყო მუსას მთელი ბინა. შიომ კედლებზე თვალი მოავლო. ერთი ვითომ ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი კაცის პორტრეტი საგანგებოდ, შუა კედელზე ჩანდა. წვერ-ულვაშიანი, ევროპულად გამოწყობილი და, ეტყობოდა, ქართველი. მუსა მეორე სართულის ოთახიდან ისევ კრაჭუნით ჩამოდიოდა კიბეზე.
-ხომ იცანით, საქართველოს პრეზიდენტი? _ შუაკიბიდან დაეკითხა გიოს. ვაი, სირცხვილო! იტკიცა ხელი თავში შიომ. ნოე ჟორდანია ვერ მიცვნია? თურქეთში ქართველი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს უვლის, ინახავს, პატივით ექცევა, ჩვენ კი, საქართველოს ქართველებს, ცოდვად კი არა, დანაშაულად გვითვლიან თუ, უბრალოდ, სერიოზული კაცები ვუწოდოთ ნოეს და მისი მაშინდელი მთავრობის შემადგენლობაში მყოფთ.
_ იცით, მე ძალიან სიმბოლურად მივიღე, რომ მაშინდელი საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია ბათუმში გამოცხადდა. ჰოდა ბათუმში დამტკიცდა. რა ჭკვიანად შემდგარი კანონია, რაფერ ღრმადაა ყოლიფერი დანახულ-აწონილ-განჭვრეტილი, მაგფერი გვინდა, ე, მაგფერი გვინდა, როიცხა, როიცხა, ალაჰილან (ღმერთით), ჩვენი საქართველო ისევ გახდება სახელმწიფო... _ ოდნავ შეისვენა, იქაურობა მიმოათვალიერა და, როცა დარწმუნდა, რომ შიოს მეტი არავინ უსმენდა, იმავე ჟინით გააგრძელა:
_ თქვენ, იქ, ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველები ერთიმეორესთან კაქათ ვერ ხართ? _ ეს კითხვა რაღაცას ბურუსით მოცულს და შეუმჩნეველს, მაგრამ მნიშვნელოვანს და არსებით გულისხმობდა. ეს ადვილად იგრძნო შიომ, თუმცა პასუხი დაუგვიანდა, ნაუცბათევი რაიმე რომ ეთქვა, არ ივარგებდა. ის, მუსა, ალბათ რაღაც ღირებულს და საჩოთიროს ეყრდნობოდა, რაღაც მწვავე, უსიამო და შემარცხვენელი იცის ალბათ, მაგრამ პასუხამდე საჭიროა გარკვევა, რამ აიძულა ასეთი კითხვა დაესვა?
-როგორ თუ კარგად ვერ ვართ. ქრისტიანი და მუსლიმანი, ყველანი ქართველეი ვართ, ერთად ვართ.
_ აბა ორი ჰუბუმათი (მთავრობა) რატომ გყავან? ერთი _ თბილისში, მეორე _ ბათუმში? _ შიომ სცადა აეხსნა, მაგრამ მუსამ ხელი ჩაიქნია, _ არ მომწონს არც ვითარება და არც პასუხიო.
_ ცოლ-შვილი შინაა, მუსა? _ მოულოდნელი შეკითხვით შეაჩერა შიომ მუსას მიერ წამოწყებული საშიში საუბარი. აქ ახლა მართალია არავინ ახლავს საბჭოური ქართველი, მაგრამ, რა იცი შენ თვითონ მუსა ვის წისქვილზე ასხამს წყალს. მერე, შინ რომ დაბრუნდება შიო, დაუძახებენ, იქ სადაც არს და გადმოულაგებენ ყველაფერს `ნაციონალისტი, ნაძირალა, უცხოელი, ბურჟუაზიით მოწამლული ქართველის ანტიკომუნისტურ, ანტისაბჭოურ ნალაყბევს~ _ მერე ისევ მუსასკენ გაიხედა, მის მოწყენილ, დაძაბულ და შფოთიანი ფიქრებით გაწამებულ სახეს რომ დააკვირდა, შერცხვა, როგორ გავივლე გულში იჭვიც კი მის სიგულწრფელეშიო.
მოპირდაპირე კედელზე, ირიბად ქართული ძველი ხანჯალი იყო მიმაგრებული, ხალიჩაზე, იქით, დაჩუტული ჭიბონის გუდა ეკიდა თავის ლერწამ-ქარახსით.
გარეთ ბინდდებოდა. ახმედი თავისთან წასასვლელად იყო, _ ეტყობოდა წუხდა, როგორ დავცილდე უნახავ ბიძაშვილსო. ცოტა განაწყენებაც შეეპარა, _ არ იქნა თავის ღვიძლ ბიძაშვილს ერთი მისებურად ცალკე, გულიანადა, ვერ დაელაპარაკა, არადა, მუსასი ეხათრებოდა, რომ შიო განზე გაეყვანა. ამას შიოც გრძნობდა, განიცდიდა, ახმედი ფეხზე იდგა სულ, არ უსმენდა, მხოლოდ ღრმად, ტკივილიანი ცქერით, მიშტერებოდა შიოს და გურჯისტანელი ბიძაშვილის სახეზე, მის ღიმილში, მის ნათქვამებში, ყოველ მიხედ-მოხედვაში, თითქოს თავის გაწყვეტილ წარსულს, დაკარგული ნათესაობის ნამდვილ იქაურულ-მშობლიურ ნიშან-თვისებებს ეძებდა.
-ამით, ამ ნახვით მე ვერ გავძღები, ემიაშვილო. ძროხები, ცხვრები მყავს ბევრი. გავყიდონა და რაცხა დამიჯდება, დამიჯდეს, მემლექეთშინა ჩამოვდე, ვერ გებნევი, შიო ძიავ, ჰოდა, ამ ვერთქმამ თლათ დამაბლაყვა, დამამუნჯა...
მარტონი დარჩნენ მუსა და შიო.
_ ცოლი, ჰაჯერი და შვილები მალე მოვლიან. ახლა, ჩვენ აგერ დავბრძანდეთ. აგერ რაცხანა გაჩვენო, ბატონო შიო და შენაა მასტავლო, რაფრათ მოვიქცე, რაფრავ გავაკეთო, მაქს მე ერთი საქმე გასარკვევი და... წიგნის თაროებზე იმავე კედლისფერი ფარდაგი აკეცა და იქ, ბინდბუნდში, შიომ წიგნები დაინახა. ქართულ წიგნებს ვინახავო, დაბალი ხმით გაამხილა მუსა. ცოტაც ვმალავ, აქ ვიღაცეებს ქართული წიგნისა და ქართული ანბანისა, ქართული სიტყვისაც ძალიან ეშინიათო. ცეკვას ქართულად არ გვიშლიან, სიმღერას კი გვიშლიან. სიმღერაში ქართული სიტყვის ხმარება აკრძალული გვაქვსო. ამიტომო, _ თქვა მუსამ, _ ახლა მე მარტო ქართული ცეკვის გუნდს ვამზადებო, სიმღერისაც მინდოდაო, მაგრამ სიმღერის ნება არააო. ჰოდა, პაწაი მოხმარება მინდა, ჩასაცმელებზე, დასაკრავებზე, თვითონ საცეკვაო მუსიკებზეო, _ ჩიოდა მუსა.
შემდეგ სარკმელში გაიხედა, კარი მოსინჯა, ფარდები შეასწორ-ჩამოაფარა. კიბეს შეუდგა კრაჭაკრუჭით. მალე ისევ უკან დაბრუნდა იღლიაში ამოდებული დიდი ყდით, იგი ორივე ხელით მოჰქონდა, ფატიზად, აზიზად, საგანგებოდ. მოიტანა, შიოს შინ პატარა მაგიდაზე დადო, ჩაკოჭილი საკრავები გახსნა, გაშალა, პირველ ფურცელზე ხელები დააწყო. ამოიგვნეშა და შიოს მოუხედა. ეს ჩემი სიცოცხლის წიგნიაო, აღმოხდა. შიო გაირინდა, გაიგო, განეწყო.
-რაც ვარ ქვეყანაზე, ამას ვაკეთებ, იგი სულ საქართველოა, საქართველოზეა, აქაურებისთვის მინდა, აქავრებმა საქართველო ჯერ მარტო სიზმარია, არ იცია, რა იციან. სკოლებში სასწავლო რუკებზეც ვერსად ნახავ საქართველოს. მთელი კავკასია ყირმიზ რუსეთშია შერგული და ყველაფერს ერთად რუსეთი აწერია, ჰოდა, აქაურებს პაწაი რაცხა მივახდინო მინდა.
გადაფურცლა. პირველ გვერდზე `გურჯისტან~ ამოიკითხა შიომ, ლათინური, ესე იგი, თურქული ახალი ანბანით ასე ეწერა. სათაურქვეშ საიდანღაც ამოჭრილი სურათი _ ცხენზე ამხედრებული წმიდა გიორგი შუბით გველეშაპს თავს უჯეჯგავს. შიოს პირველივე გვერდი მოეწონა, მუსამ გადაფურცვლა, მოინდომა, მაგრამ სტუმარმა ხელი დაადო ფურცელს, _ შეაჩერა, რაღაც აუცილებელი გასათვალისწინებელი რამ მოაგონდა შიოს, მაგრამ როგორ უთხრას, ან უთხრას საერთოდ? იქნებ ჯობია იყოს, დატოვოს, არ გაამხილოს? რას ერჩი, რად უშლი ხელს, თურქეთში მცხოვრები ქართველი აპირებს საქართველოზე თავისი ხელით და თავისი ცოდნით გაკეთებული წიგნი გამოსცეს და ამ წიგნზე წმინდა გიორგი გამოსახოს. რაა ამაში გლახა, უვარგისი? ამას რა ჯობია. ეს ხომ საქართველოს წმინდა სიმბოლოა? მაგრამ, არა, შიომ ერთი რაღაც უცნაური, მაგრამ სამწუხარო, ანგარიშგასაწევი რამ ამოიცნო, ერთი საჩოთირო და, შესაძლოა, შემდეგში, ამ წიგნისთვის საბედისწეროც ამოიკითხა. ამ სიმბოლიკის შესაძლო გამოქვეყნების შემდეგ რომ შეიძლებოდა მომხდარიყო.
-შეიძლება ამ ნახატმა თქვენს წიგნს ხელი შეუშალოს, _ უთხრა.
_ რატომ? _ იწყინა და გაიკვირვა მუსამ.
_ ეს ხომ მაინც მუსლიმან ქართველობისთვის გინდა? ნამეტანი ქრისტიანული ხომ არაა ეს სურათი? და რა ვიცი, ნამეტანი მუსლიმანი ჩვენებური ამან არ დააფრთხოს... ერთი სიტყვით, შენ იცოდე.
_ გავიგე, შიო ძიავ, _ ცოტა ეწყინა თითქოს მუსას, მაგრამ ჩაფიქრდა კი მაგრად.
_ რას მირჩევ? _ მერე თვითონვე უპასუხა. _ ქართველის ნენეი? თბილისის გორაზე რომაა, ე, იგი, ქართველის ნენეი (დედა) რომ იყოს?
_ მოიგებს. აქაურობაში გამომავალი წიგნისთვის ეს აჯობებს მგონია, _ დაუდასტურა შიომ.
კარი შემოაღეს და ორ ბავშვს შემოუძღვა ქალი. მიიხედა მუსამ, უღიმარ პირისახეზე ძუნწად აციაგდა ღიმილის მსუბუქი სხივი, შიოს ლმობიერი თუ რაღაცნაირი ალერსიანი თვალი გადაჰკრა და განუცხადა:
_ აჰა, მოვიდა ჩემი `ქართველის ნენეი~ (ქართლის დედა), _ შიო მიეგება ქალს. ჰაჯერი იყო, მუსას მეუღლე, ბიჭიშვილი, _ ივერი და გოგო შვილი, _ თამარი.
ივერი წყნარად, ასაკისთვის შეუფერებელი სერიოზულობით მიესალმა სტუმარს. საქართველოდან მოსულაო, _ აუხსნა მამამ. ივერი მეორედ მიესალმა შიოს, მოეხვია და გაკვირვებით დაუწყო თვალიერება. თამარიც საქართველოს გაგონებაზე სხვანაირად გამოღიმილდა, თავადაც შიოს მიეხვია და დედისკენ გაიწია, ჰაჯერი მართლაც ქართლის დედასავით ქანდაკად აღიმართა კიბესთან, იგი უფრო ქმარს შესცქეროდა, ვიდრე შიოს. რამდენჯერ მოუსმენია, ალბათ, მუსისაგან საქართველოზე და ახლა ფრთხილად აკვირდებოდა მას, როგორი განწყობილებითაა, რას შვრება, რას განიცდის, როცა უკვე, ბოლოსა და ბოლოს, იმ ცოცხალი საქართველოდან მოსული ცოცხალი კაცი უნახავსო.
ივერი და თამარი! აქა, ამ სამყაროში, აშკარა, გასროლილ შუშხუნებივით მანათობელი და, შეიძლება, ოდნავ გამომწვევი სახელებია, _ ანგარიშობდა თავისთვის შიო. არ მოეწონება ასეთი რამეები, რა თქმა უნდა, აქაურ ხელისუფალთ და არც მის მოთვალთვალე მსახურთ, ნამეტანი ქართული სახელებია, ამას ვინ გაპატიებს, ვინ მოითმენს, _ ჩუმად ასკვნიდა შიო.
-ჰაჯერ, აქ მალე კიდო სტუმრები მოვლიან, შენ იცი აბა, ახლანა გამეიჩინო ქართველის ნენეობა, კაი?! _ ქალი ორი-სამი საფეხურით კიბეზე ამაღლებულიყო. იქიდან მოტრიალდა, შეჩერდა, გადმოხედა მუსას. ისინი ყველანი ცდილობდნენ შიოსთან ნამდვილი თავისი გადარჩენილი ქართული ზნე-თვისებანი გამოეჩინათ, მაგრამ ყველაფერში, თვით გამოხედვაშიც კი მაინც რაღაც დამალული შიში, რაღაც შინაგანი დაბორკილობა ეტყობოდათ თითქოს. და ამნაირი შინაგანი ძველ-ახალი ელდა ძალაუნებურად გარეთაც იღვრებოდა, ასევდიანებდა იქაურობას და ამწუხარებდა შიოს გულს.
ივერიმ სადღაც მოძეული `დედაენიდან~ თავისი ხელით გადაწერილი რამდენიმე ფურცელი მოიტანა და სტუმარს აჩვენა. შიოს შერცხვა, რომ წიგნები, ქართული ანბანით, ვერ წამოიღო. შეაშინეს, ვიღაც კიტას განკარგულებით, `დედაენის~ ჩატანა თურქეთში საშიშ დანაშაულად ჩაუთვალეს, გააფრთხილეს, ქართულ წიგნს არ შეგატანინებენ. ან თუ შეიტან, ვისაც გადასცემ, იმას ცუდი დღე დაადგებაო.
მუსა კი არწმუნებს, არც მასეა საქმე, არაფერი ცუდი დღე არავის არ დაადგებოდაო. ანბანის წიგნი ძალიან გვინდოდა. უნდა წამოგეღოვო, მერე ქალ-ბაღანა ზემოთ აიკრიბნენ. ეტყობოდა მუსამ თვალი უქნა, ცოტა ხანს დაგვტოვეთო. თითქოს ოდნავ შფოთავდა, ნერვიულობდა, ჩქარობდა, რაღაც საიდუმლოს გამხელა თუ უნდა?
შიოც თავისებურად იძაბებოდა. თანგამოყოლილი ეჭვ-შიში საბჭოური უშიშროების ორგანოებისა არ ასვენებდა; ტანში ჭიანჭველებივით ფუსფუსებენ იმ საზიზღარი შიშის, ავის მოლოდინის მწარე ცეცხლები. ისინი სულ თან დაგსდევენ, გისმენენ, გიცქერიან, გიჩიჩქნიან ტვინს, რომ სადღაც თავისუფალი დაფიქრება-გააზრების, გინდ უბრალო, წადილიც რომ მოძებნონ, რათა იგი, მერე, კარგად დამუშავებულ-გამდიდრებული, კაგებეს გულმოხარშულ კაცუნებს მიართვან.
მუსა ერთობ გაირინდა. მერე უცბათვე გამოფხიზლდა, შეეტყო _ ჩაფიქრებული გადაიფიქრა, ისევ ის ქაღალდის ყდა გაშალა და თავის `გურჯისტანის~ თვალიერება განაგრძო. ეს ნახატები საფრანგეთის ქართველებმა მახვედრესო, ეს ქართული ანბანი და, აი, ეს ტექსტები მიუნხენელმა ქართველებმა გამომიგზავნესო, ეს ფოტომასალა და საქართველოს ახლანდელი პრესიდან ამონაჭრები ამერიკის ქართველებისგან მივიღეო. შიო არ შეეკითხა, საქართველოს ქართველები რითი დაგეხმარნენო, რადგან უკვე კარგად გრძნობდა, რომ მუსას ნამდვილ საქართველოსკენ ყოველი გზა პირწმინდად მოჭრილ-გადაკეტილი ჰქონდა, რცხვენოდა შიოს, მაგრამ ვერას ამხელდა, რადგან თვით მუსა ყოველგვარ საყვედურის თქმასაც კი ეიდებოდა.
შიო გამოსაცემ წიგნს ასე თუ ისე ბოლომდე გაეცნო, უცქერდა, უსმენდა და უკვირდა, საიდან, რითი, ან ვისგან და რა ხიბლის, რა იმედის ძალით პოულობდა, რა მადლით იკრებდა ამხელა ძალ-ღონეს მუსა, რომ ასე გულდადებით, თავგამოდებით და, აშკარა რისკითაც, ეჭიდება აკეთოს თავის ჯერუნახავ ძველ სამშობლო-საქართველოსათვის მადლიანი, მაგრამ ძალიან საშიში საქმე? წიგნში თითქმის ყველაფერი ჩატეულიყო. ქართული ანბანი, ძველი ტექსტები, ცნობები ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, კულტურიდან, იყო თარგმანები მწერლობიდან, წიგნის მიზანი? მხოლოდ ერთია ამ წიგნის მიზანი: გაუღვიძოს აქაურ მუსლიმან ქართველს თავის ტვინში, სისხლში თუ ათას უბედურებით შექანებულ ხსოვნაში სახე და სახელი დედა-მემლექეთ-საქართველოსი.
_ იცით, ბატონო შიო, აი, _ `ბატონო შიო! _ წარმოთქვა და ჩაფიქრდა მუსა. _ მითხარით შუქრი გერქვათ, არა? _ ჰკითზა ისევ კიო, უპასუხა სტუმარმა, რას ერჩოდით შუქრის. ჩვენ აქა, მილიონობით ქართველები, სანამ მუსლიმურ სახელებს ვზიდავთ, შენც ამფრად ყოფილიყავიო.
-იცი, ბატონო შიო, ერთი რაცხანა გაჩვენო კიდო. ჰოდა, თუ გაბედავ, იმ რაცხას საქართველოში გაგატან. ჰამა, მე არნა დამკარქო, არნა გამამჟღავნო... _ დაიძაბა შიო.
_ ჰო, ძმაო, ჩემო მუსა, შენ რაფრად გაგიმეტებ.
მუსა ადგა, სკივრი ააღო, მუშამბაში შეხვეული რაღაც მრგვალი ნივთი ამოიღო იქიდან, ჯერ შემოაძრო ის მუშამბა და უბრალო ქაღალდში შეხვეული რაღაცა მაგიდაზე ფრთხილად დადო. ეს ჩემი `გორგვალიაო, _ თქვა, საკერავი წვრილი ძაფებით იყო ახვეულ-დახვეული და შეკონილი.
_ ამაში საქართველოს ისტორიის უცნობი ამბავებია. ხომ იცი, ისტამბოლის და სხვა საცავებში ბლომად ინახება თქვენთვის და ბევრისთვის დამალული, სულ-სულ უცნობი საბუთ-ხებრები ჩვენ მემლექეთზე, რათ გინდა, ახლა აგიხსნი, _ რაფერ, ჰაიდან, როდის... ისენა იცოდეთ. მყავს ერთი თურქი მეგობარი, იქ, იმ საცავში საქმობს. არა, არ ვიცი რა ნახა იმფერები, რომ ასე ძალიან შეუყვარდა ჩვენი საცოდავი ქვეყანა. თან იცის კარგად, რომ საქართველოს საცოდაობაში პირდაპირ მის წინაპრებსაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია, რაც ახლა მაგ თურქმა (ზექერია სახელია მისი) მე ქართველს, გამიკეთა, ხომ დაუჯერებელია? ჩვენ ერთათ ვსტავლობდით უნივერსიტეტში. გეტყვი გულახდით, _ დავძმაკაცდით. რადგან ბაღნობიდან, აი, ასე ცოტა ვკოჭლობ, მიბრალებდა, ყველაფერში მეხმარებოდა. გოგო მომწონდა ერთი. თურქი გოგო იყო. ჩვენი სტუდენტი, _ მუსამ მიიხედ-მოიხედა, შინაური ხომ არ მისმენსო, _ კაი გოგო, ჰაა! მომწონდა ძალიან, მარა მაგ თურქმა ხელი შემიშალა, არ მათხოვია. ჩადგა შუაში და არ მათხოვია, არ მოვყვები ახლა წვრილ რაცხაებს, _ რატომ, როგორ, ერთი ფიქრი ვიფიქრე, მას მოსწონს და მართმევს გოგოს-მეთქი; იმ გოგოს კი ეწყინა, ჩემი ყოყმან-ფიშმანი არ მოეწონა, ჰელბეთ ახლა ზექერია შეირთავს-მეთქი, მეგონა. ვუყურე, ვუყურე, _ ააფერი! ისე კი სულ ეფერებოდა იმ გოგოს, სულ რაღაცას უხსნიდა, ელაპარაკებოდა, არც მიმალავდა ამას, ჰოდა, სწორედ ამან გადამრია, რაღა უნდა მექნა. _ გავანებე ზექერიას ამხანაგობას თავი, ვთქვი: ქართველი ვარ, იცის და არ ვუნდივარ, აბა რანდა მეფიქრა სხვა? მართლაც, რა ვიცოდი რა ჰქონდა გულში, ერთი ფიქრი ვთქვი, _ ჰელბეთ ჩუმად თვლის, თურქი მაღალი რასაა, რატომ გავატანო ქალი გურჯსო.რა ვიცი, ამფერი რაცხაც გამიარა გულში. ყველა კაცი თავისებრ ეჭვიანია. აბა რანდა მეფიქრა, სხვა? ჰოდა, ერთ დღეს გამოგვიცხადეს, ჯუმას (პარასკევი), ხვალაო, ანკარაშინა წაგიყვანოთო. შაფათ-კვირაც იქ დავრჩებით, ყველა სანახავები და კაი-კაი ისტორიის ძეგლებინა დათვალიეროთო. ავტობუსითნა წავსულიყავით,დილას შევიყარეთ ჭიშკართან. ყველაი მოვდა, ის ჩემი ზექერია არ ჩანს. კი ვიყავ მაზე ცოტა ნაწყენ-ჯავრიანი, მარა ახლა დაემატა, _ თავიდან მეწყინა კიდო. ჩავჯექით, ვხედავ ის გოგო (ჰა, სახელსაც გეტყვი, _ ჯენი!) მოვიდა და მაიცდამაიც გვერდით მომიჯდა. იცი, მესიამოვნა ძალიან. კაი იყო ის ოხერი, თან ჩემთვის ვამბობდი: ახლა ამას ვითამ ვუყვარვარ თუ ისე რაცხას მაბლაყუნებს? აბა რადა მეფიქრა. ვინ ვიყავ მე? ერთი უქონელი, შავშეთელი გურჯი; მჭლე. კოჭლი, ფუხარა... დაიძრა ავტობუსი, ზექერია არა და არ გამოჩნდა; ჯენი თანდათან მომეთბუნა გვერდზე.კაი იყო, ჰაა! კაიხანს ააფერი არ მითხრა. მემრე მომეხათრა და ისევ მე ამოვიღე ხმაი. მაშინ კი მომიბრუნდა და რაც სათქმელები აწუხებდა, სულ ამოკაკლა. დიდი სახლი გვაქვო ისტამბულში. ბაბაი ზენგინი (მდიდარი) კაცია, ჩემი სიტყვიდან რაც გამოვა სულყველაფერს მისრულებსო. ერთი სიტყვით, დამფინა და დამიფინა ხალ-ხალიჩები. ე, მაშინ პაწაი შევფორიაქდი,. თავს დავძახე უხმოდ, ჭკუით იყავ-მეთქი, არ მოტყვილდე-მეთქი, არადა, უქონელს გული წაგძლევს ხომ იცი? _ კაი ცხოვრებას რა ჯობია, მითხარ, ვუქანე და ვუქანე მეც თავი. ასე, რომ ანკარაში, რომ ჩავაღწიეთ ისევ გადაკოჭილი შეყვარებულები გავხდით, იმ ღამეს საცხა ცალ-ცალკე მოგვიწია ყოფნა. დილაზე, ვხედავ, ზექერია გამოჩნდა საცხაიდან. არ მომეწონა მაგის გამოჩენა, ჯენის ჩემებურად ვეღარ შევხვდებოდი და ამიზა მეწყინა. დილიდან ხეთების მუზეუმთან მივედით, არის ანკარაში ამფერი მუზეუმი. ძალვან კარგად გაწყობილია: შესასვლელთან სხვა მნახველთა შორის ჩვენებური, შავშეთური ქართულიც გევგონე. ბებერი გლეხიკაცი შვილებით მოსულიყო. ძალვან კარგად გაწყობილია: შესასვლელთან სხვა მნახველთა შორის ჩვენებური, შავშეთური ქართულიც გევგონე. ბებერი გლეხიკაცი შვილებით მოსულიყო. გოგო-ბიჭი ახლავდა და იმათ ელაპარაკებოდა. უნებურად მეც გამეველაპარაკე. ვინ ხართ, რომელი სოფლიდან-მეთქი. სოფელ მამაწმიდიდან ვართო, მითხრა ჩვენებურად ბერმა. გოგო-ბიჭიც იქვე იდგნენ, გაკვირვებით გვისმენდნენ. ბიჭი უმცროსი ჩანდა. ციცაი, _ მაღალი, ქცევაზეც და სერიოზულობაზეც ეტყობოდა, უფროსი იყო. დიდ ქალაქში პირველად ჩამოსულს ჰგავდა. ისე იდგა, დამფრთხალივით და შიშით უცქეროდა ქუჩის მოძრაობის ნიაღვრებს. ძმის მხარზე ედო ხელი, არსად გამექცესო, თან ჩვენკენაც მეიხედავდა ხშირ-ხშირად, ე, რომ მეიხედავდა მაშინ ჩვენი თვალებით ერთიმეორეს შეხვდებოდნენ და ჩვენ თვალებით ვითამ რაცხას ვამბობდით. კაი მაღალი მეჩვენა, კუწუწოს ღერეტივით წვრილი და, იცი, რაცხა იმფრათ მელამაზა, თვალი მოვაშორე, მამამისმა არ შემნიშნოს, თვარა ჩვენებური კაცის ამბავი ხომ ვიცოდი. მომადგა მაშინ ზექერია, უყურა ცოტა ხანს იმ ბერიკაცს და მეუბნება, მუსა, ნახე, ხომ გავს ის თიხის ხეთი ბერი ამ ბერსო? მართლაც, მუზეუმის შესასვლელთან უძველესი ხეთი ბერიკაცის თიხის ქანდაკი იდგა, დიდი, იბრეთი (გადასარევი). ორივე ხელში ხარის გრძელი რქები, თქვენ რომ ყანწებს ეძახით, აი, ამნაირი რქები ეჭირა და, რაღაცნაირი, ახლობლური თუ თლათ მშობლის ღიმილით პირდაპირ ჩვენ მოგვშტერებოდა. იმ თიხის უტყვ თვალებში მრავალი სიკეთე და სიცოცხლე. თანაც ვითამ რაცხა-რაცხა ძველი ნაცნობობა თუ ნათესაობაც ამოვიკითხე ვითამ. გავდა, მაგრამ გავიდა შავშეთელი გურჯის სახეც და ტანიც ამ ოთხი ათასი წლის ხეთურ ქანდაკს. შევხედე ზექერიას და დავეთანხმე. ზექერია კი მეუბნება, ის ხეთები და თქვენ, გურჯები, მე მგონია, ხისიმები (ნათესავი) ხართო.
შევიყოლიეთ შავშეთელებიც ჩვენთან ერთად მუზეუმში. ჯენიც თან დაგვყვებოდა, სულ ჩემ გვერდით ცდილობდა ყოფილიყო. ამას იმჩნევდა ზექერია და, ჩუმ-ჩუმად, გამოხედვებით, მგონი მტუქსავდა.
მუზეუმის შემდეგ, ქალაქის სხვა ალაგებიც რომ მოვიარ-მოვინახულეთ, ზექერია და ჯენი უცებ ერთად გამიქრენ. რა მიწამ ჩაყლაპა ისინი ახლაც მიკვირს. დავრჩი შვა ქუჩაში იმ შავშეთელ ბერთან და მის გოგო-ბიჭებთან ერთად, იმიტომ, რომ ჩვენს აფხანაკებს, უნივერსიტეტელებს, ვეღარ გავყევი, ჩემიანები, მამაწმინდელები, ისე შემებრალნენ, ვთქვი, რაცხას ამათ მივხედავ, _ ქუჩაში ხომ არ მივატიებ-მეთქი. ვატყობდი, შავშეთელის გოგოს განსაკუთრებით ესიამოვნა, სხვებს რომ არ წავყვე და მათთა, რომ დავრჩი. თურმე საწყლებს ღამის გასათევიც არ ჰქონიათ, მეგულებოდა ერთი ნაცნობი ჩვენებური ანკარის გარეუბანში და გავუყევით ფეხით იქითკენ. ვიკითხე, რაფრათ ხართ, როგორ ცხოვრობთ შავშეთ-იმერხევლები-მეთქი. ჰოდა, გზაზე ბერიკაცი თანდათან ალაპარაკდა.
ვეღარ ვართ, ძიავ, კარქაო, წაიჩივლა. მოკდა იქავრობა, მოკდაო, რაც ბათუმისკენ და გურჯისტანისკენ ყველამ ფეხი შეიკეტა, ტაო-კლარჯეთი და არტანუჯ-არდაჰანები კდებაო მისლა-მოსვლა, მიტან-მოტანა, ალიშ-ვერიგი (აღებ-მიცემობა) იყო ჩვენ რომ გვაცხოვრებდა ახლა დიდ ცენტრებს მოვწყდით, ბაზრები დაგვიშორავდა, გზები გაძვირდა, ხილი, ხორცი, იაღი-ყველი ვეღარსად წაგვიღია, გვილპება. ჩვენ კი სიფუხრეში, ისე დაღენკილები (გონჯად ჩაცმულ თავის გოგო-ბიჭს გადახედა) ძველაი მივათრევთ სულსო. ეს ბაღი (გოგოზე მიმითითა) სტავლას ითხოვს. რა ვქნა, ძიავ, რით ვასტავლო. ფარა უნდა ბლომათ სტავლას, ჰადაა, იმდენი ფარა, ინეგოლში მივალთ. ინეგოლში ბევრი ჩვენებური ქართველი მუჰაჯირები ცხოვრობენ, ისინი ვარგებული არიან, ძალიან, ჩვენზე უფრო აფერებენ ყოლიფერს. ჰოდა, საცხან მოვძებნო მეც ადგილი და გადავსახლდენა იქაურობებში, იმ ვარგებულ ჩვენებურებთან, რა ვიცი, ვითამ მგონია, იქიდან დიდვანი ქალაქები უმფრო ახლოა და ჰაჯერას რაცხა იქნებ ვასტავლო-მეთქი.
მუსამ იყუჩა, ერთი ხანი იყო ასე, მერე კვლავ ამოთქვა:
_ ე, პირველათ მაშინ გევგონე იმ გოგოს სახელი, _ ჰაჯერაი.
რაშია საქმე, იმ ჰაჯერასა და ამ ჰაჯერას შორის ხომ არაა რამე საერთო, კითხა თავისთავს შიომ, მაგრამ მუსა არ შეაჩერა, _ იფიქრა სულერთია, მაინც მალე ყველაფერი ბოლომდე ლამაზად გასაგები გახდებაო.
გოგო კი იმფერი თვალებით მიყურებდა, ვითომ ერთადერთ საშველს თუ შველას მარტო ჩემგან ელოდა. ის, ქარში უმწეოდ გასროლილი თვალები, იმ დღიდან აედევნენ ჩემს ფიქრებს, ჩემს გონებას, ჩემს მეხსიერებას და აღარადროს მოცილდებიან, მაგრამ არც ჯენის სახელი არ მეშლებოდა იმ საღამოზე, ანკარაში, მაგრათ ვიჯავრე, საით გამიქრნენ ეს ზექერია და ჯენი-მეთქი. სულ იმათზე ფიქს და ათასნაირ ეჭვებს ჯანი შევახარჯე. კაიგაყოლა ლირები ჩაჯღურკული მეგულებოდა ჯიბეში და, მიუხედავად ჩემი შითაი (შინაგანი) ფორიაქისა, მოვიწადინე რომ იმ შავშეთლებისათვის ვახშამი მეჭმევია. საცხა, ჩემიანებია, მადლია, დავპაიჯებ-მეთქი, ვთქვით გულში, თან, იცი ბატონო შიო? _ იმ ჰაჯერა-გოგოს სევდებიც თანდათან მომეჭუჭკუნა და მომიჭირეს და მომიჭირეს გულზე წირეხები. სანამ ნაცნობის სახლს მივაღწიეთ, ერთი კაი სადილების თუ, რაფერ ეძახით? _ სასაჭმელო ალაგს მივადექით. ვუთხარი, ჰაით, მეზობლებო, შამოით ამ ბინაში, ერთი ვახშამი მივირთვათ-მეთქი, ბერი არ შეფიქრიანებულა, ბიჭიც იმწუშივე დათანხმდა სიამოვნებით, მაგრამ ჰაჯერმა მეიკლა თავი, არა და არაო. მცხვენია, მაქ ვერ შევალ, იმდენ ხალხში საჭმელს ვერ ვჭამო. ბევრი ვეხვეწეთ, მარა არ იქნა და არა, მისი ბაბაი გაუჯავრდა ბოლოს. არც ამან გაჭრა. მაშინ მე ავიღე თავზე ამ ამბავის მოგვარება. ვუთხარი, გოვ, იქ მარტვაი ხომ არ შედიხარ, ბაბაი აგერაა, ძმა აგერაა, მე, _ თქვენებურად, აგერ ვარ. ვინაა თქვას რამე. წამოი, შევდეთ-მეთქი, მე ძალიან გეხვეწები, შევდეთ-მეთქი. თუ ჩემი დაპაიჯებული არ მოგწონს, მაშინ თქვი და ააფერი-მეთქი ვუთხარი. შემომხედა, მარა რაფრათ შემომხედა. ლოყები და ნიკაპი უცახცახებდა. გაავდრებულ თვალებს მალიმალ აფახურებდა, ქუთუთოებიდან ცრემლები ჩამოსდიოდა. ეო, მითხრა თრთოლვით, ეო, იქ ვინ არისო... შევიხედე შუშიანი კარიდან და რას ვხედავ, _ მაგიდას ჯენი და ზექერია მიჯდომიან.
აღარაფერი მითქვამს, თავი დავანებე ყველაფერს. დავიბენი, გული მეტკინა. იქ დანახულითაც და აქ განცდილითაც მეტკინა გული. ამემღვრა თავი გული, ყოლიფერი ამერია. გადავწყვიტე, _ სამუდამოდ ახლო აღარ მივიკარო არც ზექერია, არც ჯენი. გადავწყვიტე. _ სამუდამოდ არ დავკარგო ეს ჩემი შავშეთელები, ბერი ბაბაი, მისი გოგო ჰაჯერი და ბიჭი.
ა, ჰაჯერი აგერაა ჩემთან, ჩემი ქალია. ჰო, ერთი სიტყვით, ჩემია, მე კი _ მისი .ბაბამისი ინეგოლში დასახლდა.
ზექერიაზე გაინტერესებს? არაფერი! ის, ჯენი ამაცილა. აი, ეს იყო თურმე მთელი მისი ინტერესი, თუ მიზანი, არ ვიცი, რატომ ჰქნა ეს, რათ ჭირდებოდა რომ მე თურქის ქალი არ მომეყვანა? არ ვიცი, ერთხანს ვიფიქრე თავად მოეწონა ჯენი, თავისთვის უნდა-მეთქი, მაგრამ გავიდა ხანი და, როცა შევატყვე, ზექერია სულ იმას ცდილობდა, როგორმე ინეგოლში ჩასახლებული შავშეთელის ჰაჯერი მომეყვანა ცოლად, ხოლო თვითონ სულ უფრო შორდებოდა ჯენის, გადავირიე.
ამ დროს კიბე კვლავ აკრაჭუნდა. ჰაჯერი, ივერი და თამარი დაწყობილი ჩამომწკრივდნენ კიბეზე. ყავის სუნი წინ უსწრებდა. მყუდროებისა და ინტიმიის გამაჩაღებელს ეძახდა შიო ყავას. უყვარდა მხოლოდ სურნელი, დალევა მაინცდამაინც _ არა. ბათუმი ყავისმხარშველთა ქალაქია, მაგრამ შიო სხვასავით არ ირეოდა ყავის წრუპვით. დაჯდებოდა, კი, იშვიათად, ვიღაცის ხათრით `ინტურისტის~ კაფეში და წინდადგმული ყავა ისე გაუგრილ-გაუცივდებოდა, ერთ-ორ ყლუპს თუ მოსვამდა. ისე კი ფინჯანს ბევრჯერ აიღებდა, ცხვირთან მიიტანდა და ისე დაყნოსავდა...
ყავას ტკბილეული რაღაც-რაღაცებიც მოჰყვა.
შიო განსხვავებული პატივი და ყურადღებით უყურებდა ჰაჯერს. ქალი მიხვდა ყველაფერს, _ რა საუბარიც ექნებოდა მუსას.
_ მერე უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ (ჰაჯერსაც დავამთავრებინეთ სასწავლებელი) ზექერია დამეკარგა.
არქიტექტები (არქიტექტორები) ვიყავით ორივეი. რამდენი წლის მემრე, შარშან, ისევ შევხვდით, სტამბოლის ერთ უჩუმარაი (საიდუმლო) არქივში ვმუშაობო. ვინცხამ ეტყობა არქივებისმცოდნედ მიიღო, გავიფიქრე ჩემთვის, გევცინე და კიდეც ვუთხარი ამაზე ზექერიას. თავათაც მაგრად იცინა. სინამდვილეში, ჰელბეთ ის, როგორც თურქი, სანდო კაცი, ისტორიების მცოდნე, ჭკვიანი, სეროზული ბიჭი, ჰუქუმათის (მთავრობის)დიდ საარქივო სანახში გაამწესეს. მე ასე ჩავთვალე და ასე ვიწამე. ჰოდა, იმდენი წლის მემრე რომ ძვილაი შევხვდი მეგობარს, შინ წამომყვა, რძალი უნდა ვნახოო.
იმფერი მოყვასური გულით მოვიდა რომ...
დიდხანს მესაუბრა ჩემი თურქი ზექერაი.
ქართველები საინტერესო ხალხი ჯართო, აი, ასე უცნაური შესავლებით დეიწყო. თქვენი თქვენებუათ ყოფნა, თქვენი თავისთავის და თავისთავადობის შენახვა-შენარჩუნება, არა მარტო თქვენთვის, თურქებისთვისაც და, თუ გნებავთო, მთელი კაცობრიობისთვისაც საჭირო, გამალამაზებელი, გამამრავალფეროვნებელი (ამ სიტყვების წარმოთქმისას მუსა თვითონ ნელა, დამარცვლით ლაპარაკობდა, ალბათ, ზექერიას მიერ თურქულად გამონათქვამს ახლა თვითონ ქართულად თარგმნიდა) ერი ხართო, ბევრი რამიები ვნახე იმ სანახებში საქართველოსიო. მერე მითხრა: იცი, რატომ არ მოგიწონე ჯენიზე მაშინდელი შენი აყოლაო? შენ ქართველი კაცი ხარო, ჰოდა, მაგ ქართველობას მოუარე, შეინახეო.
არ უნდა დაფანტო და გააქრო შენი თავი, არ უნდა განთესო შენი წარმომავლობა ისე, რომ დაკარგო საკუთარი ხალხის ნიშნები შენში.
ისეც ცოტაი ხართ ქართველებიო. თქვენი ჯიშისა და ისტორიის გაჯანსაღება-გამთლიანებას, ერთი სიტყვით, თქვენ საქმეს თქვენ თვითონ უნდა მიხედოთო, აგერ მე გებნევიო, _ უთქვენოდა ძალიან დაეტყობოდა კაცობრიობასო. მე იქ, იმ ისტორიის შესანახში, იმნაირ რამეებს წავაწყდით თქვენსას, სულმთლად შემეცვალა წარმოდგენა ქართველზე და პირადად შენზეც, ჩემო მუსაო, ამას მოვლა, გადარჩენა და გამრავლება ჭირიაო. ახლა კი, იქ, სადაც ვარ, ისეთი თქვენებური ძველი ნაწერები გავიცანი, იმნაირი ანბანი გქონიათ, იმ დროს გიწერიათ ქითაბები (წიგნები) და გიფიქრიათ არა მხოლოდ საკუთარზე, არამედ მთელ ადამის მოდგმაზე, რომ ის თქვენი საქმეები მეც მოეახლოვა, ჩემი სულაც შეძრა-შეაჯანჯალა იმ თქვენი ძველი ნაღვაწის ხილვამო, მეტი პატივით და მოკრძალებით განვეწყე თქვენდამი და შენც უფრო გაგიმხელ, შემიყვარდიო, ჰო, ამფერები ჩემს ქართველობაზე გადმომიშალ-გადმომიპარჭკლა იმ ჩემმა თურქმა ძმაკაცმა, ძველ ოსმალებსო, მითხრა, ვანადაშაულებ და ბრალსა ვდებო არა მარტო იმაში, რომ თავისი ფიზიკური ძალის უპირატესობის წყალობით დასაპყრობ-ჩასაყლაპავად ჯიჯგნეს და ჯიჯგნეს გურჯისტანი, არამედ იმიზა, დაკავებულ მიწებზე მცხოვრებ თქვენებურებს მათი ძველი რელიგიაც რომ ძალივ შეუცვალესო. ეს იმფერი ცოდვაა, დაპყრობაზე, უფრო მეტი დაპყრობაააო. ამითო, _ მიმტკიცა თურქმა ზექერიამ, _ ჩემმა წინაპარმა ოსმალოებმა, არა მარტო გაგანახევრეს გურჯები, როგორც ერი, არამედ დააზარალეს თავისი თავიც, თავადაც ხომ მომავალი განათლებულ-ცივილიზებულ კაცობრიობის შემადგენელი იქნებოდნენ? ჰოდა, იქ შექანილი თქვენი წვლილი ხომ მათი ზიარიც იქნებოდა? რომ პირველარჩეული რელიგიით, მართლმადიდებლობით, რაც, როგორც შევატყვე, უკეთ მოერგო თქვენს ენას, ყოფას, ბუნებას და იდეალს, რაც სინამდვილეში თქვენთვის ეროვნულ იდეოლოგიად იქცა, გურჯობა (ქართველობა) ფიზიკურად შუაში რომ არ გახლეჩილიყო, ამ პირველარჩეულ სასულიერო სამსახურით, იმ პირველაღებულ საგანმანათლებლო-საკულტურო ძალისხმევის ტემპით, გაცილებით მეტს შეიძლებდა თავისთვის და ამით _ მთელი ადამის მოდგმისათვისო. თქვენ, რომ უკვე მაგარი, დიდი სამეფო-სახელმწიფო გქონებიათ, მაშინ ამ ანატოლიის ხოზანებზე ჯერ კიდევ თურქი არც ჭაჭანებდაო.
გურჯმა სულ უნდა იცოცხლოო, _ მითხრა ზექერიამ, _ ჰოდა, იცი ბატონო გიო, აი, დღესაც ვერ მივმხდარვარ, ვინაა ეს ჩემი ზექერია. აბა, რაფერ ახლა, _ სისხლხორცით თურქს ასე ამნაირად რაფერ მოეკიდა ქართველის ყოფნა არყოფნის სევდა-გენია? როცა ძალიან ჩააღრმავებდა აზრებს, იმფერ რაცხაებს მიადგებოდა, მიფიქრია, შევაჩერებ, რომ არვინ გაუგონოს-მეთქი, კია დემოკრატია თურქეთში, მაგრამ ჯერ მაინც ვერაა, განსაკუთრებით აქაურ ჰუქუმეთს (მთავრობა) და ჰუქუმეთზე უმფრო აქაურ ნაციონალ-თავგახურებულებს აღიზიანებს აქ მაცხოვრებელი პაწ-პაწა ხალხების მიერ თავისთავის ცნობის, თავის აღიარების, ერთი სიტყვით, მცირე ხალხთა გამოღვიძება აგიჟებს ამათ. არა და არ უნდათ აღიარონ, რომ ამ სახელმწიფოში, ვთქვათ, ამდენი თურქია ამდენი ჩერქეზი, ამდენი ქართველი და სხვ.
თურქი თურქეთში ისე იქცევა, თითქოს აქ მის გარდა არავინაა, ვინც აქ ცხოვრობს ვითომ ყველა მხოლოდ თურქია.
იცი, ზექერიამ რა მითხრა ერთხელ? თქვენი მთავარი მტერი, თავიდან დღემდე, თურქი და რუსი ყოფილაო. ახლა ჭკვა რომ ყოფნიდეს რუსს, უნდა თავისი ნებით დაუბრუნოს საქართველოს დაკარგული სახელმწიფოობაო.
დიდი ვარო, თუ იძახის რუსი, ჰქნას ამისთანა საქმე და მაშინ მართლა ყველაი დეიჯერებს მის დიდობას, აბა ერთიყლაპიობით რომ დიდობა იქნებოდეს, მაშინ წერა-კითხვის არმცოდნე, ჩინგის-ხანი, ყველაზე დიდ კაცად გამოვა კაცობრიობის ისტორიაშიო.
-თავის თურქეთზეც ეთქვა რამე, _ ჩაურთო შიომ.
_ თქვა, როგორ არ თქვა... _ განაგრძო მუსამ, რომელსაც ეტყობოდა _ ჩქარობდა, რადგანაც უკვე ღამდებოდა და საცა იყო დანარჩენი სტუმრებიც სოფლიდან უკვე დაბრუნდებოდნენ. _ თურქმა უნდა, ბოლოსდაბოლოს, ახლა აღიაროს, რომ მის მიერ შემომტკიცებულ-შემომაგრებულ სახელმწიფოში არიან ქართველებიც. ეს უძველესი ცივილიზაციის ხალხი. აი, გინდაც, დღევანდელი ევროპულ-ამერიკული მსოფლიო დემოკრატიის ფონზე, ამის აღიარება თურქეთს წარსულის ყველა ცოდვათა ლაქებს ჩამორეცხავდაო. თანაც უნდა მიეცეს უფლებ ამისთანა ხალხს თავის ენაზე სწავლა-განათლებისა. ერთი სიტყბვით, თუნდაც თურქულ ჩარჩოებში, ნება უნდა მიეცეს კულტურული დამოუკიდებლობისაო, იმიტომ რომ მას (რაც დიდი ხანი არაა გავიგე) თურმე თავისი დამოუკიდებელი დამწერლობა. _ ანბანი, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ჩამოუყალიბებია, ვინ იცის, იქნებ უფრო ადრედან ჰქონდა. და ის ანბანი თურმე დღეს მსოფლიოს თოთხმეტ მოქმედ ანბანთა შორის ერთერთიაო, _ გაოცებით მიხსნიდა ჩემი თურქი მეგობარი ზექერია, ჩემთვის დიდი ხანია ნაცნობს.
ჰოდა, აი, იმ სანახში შენახული ოცდაათიდან სამი ტომისაა იმ `გორგვალშია~ გამოღებული (სურათის გადაღებას აქაური ჩვენებურები სურათის გამოღებად ამბობენ). თუ გაბედავ, წეიღე, გაგატან, ისე, გეტყვი, მაგის გამოჩენა აქაც საშიშია და იქაც.
~გორგვალაი~ ხელში აიღო შიომ, თითქოს კიდეც ემძიმა, მაგრამ თავისი ლაბადა მონახა, _ და შიგ ჯიბეში ძალისძალად ჩაატია, ჯიბის კიდც ოდნავ ჩაიხა. `თობდი~ (საკეტი ქინძისთავი) მოუტანა მუსამ და შიომ ჯიბის პირი იმით მიაკავა-ჩაკეტა.
_ აქ იყოს, ჯობია, თან მექნება, არ მოვიცილებ.
_ შენ იცი... _ დაეთანხმა მუსა.
აი, ახლა უკვე, ნამდვილად შენს ხელთაა შემთხვევა, როცა შეგიძლია, არა ლამაზი სიტყვით, არამედ აწონილ-გააზრებული მოქმედებით, ესე იგი, საქმით, დაადასტურო საქართველოს სიყვარულიც და თუ დასჭირდა მისთვის თავიც გაიმეტო, _ აფრთხილებდა საკუთარ თავს შიო, ასეა... ვიდრე ყრმა ხარ დედა მკერდზე ახუტებულს, ან ზურგზე მოკიდებულს თან გატარებს. ხარ თავმიდებული დედის სხეულზე და გესმის მისი გულის აჩქარებული დანქა-დუნქი.
ერთხელ, ძროხა, რომელიც კოლმეურნეობის ფერმაში გარეკილი საქონლისაგან დარჩენოდა ოჯახს, და იმავე ოჯახის მიერ ჩაბარებულ ყანაში მოსაძოვად შესვლას ლამობდა, შეშინებულმა დედამ საბელით უკან მოქაჩა, ბალახდანატრებულმა პირუტყვმა დედაბერი ადვილად გაათრია. ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ფლატეზე დაგორდა. ნაშუადღევი იბო. ბავშვები სკოლიდან ბრუნდებოდნენ. შიომ თვალი მოჰკრა ხრამში დაცურებულ დედას. დააგდო იქვე ჩანთა და გადაეშვა. აკვნესებული მშობელი შიომ თავის ყმაწვილურ ზურგზე მოიკიდა, რათა შინ აეყვანა. ასეა საქართველოც, _ ფიქრობდა შიო, _ სანამ შეძლო, ახუტული გატარა, ახლა კი თავად უჭირს, კვნესის, შველას ეძებს, _ ახლა დრო დადგა, _ შენაც შეისვა უნდა იგი საკუთარ ზურგზე და ცოტაზე მაინც ატარო.
რას ჰქვია, ქრისტიანი ან მუსლიმანი? თუ სისხლით ქართველი ხარ, _ ესე იგი, ქართველი ხარ!
შემაზრზენი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემბღალავია, როცა გესმის, _ მუსლიმანის ქართველობა ვის გაუგონიაო.
3
შიო ართვინ-ბურსა-იზნიქ-ინეგოლელ ქართველებთან შეხვედრებს ყველაზე დაუვიწყარ მოვლენად თვლიდა თავის ცხოვრებაში, რაღაც ახალი, წმიდა რწმენა, სიყვარული, ენერგია და შთაგონება წამოიღო იქიდან, რა იყო ეს, რა სახელი ეწოდებინა ამისთვის, _ იმ გრძნობისთვის, იმ სიმართლისთვის და იმ დამალული, უხილავი, საიდუმლო საქართველოსთვის, რაც იქ ნახა? არ იცოდა, სულ, სულ გულში თან ატარებდა მუსა ბურსელის სახეს მისი ხმა, მისი ნათქვამი, ფირზე ჩაწერილივით, მასში იყო დაფიქსირებული და თვით ამის შეგნება და ამაზე ფიქრი კი,რ აღაც უთქმელ, ამამაღლებელ, სულისმოსათქმელ ჰავას და შუქს გამოსცემდა მის არსებაში.
მუსა, მუსა! მუდამ დარდიანი, მუდამ დაძაბული, ფუსფუსა, ნაღველმორეული, თვალებჩაღამებული, მაგრამ ღრმა შინაგანი სინათლით პირმონათებული, ხმელ-ხმელი, სუსტი, შავთვალება, ძუწღიმილიანი და ყოველი გაღიმებით სხვათა გულებში თითქოს მთელი გაზაფხულის მომყვანი! აი, ასეთი მუსა, მოგზაურობიდან ახალდაბრუნებულ შიოს სულ თვალწინ უდგას.
სურვილები, სათქმელები აწვალებდნენ. მასთან, მუსასთან საუბარი სწყუროდა, ჰოდა, თავისთვის თქვა, მოდი წერილს მივწერო მუსას; ზოგჯერ წერილით უფრო მეტს ეტყვი და გაუმხელ ნაცნობ-ახლობელს, ვიდრე შეხვედრითო. მალე ეს განზრახვა ისევ გადაიფიქრა, _ უამრავი სათქმელი იყო, ხოლო იმათი დაწერა და გაგზავნა შეუძლებლად ჩათვალა.
აქ _ ჩვენი ცენზურა, იქ, _ იმათი, არა არაფერი გამოვა.
შემდეგ კი თავის თავს უთხრა: მოდი მაინც დავიწყებ წერილს, გამოვიდეს რამდენიც გამოვა, გაგზავნა თუ არ მოხერხდა, იქნებ აქ გვესტუმროს ოდესმე და მაშინ გადავცემ, წაიკითხოსო.